სოციალური სახელმწიფოს პრინციპი3412 2022.02.12
სოციალური სახელმწიფოს პრინციპი

ადამიანისა და სახელმწიფოს მიზნობრივი ქმედობა აყალიბებს სწორედ ისეთ სახელმწიფოს, რომელიც მაქსიმალურადაა მორგებული ადამიანების ინტერესებზე. დემოკრატიულ სახელმწიფოებში ხელისუფლების წყარო არის ხალხი, შესაბამისად თითოეული ხელისუფლება მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ დააკმაყოფილოს საკუთარი მოსახლეობის ნება და კოლექტიური სიკეთის განაწილება არ მოხდეს მარტოოდენ თვითნებურად. სოციალური სახელმწიფოს პრინციპი კი არის ფუნდამენტი, რომლითაც უნდა შეიქმნას მშვიდი და სტაბილური გარემო.

სოციალური სახელმწიფო ტერმინოლოგიურად იგივეა რაც კეთილდღეობის სახელმწიფო, ოტო ფონ ბისმარკი კი იყო გერმანიის პირველი კანცლერი, რომელმაც შექმნა თანამედროვე კეთილდღეობის სახელმწიფოს პროგრამა პრუსიასა და საქსონიაში 1840-იან წლებში ბიზნესის მხარდაჭერით. ბისმარკმა შემოიღო ხანდაზმულთათვის პენსიები, დაზღვევა უბედური შემთხვევებისათვის და სამედიცინო დახმარება, რაც დაედო ბაზისად თანამედროვე ევროპული კეთილდღეობის სახელმწიფოს. ბისმარკის პატერნალისტურმა პროგრამებმა მოიპოვა გერმანული ინდუსტრიის მხარდაჭერა, რადგან მისი მიზანი იყო გერმანიის იმპერიისათვის მუშათა კლასის მხარდაჭერის მოპოვება და ემიგრანტთა გადინების შემცირება შტატებში, სადაც უფრო მაღალი იყო ანაზღაურება, მაგრამ აქ არ იყო კეთილდღეობის პრინციპი.

სოციალური სახელმწიფოს პრინციპი არის თანამედროვე სახელმწიფოების მიზანი, რადგანაც თითოეული ქვეყნის პრეროგატივაა მაქსიმალურად მოერგოს საზოგადოების საჭიროებებს და მიზნობრივად გადაანაწილოს კოლექტიური სიკეთე. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი ყველას აქვს უფლება ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, საცხოვრებლის, სამედიცინო და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია თვითონ მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, და უფლება უზრუნველყოფილი იყოს უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის, ქვრივობის, მოხუცებულობის ან მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო არსებობის საშუალებათა დაკარგვის სხვა შემთხვევაში. როგორც ვხედავთ, სოციალური სახელმწიფოს პრინციპი განმტიცებულია როგორც შიდასახელმწიფოებრივად, ისე საერთაშორისო-სამართლებრივ დეკლარაციებსა და კონვენციებში. უპირატესად მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ როდესაც ვსაუბრობთ სოციალური სახელმწიფოს პრინციპზე ჩვენ აქ არ ვგულისხმობთ იმას, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა გაათანაბროს თითოეული ადამიანის მატერიალური სიკეთე და მივიღოთ ტოტალური თანასწორობა, არამედ პირიქით, მნიშვნელოვანია შანსების თანასწორობის პრინციპის დანერგვა. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ განცდა იმისა, რომ მიიღებენ შესაბამის სოციალურ დახმარებას, განათლებას, სამედიცინო დახმარებას, პენსიას, ინფორმაციას საჯარო დაწესებულებიდან, სამართლიან მართლმსაჯულებას და ა.შ. ამ ყველაფრის მიღწევის  

გზა თავისთვად გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლება არჩეული უნდა იყოს დემოკრატიული არჩევნების გზით, შესაბამისად ეს უკანასკნელი ხალხის ნებიდან გამომდინარე იმოქმედებს, თუმცა არც ეს არის პანაცეა. რეალურად საჭიროა, რომ ხელისუფლება თვითნებურად არ ახორციელებდეს არსებითად თანასწორის უთანასწოროდ განხილვას და პირიქით.  თანასწორობის პრინციპი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არ გამორიცხავს დიფერენციაციას. ამავე დროს, თანასწორობის პრინციპი დარღვეული იქნება მაშინ, თუ კანონმდებელი დაადგენს დიფერენციაციას შანსების თანასწორობის თვალსაზრისით - შანსების თანასწორობა გამორიცხავს ნებისმიერ დიფერენციაციას. ჰიპოთეტურად, მაგალითი რომ მოვიშველიოთ, ვთქვათ ორ ახალგაზრდას სურს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გზით სასურველ უნივერისტეტში მოხვედრა, სახელმწიფო ხელისუფლების პოლიტიკა ამ მხრივ კი არის ისეთი, რომ მხოლოდ სოლიდური თანხის გადახდის გზით არის შესაძლებელი გამოცდებზე მონაწილეობის მიღება, ეს რეგულირება კი  ხელს შეუშლის ჩვენს მაგალითში მოყვანილ ერთ-ერთ ახალგაზრდას, რადგანაც მის ოჯახს არ აქვს შესაბამისი შემოსავალი, რათა უზრუნველყონ ამ უკანასკნელის განათლების მიღება. რაღა თქმა უნდა, ბანალურად რომ ითქვას ეს ყველაფერი უსამართლო შედეგს მოგვცემდა, რადგან მხოლოდ გარკვეული ქონებრივი ცენზის მქონე ადამიანებისათვის იქნებოდა განათლების მიღება ხელმისაწვდომი, სახელმწიფოს რეგულირება ამ მხრივ კი არათანაზომიერი. სწორედ ამ ყველაფრის პრევენციას ისახავს მიზნად სოციალური სახელმწიფოს პრინციპი. სახელმწიფოებმა თითოეულ სფეროში, რაზეც მათ ხელი მიუწვდებათ მაქსიმალურად უნდა უზრუნველყონ სოციალური საჭიროებები და კონკრეტული საკითხის გადაწყვეტა არ უნდა იყოს თვითნებური, უფლებების არათანაზომიერად შემზღუდველი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილების თანახმად სოციალური სახელმწიფოს პრინციპი ემსახურება უპირველესად უსაფრთხოების, ადამიანის ღირსების და თავისუფლების შენარჩუნებას. ამ თვალსაზრისით, ეს არის სახელმწიფოს მუდმივი მიზანი. ამიტომ ამ პრინციპის ძირითად არსს წარმოადგენს: 1)სოციალური უსაფრთხოების შექმნა; 2)სოციალური სამართლიანობის მიღწევა; 3)საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფა; 4)ზოგადი კეთილდღეობის დამკვიდრება საზოგადოებაში. თუმცა არსებობს საერთო შეთანხმება ამ პრინციპის რეალიზაციისთვის უკიდურესად აუცილებელი და საბაზისო ღონისძიებების პირველ რიგში გატარების აუცილებლობაზე, როგორიცაა: 1)სოციალური უფლებების კანონმდებლობით აღიარება, 2)ადამიანის უუნარობისა და სიღარიბის შემთხვევაში მისი ელემენტარული საარსებო (სასიცოცხლო) საშუალებებით უზრუნველყოფა. ამ თვალსაზრისით, სოციალური სახელმწიფოს პრინციპის პრაქტიკული რეალიზებისთვის სახელმწიფოს უპირობო ვალდებულებაა მუდმივი ძალისხმევა. აქ სახელმწიფოს არჩევანის უფლება არა აქვს, რადგან ამ საკითხებზე არჩევანის უფლება გულისხმობს სახელმწიფოს არჩევანს სოციალური სახელმწიფოს შექმნასა და ამ მიზანზე უარის თქმას შორის. შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს რეგულირების სფერო სოციალური სახელმწიფოს პრინციპის მიხედვით არ მოიცავს მხოლოდ 1 კონკრეტულ საგნობრივ მოწესრიგებას, არამედ აღნიშნული პრინციპის არსია ადამიანებისათვის ღირსეული ცხოვრების პირობებით უზრუნველყოფა, შესაბამისად, სოციალური სახელმწიფოს პრინციპი არ უნდა დარჩეს მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის მქონე დებულებებად, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების დროს უნდა 

 

იყოს შებოჭილი ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით, გარდა ამისა, არ უნდა გვქონდეს ადამიანებს განცდა იმისა, რომ სახელმწიფო არ ზრუნავს ადამიანების საჭიროებებზე, ამიტომაც სოციალური სახელმწიფოს პრინციპი უნდა იყოს სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების დროს მთავარი საზრუნავი სახელმწიფოსათვის, რათა ამ უკანასკნელმა დაიმსახუროს ნდობა და ჰქონდეს ლეგიტიმაცია.

 

ავტორი: გიორგი ბიძიშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი

გამოყენებული ლიტერატურა:

1)Boundless Political Science, The Welfare State, History of the Welfare State, ინტერნეტ წყარო - <https://courses.lumenlearning.com/boundless-politicalscience/chapter/the-welfare-state/> უკანასკნელად ნანახია 08/02/2022

2) საქართველოს კონსტიტუცია, მე-5 მუხლის პირველი პუნქტი, ლინკი ხელმისაწვდომია - https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=36

3) ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 25 პირველი პუნქტი, ლინკი ხელმისაწვდომია - https://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/aqtebi3.pdf

4)იზორია ლ., კორკელია კ., კუბლაშვილი კ., ხუბუა გ., საქართველოს კონსტიტუციის კომენტარები, ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, თანასწორობა, V. შანსების თანასწორობა, გვ 33

5)საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე N1/2/434 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების ქეთევან ერემაძის და ბესარიონ ზოიძის განსხვავებული აზრი

 

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.