მფლობელობა საბჭოთა სამართალში1080 2022.02.08
მფლობელობა საბჭოთა სამართალში

საბჭოთა სამართალში საკუთრებისა და მისი შინაარსის განმსაზღვრელი ელემენტები: 

მფლობელობის და მისი სარგებლობის ურთიერთმიმართება ადასტურებს ამ სისტემის „ორიგინალურობას“. რომის სამართლიდან მოყოლებული, მფლობელობას, როგორც ფაქტობრივ მდგომარეობას, საბჭოთა ცივილისტიკის მიერ განსაზღვრული იყო ერთი მხრივ, ამ შინაარსით მფლობელობის ფაქტობრივი დაუფლების მდგომარეობით, რომელიც ნივთზე ფიზიკური და სამეურნეო ზემოქმედების შესაძლებლობას იძლევა და მეორე მხრივ, საკუთრების პირის სამართლის ნორმებით განსაზღვრული შესაძლებლობა კანონით დადგენილ ფარგლებში ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის, ან სხვა უფლების ელემენტად — უფლებამოსილებად, რომელსაც სახელმწიფო საკუთრებასთან მიმართებით გაურკვეველი შინაარსის უფლებად არსებობაზე  საქ. სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 160 ჰქონდა პრეტენზია. საბჭოთა სამართალში მფლობელობის უფლებას არ გააჩნდა არც წმინდა სანივთო, არც წმინდა ვალდებულებითი ხასიათი. მიუხედავად კანონის მიერ მისი შინაარსის ზუსტად განსაზღვრისა და ამ უფლების აბსოლუტური სასარჩელო დაცვით უზრუნველყოფის, მისი ფარგლების დადგენაში სახელმწიფო, როგორც მესაკუთრეც აქტიურად ერეოდა და ამ უფლების სუბიექტს განკარგვის უფლებამოსილებას საკმაოდ უზღუდავდა. სახელმწიფოს ასეთი ქმედება მიზნად ისახავდა სანივთო უფლებათა ხელოვნურ უარყოფას, რომლიც მფლობელობის ცნებას მოიაზრებდა. შესაბამისად, ეს წარმოადგენდა მცდელობას ადამიანში არსებული კერძო მესაკუთრული გრძნობების შებოჭვის. საბჭოთა სახელმწიფოს მიერ დადგენილების მიღება, ასევე კერძო მესაკუთრული იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ სახელმწიფოს პოლიტიკას. კანონის ნორმატიულ ნებასთან დამოკიდებულებით მფლობელობა შესაძლოა იყოს მართლზომიერი, რომელიც ამა თუ იმ სამართლებრივ საფუძველზეა დამყარებული, და ასევე შეიძლება იყოს არამართლზომიერი, რომელიც დამყარებულია არაკანონიერ საწყისებაზე. მართლზომიერი მფლობელი მესაკუთრეა. სოციალისტურ საზოგადოებაში დამკვიდრებული საკუთრების ფორმების მიხედვით, შესაძლო მესაკუთრეთა შორის გამორჩეული, ხელისუფლებითი ხასიათის სუბიექტი იყო სახელმწიფო. სახელმწიფოს საკუთრებაში იყო მიწა, ბუნებრივი რესურსები, წარმოების ძირითადი საშუალებები მრეწველობაში, მშენებლობასა და სოფლის მეურნეობაში, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის საშუალებანი, ბანკები, ძირითადი საქალაქო საბინაო ფონდი. კოლმეურნეობების, კოოპერატივების, პროფკავშირებისა და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკუთრებაში მოქცეულ იყო საწესდებო ამოცანათა შესასრულებლად. საჭირო ქონება, რომლის შემადგენლობაში შედიოდა როგორც წარმოების საშუალებები და იარაღები, ისე მოხმარების საგნები. საბჭოთა სისტემაში მოქალაქეთა პირადი საკუთრება მოიცავდა მხოლოდ მოხმარების საგნებს, როგორიცაა საცხოვრებელი სახლი, საყოფაცხოვრებო, პირადი მოხმარების, კეთილმოწყობის, დამხმარე საოჯახო მეურნეობის საგნები, შრომითი დანაზოგი, რომელთა დანიშნულება მოქალაქეთა მატერიალურ და კულტურულ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება იყო. საბჭოთა სისტემაში მოქალაქის ქონების სამომხმარებლო თვისება საფუძველი იყო, რომ ამ ქონების ოდენობა შეზღუდულიყო და მისგან არაშრომითი შემოსავლის მიღება აკრძალულიყო, მაგალითად ერთად მცხოვრებ მეუღლეებს და მათ არასრულწლოვან შვილებს საკუთრებად შეიძლება ჰქონოდათ ერთი საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი. ასეთი ქონება დაბრკოლებას არ ქმნიდა სოფლად ან სააგარაკო ადგილას სახლის შეძენისათვის, რადგან პირველი საბინაო, ხოლო მეორე დასვენების მოთხოვნილებას აკმაყოფილებდა. მოქალაქის საკუთრებაში ერთზე მეტი საცხოვრებელი სახლის ან ბინის არსებობისას მესაკუთრე მოვალე იყო, ერთი მათგანი საკუთრებად დაეტოვებინა, ხოლო ზედმეტი, მასზე საკუთრების უფლების წარმოშობის დღიდან ერთი წლის განმავლობაში, გაესხვისებინა. წინააღმდე შემთხვევაში, ამ ქონებას იძულებითი ღონისძიებები ემუქრებოდა. ასევე, აღსანიშნავია, რომ მესაკუთრეს ეკრძალებოდა სამი წლის მანძილზე ერთზე მეტი სახლის ან ბინის გაყიდვა, რომ მას არ მიეღო არაშრომითი შემოსავალი. ამ მიზნით ასევე დაუშვებელი იყო იმავე ქონების სისტემატური გაქირავება. ამ წესის დამრღვევს კანონმდებელი ადგენდა, რომ ქონება უსასყიდლოდ ჩამოერთმეოდა. სახელმწიფო მესაკუთრის უფლებამოსილებას თავისი საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მეშვეობით ახორციელებდა. საბჭოთა სამოქალაქო სამართლებრივ დოქტრინაში დამკვიდრებული წესის თანახმად, სახელმწიფოს მიერ საკუთარი ორგანოებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული ქონების მესაკუთრედ კვლავ თვითონ რჩებოდა. აზრი იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ქონების მესაკუთრე სახელმწიფოსთან ერთად იყო საწარმო, უარყოფილ იქნა, რაც აიხსნებოდა იმ ფაქტით, რომ მათ შორის დაპირისპირების საფუძველი არ გამხდარიყო. საწარმოები და სხვა ამ ტიპის ორგანიზაციები სახელმწიფო ქონებას ფლობდნენ ოპერატიული მართვის უფლების საფუძველზე და არა როგორც მათი საკუთრების. ოპერატიული მართვის უფლებას კანონმდებელი განსაზღვრავდა, მის შინაარსს კანონით და მესაკუთრის ნებით განსაზღვრავდა. ოპერატიული მართვის უფლება სოციალისტური საკუთრების უფლების რეალიზაციის სამართლებრივ ფორმას წარმოადგენდა და დამოკიდებული იყო საკუთრების უფლებაზე. ოპერატიული მართვის უფლების მქონე პირებს სამართავად გადაცემოდათ ქონება განკარგვის შეზღუდული უფლებამოსილებით. ძირითად საშუალებები მოიცავდა მიწას, შენობა-ნაგებობებს, მოწყობილობებს. საბჭოთა სახელმწიფოში ეკონომიკური რეფორმის განხორციელების აუცილებლობამ მოითხოვა სახელმწიფო საკუთრების მართვის ახალი სამართლებრივი წესრიგის დამყარება. ამისთვის შეიქმნა ოპერატიული მართვის უფლებასთან შედარებით ფართო უფლებამოსილების მომცველი სრული სამეურნეო გამგებლობის ინსტიტუტი. მისი არსის გათვალისწინებით, მინიმუმამდე მცირდებოდა სახელმწიფოს ჩარევა მის ორგანოთა საქმიანობაში. კერძოდ, დაუშვებელი იყო სახელმწიფოს მიერ მათთვის გადაცემული ქონების ჩამორთმევა ან მსგავს სუბიექტებზე გადანაწილება. საბჭოთა სისტემაში სახელმწიფო ქონებაზე ბატონობას ახორციელებდა საკუთრების უფლების საფუძველზე, სახელმწიფო ორგანოები კი – ზემოხსენებულ უფლებებზე დაყრდნობით.  ანალოგიური ვითარება იქმნებოდა, როდესაც სახელმწიფო საკუთარ ქონებას უვადოდ ან განსაზღვრული ვადით, უსასყიდლოდ ან სასყიდლით გადასცემდა სხვა სუბიექტებს. საბჭოთა სამართალი მფლობელობით დაცვასთან დაკავშირებით ითვალისწინებდა მხოლოდ მართლზომიერ უფლებებზე დამყარებულ მფლობელობის დაცვას. საბჭოთა სამართლისთვის უცხო იყო რომის სამართლის მფლობელობითი (პოსესორული) პროცესი, რომელიც გულისხმობს ფაქტობრივი ბატონობის დაცვას განსაზღვრულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, იმ უფლებისაგან დამოუკიდებლად, რომლებსაც შეიძლება ეფუძნებოდეს მფლობელობა.საბჭოთა სამართალი მიიჩნევდა, რომ მფლობელობითი დაცვა არ გამომდინარეობდა საბჭოთა საზოგადოებრივი ცხოვრების მოთხოვნიდან და არ შეესაბამებოდა სამოქალაქო კანონმდებლობის განვითარების ტენდენციებს, სამოქალაქო სამართლის პროცესის პრინციპებს.

 

ავტორი: თამარ იმერლიშვილი, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი

 

გამოყენებული ლიტერატურა

1. ზარანდია თ, სანივთო სამართლის საფუძვლები, ,,საქართველოს მაცნე“, თბ., 2016
2. ზოიძე ბ, სანივთო სამართლის საფუძვლები, თბ., 2003
3. ზოიძე ბ, საკუთრების უფლების წარმოშობის წარმოშობის საფუძვლები ძველ ქართულ სამართალში, თბ., 2003
4. ნადარეიშვილი გ, რომის სამოქალაქო სამართალი, თბ., 2003
5. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ას-524-493, თბ., 2012
6. ქოჩაშვილი ქ, მფლობელობა და საკუთრება, ფაქტი და უფლება სამოქალაქო სამართალში, თბ., 2013

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.