საერთაშორისო სამართლებრივი მიდგომები შპიონაჟთან მიმართებაში795 2022.02.19
საერთაშორისო სამართლებრივი მიდგომები შპიონაჟთან მიმართებაში

ერთი შეხედვით მოცემული ტერმინი, შპიონაჟი, მარტივი გასაგებია და  მასთან მიმართებით წარმოშობილი სამართლებრივი პროცედურებიც შეიძლება მარტივად მოსაგვარებლად მოგვეჩვენოს, თუმცა არსებობს მთელი რიგი გარემოებებისა, რომელთა დადგენაც არის საჭირო ანტისახელმწიფოებრივი ქმედების განამახორციელებელი ინიდვიდისათვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად. ცალკე განხილვას საჭიროებს შპიონაჟის არსებული განმარტებები, რომლებიც ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ძირითადად მიემართება ომის დროს ჩადენილ ქმედებებს, რომელთა გამოყენებაც მშვიდობიანობის პერიოდში შეიძლება გაუმართლებელი აღმოჩნდეს.

დღეს-დღეობით არსებული ტექნოლოგიური წინსვლა სახელმწიფოებსა თუ მოქალაქეებს საშუალებას აძლევს ექსტერიტორიულად, არალეგალური გზებით მოიპოვონ ინფორმაცია, რაც თვით ჯაშუშობის მცნებას კიდევ უფრო ზრდის . საჭირო ხდება სახელმწიფო უშიშროების სამსახურების მიერ მოქალაქეებზე დაკვირვებასა და უკანონოდ ინფორმაციის შეგროვებას შორის ზღვრის გავლება, შეიძლება თუ არა ერთი და იგივე კანონმდებლობა პირად ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით მიესადაგოს როგორც საკუთარი ქვეყნის, ასევე სხვა სახელმწიფოს მოქალაქესაც. დროთა სვლასთან და ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად საერთაშორისო სამართალიც მუდმივ შესწორებებსა და გადამოწმებას საჭიროებს, ისეთი კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიც ჩვენი განსახილველი საკითხი, შპიონაჟია. 

აღსანიშნავია, რომ არსებული საერთაშიროსო სამართლებრივი პრაქტიკა ომის გარეთ, მშვიდობიანობის პერიოდში არსებულ შპიონაჟის გამოვლინებებს პირდაპირ არ აწესრიგებს. ამ თემის განხილვისას ძირითადად მაინც გაეროს წესდების განხილვა ხდება საჭირო , კერძოდ : 

მუხლი 2(1) : ორგანიზაცია დაარსებულია მისი ყველა წევრის სუვერენული თანასწორობის პრინციპით.

მუხლი 2(4) : გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა წევრი თავის საერთაშორისო ურთიერთობებში თავს იკავებს ძალის, მუქარის ან მისი გამოყენებისაგან როგორც ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ისე გაერთიანებული ერების მიზნებისათვის შეუფერებელი სხვა ნებისმიერი სახით.

საკუთრივ შპიონაჟის გამოყენება შეიძლება მოხდეს როგორც საკუთარი პოლიტიკის გასატარებლად ქმედებებით (აქტიურად), ასევე ინფორმაციის მოსაპოვებლად (პასიურად), რა თქმა უნდა, შპიონაჟი და ამ პრაქტიკის განმახორციებელი პირები უძველესი დროიდან არსებობდნენ, თუმცა მხოლოდ მე-2 მსოლფიო ომის შემდგომ მოხდა ამ საკითხის მოსაწესრიგებლად გარკვუელი ნაბიჯების გადადგმა, თუმცა ესეც არასრულყოფილად. ორი მსოფლიო ომის შემდეგ საერთაშორისო ასპარეზზე ყურადღება მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას მიეპყრო. 

შპიონაჟი არღვევს სუვერენულ სახელმწიფოთა უფელბებს და კონკრეტულ შემთხვევებში შესაძლებელია სწორედ ამ ძირითადი პრინციპების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დარღვევის საბაბი გახდეს, მიუხედავად ამისა საერთაშორისო ასპარეზზე მაინც არ არსებობს კონკრეტული შეთანხმებები ასეთი დავების მშვიდობიანად მოსაგვარებლად, რაც შესაძლებელია თვით განვითარებულ თუ განვითარებად სახელმწიფოთა პირადი ინტერესებიდან გამომდინარეობდეს. არსებული სამართლებრივი პრაქტიკით ძირითადი აქცენტი ომის პერიოდში მძევლად აყვანილ ჯაშუშებზე კეთდება , რომლებიც არ განიხილებიან სამხედრო ტყვეებად. ეს განსხვავება მკაფიოდაა ჩამოყალიბებული 1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის კონვენციაში, მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ. მოცემული მიდგომის გასამყარებლად ჟენევის კონვენციას დაემატა ოქმი №1, რომელშიც, ყველა სხვა დეტალთან ერთად, მეტწილად განსხვებულია სამხედრო პირი, რომელიც მოიპოვებს ინფორმაციას ომის პერიოდში და ჯაშუში. უნდა გვახსოვდეს , რომ მოცემული დებულებები მიმართულია ომიანობის პერიოდთან და მათი გამოყენება მშვიდობიანობის პერიოდში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ასევე აღსანიშნავია ის წინსვლა, რაც კაცობრიობამ გაიარა მოცემული დოკუმენტების მიღების შემდგომ და განსხვავება მე-20 საუკუნეში წარმოებულ შპიონაჟსა და 21-ე საუკუნეს შორის.

ერთის მხრივ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ომის დროს, კონფლიქტში ჩართული მხარეები სრულიადაც აღარ იცავენ ერთი-მეორის საერთაშორისოდ აღიარებულ სუვერენიტეტს, შესაბამისად არალეგალური მეთოდებით ინფორმაციის მოპოვება ნაკლებად სადავოა საერთაშორისო პრინციპებთან მიმართებაში, თუმცა მშვიდობიანობის დროს ეს დავა სრულიად სხვა სახეს იღებს. 

ნიკარაგუას საქმე ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში მნიშვნელოვანია როგორც ჯაშუშებთან, ასევე ზოგადად სახელმწიფოთა სუვერენიტეტის დაცვის პრინციპთან მიმართებაშიც. ამ სასამართლო გადაწყვეტილებით აშშ-ს დაედო ბრალი ნიკარაგუის ტერიტორიაზე პარტიზანების მხარდაჭერისათვის, ნიკარაგუის აკვატორიული საზღვრების დარღვევისათვის, მის ტერიტორიაზე ამერიკელი ჯაშუშების გადასმისათვის და სხვა . 

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მოცემულ სასამართლო პროცესამდე არსებობდა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია №3314, რომელშიც ჩამოყალიბებული იყო აგრესიის სახეები, თუმცა ამ საქმის განხილვის შემდეგ მოცემული რეზოლუციის განმარტების ფარგლები კიდევ უფრო გაფართოვდა. აგრესიის გამოვლინებად აღიარებულ იქნა არამარტო პირდაპირი ჩარევა სახელმწიფოთა სუვერენიტეტში, არამედ მისი არაპირდაპირი დარღვევაც, ისეთი ქმედებებით როგორიცაა სხვა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებული აგრესორების დაფინანსება, მათი მომარაგება სურსათ-სანოვაგით,საკუთარი ჯაშუშების გადასმა სხვა ქვეყნის დესტაბილიზაციისათვის და სხვა.

არანაკლებ ყურადსაღებია ინდოელი ქულბიუშან ჯადჰავის საქმე, Jadhav (India v. Pakistan) მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში. 2016 წელს პაკისტანში აყვანილ იქნა ინდოეთის მოქალაქე, ყოფილი სამხედრო მოხელე, რომელსაც საკუთარი საჯარო საქმიანობა უკვე ოფიციალურად დატოვებული ჰქონდა. მას დაედო ბრალი შპიონაჟში და სიკვდილი მიესაჯა. ინდოეთმა გაასაჩივრა რა მოცემული გადაწყვეტილება, მიმართა ICJ-ს და მოახერხა პაკისტანის სამხედრო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეყოვნება ვენის კონვენციის 36-ე მუხლზე მითითებით, რომელიც განამყარებს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე დაკავებული მოქალაქის უფლებას ჰქონდეს საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლობასთან, საკონსულო ორგანოსთან კავშირი.

მართალია, პაკისტანის სამხედრო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება არ მომხდარა, ის მხოლოდ შეყოვნდა, მიუხედავად ამისა ინდოეთს მიეცა მეტი დრო საკუთარი მოქალაქის უკეთ დასაცავად. უპრიანი იქნება ვთქვათ, რომ ICJ-ს მოცემულმა გადაწყვეტილებამ საბოლოო ჯამში იმოქმედა თვით პაკისტანის საკანონმდებლო ორგანოზე, რომელმაც გააკეთა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც ჯადჰავს მიეცა საშუალება მოახდინოს სასამართლო გადაწყვეტილების აპელაცია. ამ საქმეში წარმოჩენილი ფაქტობრივი გარემოებები არ იქნა მიჩნეული საკმარისად, რათა დადგენილიყო ჯადჰავის დანაშაული, რითაც მოხდა ჯაშუშობის ბრალდების დროს მტკიცების ტვირთის დამძიმება და ადამიანის ძირითადი უფლებების კიდევ უფრო გამყარება.

21-ე საუკუნემ ყველა სიკეთესთან ერთად მრავალი პრობლემაც წამოჭრა, მათ შორის კიბერუსაფრთხოება. არსებობს განსხვავებული მოსაზრებები იმის შესახებ უნდა ჩაითვალოს თუ არა კიბერშეტევები და პერსონალური თუ სხვა ტიპის ინფორმაციების მოპოვება ელექტრონული ხელსაწყოების საშუალებით, დისტანციურად, სახელმწიფოთა სუვერენიტეტის შელახვად. იქმნება სამართლებრივი გაურკვევლობა საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაკვირვებასთან, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი საკუთარი მოქალაქეების ინფორმაციის შეგროვებასა და საკუთარ ტერიტორიაზე მყოფი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების მიყურადების შემთხვევებს შორის.

თითოეულ საერთაშორისო სამართლებრივ ნორმას წინ ყოველთვის შიდასახელმწიფოებრივი აქტები და ქვეყანათა შორის ჩამოყალიბებული opinio juris უსწრებს. ამ მხრივ გამოსარჩევია აშშ-ში 11 სექტემბრის ინციდენტის შემდეგ , მიღებული აქტი (Homeland Security Act), რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს აძლევს შესაძლებლობას მიიღოს შესაბმისი ზომები ქვეყნის უსაფრთხოებისათვის. სახელმწიფო უსაფრთხოების საზღვრები მოცემულ შემთხვევაში შესაძლებელია განიმარტოს როგორც ფიზიკური შეტევების თავიდან აცილებად, ასევე კიბერშეტევების წინასწარ აღმოფხვრად. 11 სექტემბრის ტერორისტულმა აქტმა, პრეზიდენტ ბუშს მისცა მოსახლეობის მხარდაჭერა მომავალი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად მიეღო ზემოთხსენებული აქტი, რომელიც ფაქტობრივად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აძლევს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, შეაგროვოს ინფორმაცია ინდივიდთა დაუკითხავად. აქვე აღსანიშნავია, კანადის უსაფრთხოების სამსახურთან მიმართებით მიღებული საკანონმდებლო აქტი (Canadian Security Intelligence Service Act). ზემოთხსენებული სამართლებრივი დოკუმენტის მე-12 მუხლი უსაფრთხოების სამსახურს აძლევს უფლებას საშიშროების შემთხვევაში იმოქმედოს არსებული საფრთხის შესამცირებლად იქნება ეს კანადის შიგნით თუ მის საზღვრებს გარეთ. 

ამავე თემას ეხმიანება ტალინის ინსტრუქციათა კრებული (Tallinn Manual), რომელიც განსაზღვრას ინტერნეტ-სივრცეში წარმოებული შეტევების სახეს, ხასიათს, მათ ძალის გამოყენებად დაკვალიფიცირებს შესაძლებლობებს და სხვა. მართალია, ის არ არის სავალდებულო ხასიათის, თუმცა სამომავლო განვითარებისათვის წარმოადგენს კარგ წინაპირობას. 

ჯაშუშობა იქნება ეს ფიზიკურად ინფორმაციის შეგროვება, გარკვეული პოლიტიკის გატარება სხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტში ჩარევით თუ კიბერუსაფრთხოების დარღვევა 21-ე საუკუნეში აქტუალური თემაა, რომელიც ხშირად ხდება სახელმწიფოთა შორის დავის საგანი, ხოლო მის მოსაწესრიგებლად კონსესუსით მიღებული შეთანხმება ჯერ-ჯერობით არ მოგვეპოვება. 

თვით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული ისეთი მიზნების მისაღწევად, როგორებიცაა : საერთაშორისო მშვიდობა, უსაფრთხოება, ქვეყანათა სუვერენიტეტში ჩაურევლობა თუ სხვა საკუთარ თავში მოიაზრებს ისეთი კონვენციებისა და შეთანხმებების ჩამოყალიბებას, რომლებიც ყოველდღიურობაში არსებული აქტუალური პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება სახელმწიფოებს. გაეროს წესდებაში არსებული დებულებები სახელმწიფო სუვერენიტეტისა და მასში ჩაურრევლობის შესახებ იძლევა ბუნდოვან განმარტებებს ჯაშუშობის სამართლებრივობასთან თუ არალეგალურობასთან მიმართებაში. ვერც ჟენევის კონვენცია გვაძლევს ჯაშუშობის ლეგალურობის ფარგლებთან დაკავშირებით ზუსტ ინფორმაციას, ის მხოლოდ საომარი პერიოდის დროს ხელთ ჩაგდებული ჯაშუშების პატიმრობის პირობებს აყალიბებს, რაც დღეს-დღეობით ამ გლობალური საკითხის მხოლოდ მცირედ ნაწილს წარმოადგენს. სახელმწიფოები ფაქტობრივად მოქმედებენ „ლეგალურია სანამ დაგიჭერენ“ პრინციპით, რაც უფრო მეტ პრობლემას ქმნის საერთაშორისო სამართლისათვის. 

ამდენად, საჭირო ხდება არსებული სიტუაციის გაუმჯობესების, მომავალი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და სახელმწიფოთა სუვერენიტეტის დაცვისათვის მოხდეს გლობალურად შეთანხმება ფიზიკური თუ კიბერუსაფრთხოების ფარგლებთან დაკავშირებით.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა: 
P. Jackson, L.V Scott, Understanding Intelligence in the Twenty-First Century Journeys in Shadows, London, 2004;
S. Chesterman, The Spy Who Came in From the Cold War: Intelligence and International Law, Michigan Journal of International Law, Vol.27, Issue 4, 2006;
United Nations, Charter of the United Nations, 24 October 1945, 1 UNTS XVI;
United Nations, Vienna Convention on Consular Relations, 24 April 1963;
International Committee of the Red Cross (ICRC), Protocol Additional to the Geneva Conventions of 12 August 1949, and relating to the Protection of Victims of International Armed Conflicts (Protocol I), 8 June 1977, 1125 UNTS 3;
ICJ- Military and Paramilitary Activities in and against Nicaragua, 27 June 1986;
ICJ – Jadhav (India v. Pakistan), 17 July 2019;
UN General Assembly, Definition of Aggression, 14 December 1974, A/RES/3314;
United States of America: Homeland Security Act of 2002 [United States of America], 107th Congress; 2nd Session, 25 November 2002;

Canada: Security Intelligence Service Act [Canada], R.S.C., 1985, c. C-23, 1985.\

Legislation on Kulbhushan Jadhav – EconomicTimes India – 17 June 2021 (https://economictimes.indiatimes.com/news/india/legislation-on-kulbhushan-jadhav-aimed-at-fully-implementing-icj-verdict-pakistan/articleshow/83615701.cms); 

 

 

ავტორი: ალექსანდრე კახაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი:

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე