„შრომის  სამართალი  და შრომითი ურთიერთობების შინაარსობრივი ანალიზი“1528 2022.02.16
„შრომის სამართალი და შრომითი ურთიერთობების შინაარსობრივი ანალიზი“

შრომის სამართალი, როგორც სამართლის დარგი, წარმოიშვა დასაქმებულის სპეციალური მდგომარეობიდან და დაცვის საჭიროებიდან გამომდინარე. ისტორიულად  შრომის სამართლის წარმოშობის წინაპირობა იყო 2 მხარეს შორის არსებული აშკარა ეკონომიკური უთანასწორობა ასახული შრომით ხელშეკრულებაში. 

  შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს  ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლის და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში.“ შრომის სამართლის მთავარი ფუნქციაა, კოლექტიური ურთიერთობის წახალისებით, რეაგირება მოახდინოს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებულ უთანასწორობაზე და შესაბამისად, შეზღუდოს იგი.          

  შრომის სამართალი არის სამართლებრივი ნორმების ერთობლიობა, რომელიც აწესრიგებს მუშაკთა შრომით ურთიერთობებს საწარმოსთან, დაწესებულებასთან ან ორგანიზაციასთან მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა. შრომის სამართალი ადგენს შრომის ხელშეკრულების დადებისა და მოშლის, შრომის დისციპლინის, შრომის დაცვისა და ანაზღაურების წესსა და პრინციპებს ქალთა და არასრულწლოვანთა შრომის თავისებურებათა გათვალისწინებით.  

   შრომის სამართალი წარმოადგენს კერძო სამართლის ერთ-ერთ განხრას. მის მოწესრიგების ფუნდამენტურ ობიექტს წარმოადგენს დამსაქმებლისა და დასაქმებულს შორის არსებული ურთიერთობები. როგორც წესი, შრომითი ურთიერთობები სინალაგმატური ხასიათისა ე.ი. იგი აღმოცენდება დასაქმებულის მხრიდან სამუშაოს შესრულებასა და დამსაქმებლის მიერ სამუშაოს ანაზღაურებასთან დაკავშირებით. შრომითი ურთიერთობების საკანონდმებლო მოწესრიგება მოცემულია საქართველოს შრომის კოდექსში, რომლის მეორე მუხლის პირველ ნაწილში საუბარია იმაზე რომ „შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ“. შრომითი ურთიერთობა ადამიანების მიერ თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებაა. აღნიშნული ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო შეთანხმებებით, სამოქალაქო კოდექსით, შრომითი კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით. ე.ი. შრომით ურთიერთობებს წყაროდ უდევენ შემდეგი ნორმატიული აქტები:

 

ა)საქართველოს კონსტიტუცია

ბ)საერთაშორისო ხელშკერულებები

გ)სამოქალაქო კოდექსი

დ)შრომითი კოდექსი და სხვა.

ნიშანდობლივია რომ, ერთმანეთისაგან განასხვავებენ  შრომითსამართლებრივ ორ გაგებას, ესენია ინდივიდუალური და კოლექტიური გაგება. აქედან პირველი მოიცავს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებულ ინდივიდუალურ სახელშეკრულებო ურთიერთობას, ხოლო კოლექტიურ შრომის სამართალზე იმას ვიტყვით რომ იგი აწესრიგებს დამსაქმებელსა (ან დამსაქმებელთა გაერთიანებას) და ერთ ან მეტ დასაქმებულთა გაერთიანებას შორის არსებულ ურთიერთობას.                                 

  როგორც აღინიშნა, შრომითი ურთიერთობები  წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობას.  მისი დარეგულირება იმპერატიული ნორმებითა და დანაწესებით ამავდროულად  სახელშეკრულებო თავისუფლების შებოჭვა დასაშვებია მხოლოდ დასაქმებულის საუკეთესო ინტერესზე ორიენტირებით. საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში მითითებულია, რომ შრომითი ხელშეკრულებით არ შეიძლება, განისაზღვროს შრომის კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ნორმები, რომლებიც აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას. 

  საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს 2010 წლის 17 ოქტომბრიდან აწესრიგებს შრომის კოდექსი. თუმცა შრომით და მის თანმდევ ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ასევე სხვა სპეციალური კანონმდებლობა და საერთაშორისო ხელშეკრულებები(მაგ. ევროპის სოციალური ქარტია, ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ კონვენცია და სხვა).  შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები  რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი) მაგალითისათვის პროფკავშირების შესახებ კანონი) წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. 

შრომითი ურთიერთობები შინაარობრივი თვალსაზრისით მიმართულია მხარეთა მინიმალური სოციალური  მოთხოვნების უზრუნველყოფისკენ.

    ამავდროულად, მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ ხაზი გავუსვათ  ასევე შრომითი ურთიერთობების მხარეებსა და მათ სამართლებრივ სტატუსს.  შრომით ურთიერთობებში ჩართულ და მონაწილე სუბიექტებზე საუბარია საქართველოს შრომის კოდექსის მესამე მუხლში, კერძოდ ამ მუხლის პირველ ნაწილში წერია რომ „შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი ან დამსაქმებელთა გაერთიანება და დასაქმებული ან დასაქმებულთა გაერთიანება, რომელიც შექმნილია „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №87 და №98 კონვენციებით გათვალისწინებული მიზნებითა და წესით (შემდგომ – დასაქმებულთა გაერთიანება). დამსაქმებლისა და დასაქმებულის ინტერპრეტაციას  იძლევა იგივე მუხლის მეორე და მესამე ნაწილი კერძოდ, „დამსაქმებელი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო“, ხოლო „დასაქმებული არის ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს“.

 
 

გამოყენებული ლიტერატურა:1.შველიძე ზ., საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული დასაქმებულის სამართლებრივი სტატუსის მახასიათებლები, შრომის სამართალი, სტატიათა კრებული I, რედ. ზაალიშვილი ვ., 2011, 106, შემდგომი მითითებით: Berenstein A., Mahon P., Switzerland, International Encyclopedia for Labour Law and Industrial Relations, Editor in Chief Blanpain R, Vol.13, The Hague. London. Boston, 2001, 30.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 29 იანვრის განჩინება ას-941-891-2015, (https://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/n90-mnishvnelovani-ganmarteba.pdf ).
3. ნაშრომი-„შრომის თავისუფლება, თანაბარი მოპყრობის პრინციპი და შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვა“ ს.ბარდანაშვილი, თბ.2021, გვ.13.
4.საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: (http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=22259 )
5. საქართველოს შრომის კოდექსი-(https://matsne.gov.ge/ka/document/view/1155567?publication=21)
6. ჟურნალი ჩემი ადვოკატი, სტატია-„შრომის ხელშეკრულების არსებითი პირობები“ თ. გაბისონია, 4 ოქტომბერი 2020წ.
7. (https://blh.com.ge/
8. ნაშრომი-„შრომის თავისუფლება, თანაბარი მოპყრობის პრინციპი და შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვა“ ს.ბარდანაშვილი, თბ.2021 გვ.12.
9. „შრომითი ურთიერთობები“ ს.ჩაჩავა,-(schroma broshura bolo.indd (myl.ge)
10. საქართველოს შრომის კოდექსი-(https://matsne.gov.ge/ka/document/view/1155567?publication=21)

 

ავტორი: არტურ ჩობანიანი, თ.ს.უ-ის იურიდიული ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი.

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.