თითოეულ ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება, რომელიც კონსტიტუციით გამტკიცებული ძირითადი უფლებებიდან ერთ-ერთი უმთავრესია. საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლი აწესრიგებს სიცოცხლის უფლებას: „ადამიანის სიცოცხლე დაცულია“. იბადება კითხვა: თუ ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება, აქვს თუ არა მას სიკვდილის უფლება? ამ კითხვას მივყავართ ევთანაზიის ინსტიტუტამდე. უპირველესად არსებითია, ზოგადად მიმოვილიხოთ, რას ნიშნავს ევთანაზია და მედიცინის მუშაკის დახმარებით განხორციელებული თვითმკვლელობა. ევთანაზია ბერძნული ტერმინია და ნიშნავს „კარგ სიკვდილს“, თანამედროვე მნიშვნელობით კი ეს არის ქმედება, რომელიც მიმართულია დაავადების ტერმინალურ სტადიაზე მყოფი პირის სიკვდილის განზრახ დაჩქარებისკენ, ან უიმედოდ დაავადებული ადამიანისათვის სიცოცხლის მოსპობისაკენ, რათა ის განთავისუფლდეს ტანჯვისგან. ევთანაზიას ხშირად უწოდებენ „მკვლელობას მოწყალებით - mercy killing”. ევთანაზია მორალურად გამართლებულად მიაჩნდათ სოკრატეს, პლატონს, სტოელებს, თუმცა ტრადიციული ქრისტიანული რწმენა გმობს ევთანაზიას, რადგან ის მოდის წინააღმდეგობაში ათ მცნებაში მკვლელობის აკრძალვასთან. აღსანიშნავია, რომ 1935 წელს ინგლისში დაასდა მოძრაობა, როდესაც ქილიკ მილარდმა დააარსა „ნებაყოფლობითი ევთანაზიის ლეგალიზაციის საზოგადოება“, რომელსაც შემდგომში ეწოდა „ევთანაზიის საზოგადოება“. აღნიშნული საზოგადოების კანონპროექტი დაგმობილ იქნა ლორდთა პალატაში 1936 წელს, ისევე, როგორც იმავე თემაზე 1950 წელს ლორდთა პალატაში წარდგენილი შუამდგომლობა. აშშ-ში ევთანაზიის საზოგადოება დაარსდა 1938 წელს. განასხვავებენ ნებაყოფლობით/ იძულებით, აქტიურ/ პასიურ, პირდაპირ/ არაპირდაპირ ევთანაზიას. მთელ მსოფლიოში საყოველთაოდ არის დაგმობილი იძულებითი ევთანაზია, ამიტომ განხილვის საგანია მხოლოდ ნებაყოფლობითი ევთანაზიის ლეგალიზაციის საკითხი. რაც შეეხება მედიცინის მუშაკის დახმარებით განხორციელებულ სუიციდს, ეს გულისხმობს პირის მიერ განხორციელებულ თვითმკვლელობას, რომელსაც ხელი შეუწყო სამედიცინო მუშაკმა შესაბამისი მედიკამენტის რეცეპტის გაცემით, ან ლეტალური დოზის მითითებით, რა დროსაც მედიცინის მუშაკმა იცოდა პაციენტის მიზნის შესახებ.
ევთანაზიის საკითხი სამართლის მეცნიერებაში დღემდე აზრთა სხვადასხვაობის საფუძველია. ევთანაზიისა და მედიცინის მუშაკის დახმარებით განხორციელებული თვითმკვლელობის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ სიკვდილის უფლებას ისევე იცავს კონსტიტუცია, როგორც ქორწინების, გამრავლებისა, თუ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმის, მისი შეწყვეტის უფლებებს. ამავდროულად, მათი მოსაზრებით თითოეულ ადამიანს, რომელიც იმყოფება დაავადების ტერმინალურ სტადიაზე, აქვს უფლება, რომ მისი ტაჯვა დაასრულოს სწრაფი და ღირსეული სიკვდილით. ამის საწინააღმდეგოდ კი ევთანაზიისა და მედიცინის მუშაკის დახმარებით განხორციელებული სუიციდის მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ თითოეულ ექიმს აქვს ჰიპოკრატეს ფიციდან მომდინარე მორალური ვალდებულება, რომ მის პაციენტს შეუნარჩუნოს სიცოცხლე. ამავდროულად, მათი მოსაზრებით, შეიძლება ბუნდოვანი გახდეს ზღვარი ევთანაზიასა და მკვლელობას შორის, ევთანაზიის ლეგალიზაცია იქნება გამიზნული ღარიბებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, რამეთუ ეს წაახალისებს სადაზღვეო კომპანიებს, შეწყვიტონ სიცოცხლე ფულის დაზოგვის მიზნით. საინტერესოა, რომ ლეგალურად არსებობს სამი სისტემა: პირველ სისტემას განეკუთვნება ქვეყანათა ის ჯგუფი, სადაც ევთანაზია შეფასებულია ჩვეულებრივ მკვლელობად; მეორე სისტემაში შემევალი ქვეყნები ევთანაზიისათვის შედარებით მსუბუქ სასჯელს აწესებენ; ხოლო მესამე სისტემას განკუთვნებულ ქვეყნებში ევთანაზია სრულად არის დეკრიმინალიზებული. აღსანიშნავია, რომ საქართველო განეკუთვნება მეორე სისტემას და საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ევთანაზია დასჯადი ქმედებაა, თუმცა ის მიეკუთვნება პრივილეგირებულ შემადგენლობათა ჯგუფს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლით წესრიგდება ევთანაზია - მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით. ქმედების ევთანაზიად კვალიფიკაციისათვის სახეზე აუცილებლად უნდა გვყავდეს მომაკვდავი ადამიანი, ქმედება აუცილებლად უნდა განხორციელდეს სპეციალური მიზნით, რაც მდგომარეობს მსხვერპლის ძლიერი ფიზიკური ტკივილისგან განთავისუფლებაში. ამავდროულად, არსებიათია სახეზე გვქონდეს მსხვერპლის დაჟინებული და ნამდვილი თხოვნა და არა - უბრალო თანხმობა. აღნიშნული ქმედების მოტივი უნდა იყოს მხოლოდ მომაკვდავისადმი სიბრალული. საქართველოს მსგავსად ევთანზია მაპრივილიგებულ შემადგენლობათა ჯგუფს არის მიკუთვნებული ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია, შვეიცარია. ევთანაზია ჩვეულებრივ მკვლელობად არის შეფასებული ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი, ინგლისი, საფრანგეთი; ხოლო სრულად დეკრიმინალიზებულია - ჰოლანდიაში, პერუში, ურუგვაისა და ბელგიაში.
ნიდერლანდებში ევთანაზია მიჩნეული იყო დასჯად ქმედებად 1973 წლამდე, ე.წ. პოსტმას საქმემდე. აღნიშნულ საქმეში ექიმი გერტრუიდა პოსტმა გასამართლდა დაავადების ტერმინალურ სტადიაზე მყოფი საკუთარი დედისათვის სასიკვდილო ინექციის ჩატარების გამო. სასამართლოს გადაწყვეტილებით ექიმს 12 წლიანი პატიმრობის ნაცვლად შეეფარდა ერთ კვირიანი პრობაცია და ერთკვირიანი პირობითი პატიმრობა. ამ და სხვა მსგავსი საქმის შემდეგ ნიდერლანდებში შეიმუშავეს ის პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ევთანაზია და ექიმის დახმარებით განხორციელებული თვითმკვლელობა არ დაისჯებოდა. საბოლოოდ ნიდერლანდებში ევთანაზია და სამედიცინო დახმარებით განხორციელებული თვითმკვლელობა გახდა სრულად ლეგალიზებული 2002 წლის 1-ლ აპრილს, 12 წლის ზემოთ მყოფი ჰოლანდიელი მოქალაქეებისათვის. აქტმა დააწესა შესაბამისი კრიტერიუმები, რომელთა დაცვა აუცილებელია ექიმების მიერ, რათა ქმედება ლეგალურ ევთანაზიად და სამედიცინო დახმარებით განხორციელებულ თვითმკვლელობად შეფასდეს. ამავდროულად, საგულისხმოა, რომ კანონის თანახმად, შესაძლებელია ევთანაზია ჩაუტარდეთ იმ ახალშობილებს, რომლებსაც აქვთ თანდაყოლილი გაუსაძლისი ფიზიკური ტანჯვა და არ არსებობს სხვა ალტერნატიული გამოსავალი, ამავდროულად, სახეზე უნდა იყოს მშობლების, ექიმისა და დამოუკიდებელი ექიმის თანხმობა. „გრონინგენის პროტოკოლი“ ეწოდება იმ კრიტერიუმთა მომწესრიგებელ აქტს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ევთანაზიის განხორციელება. აღნიშნული პროტოკოლი 2004 წლის სექტემბერში შეიმუშავა მედიცინის დოქტორმა, იურიდიული მედიცინის დოქტორმა - ედუარდ ვერჰაგენმა. 2020 წლის 16 ოქტომბერს ნიდერლანდების ჯანდაცვის მინისტრმა - უგო დე იონგემ, გამოაცხადა, რომ იგეგმებოდა ლეგალური სამედიცინო დახმარების გავრცელება დაავადების ტერმინალურ სტადიაზე მყოფ ბავშვებზე ერთიდან თორმეტ წლამდე.
აღსანიშნავია, რომ ავსტრიაში ევთანაზია დასჯადია, თუმცა იგი მიკუთვნებულია პრივილეგირებულ შემადგენლობათა ჯგუფს, თუმცა ავსტრიაში ლეგალურია თვითმკვლელობა მედიცინის მუშაკის დახმარებით. 2020 წლის დეკემბერში ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საკანონმდებლო ორგანო არღვევდა ფუნდამენტურ უფლებებს მედიცინის მუშაკის დახმარებით განხორციელებული თვითმკვლელობის აკრძალვით, რომელიც ისჯებოდა 5 წლით თავისუფლების აღკვეთით. საკონსტიტუციო სასამართლომ მთავრობას უბრძანა, რომ მოეხდინა აღნიშნული ქმედების დეკრიმინალიზაცია. 2021 წლის 23 ოქტომბერს კი ავსტრიის მთავრობამ დაანონსა 2022 წელს მედიცინის მუშაკის დახმარებით განხორციელებული თვითმკვლელობის ლეგალიზაცია. კანონპროექტის თანახმად თითოეულ შემთხვევას მეთვალყურეობას გაუწევს 2 ექიმი და დაწესდება 12 კვირიანი საცდელი პერიოდი, თუ პირი არ იმყოფება დაავადების ტერმინალურ სტადიაზე.
ავსტრიის მსგავსად გერმანიაშიც ლეგალურია თვითმკვლელობა მედიცინის მუშაკის დახმარებით, თუმცა დასჯადია ევთანაზია, კერძოდ, გერმანიაში 2015 წლის 6 ნოემბერს მოხდა მედიცინის მუშაკის დახმარებით განხორციელებული თვითმკვლელობის ლეგალიზაცია.
დიდ ბრიტანეთში ევთანაზია კლასიფიცირებულია როგორც ჩვეულებრივი მკვლელობა და საქმის გარემოებების მიხედვით შესაძლებელია დამნაშავეს შეეფარდოს უვადო თავისუფლების აღკვეთაც. 1961 წლის თვითმკვლელობის შესახებ აქტმა მოახდინა თვითმკვლელობის ლეგალიზაცია დიდ ბრიტანეთში, თუმცა აღნიშნული აქტის თანახმად დასჯადია თვითმკვლელობაში დახმარება. შემდგომში 2009 წლის აქტმა უფრო ფართოდ განმარტა დახმარებით განხორციელებული თვითმკვლელობა, როგორც დანაშაული. საინტერესოა ბრიტანეთში არსებული პრეცენდენტი, კერძოდ: დაიანა ფრითი იტანჯებოდა ნეირონების მძიმე დაავადებით და ის კისერსქვემოთ მთლიანად პარალიზებული იყო, ამიტომ დახმარების გარეშე მოქმედება არ შეეძლო. მან შუამდგომლობით მიმართა პროკურატურის დირექტორს, რათა თავისი ქმრისთვის დაერთოთ ნება, რომ დახმარებოდა მას თვითმკვლელობაში. ის ამტკიცებდა, რომ 1998 წლის ადამიანის უფლებათა აქტის თანახმად, არ უნდა დასჯილიყო ის პიროვნება, რომელიც თვითმკვლელობაში დაეხმარებოდა დაავადების ტერმინალურ სტადიაზე მყოფ ადამიანს. პროკურატურის დირექტორმა ფრითის მოთხოვნაზე უარი განაცხადა. ფრითიმ გადაწყვეტილება გაასაჩივრა ლორდთა პალატაში, გაერთიანებული სამაფოს უმაღლეს სასამართლოში, რომელმაც ასევე უარყო მისი პოზიცია. ფრითი გარდაიცვალა სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ორი კვირის შემდეგ, 2002 წლის 11 მაისს, 43 წლის ასაკში.
ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ დააკანონა პასიური ევთანაზია 2011 წლის 7 მარტს. იმავე გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა აქტიური ევთანაზიის უკანონობა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იყო დაკავშირებული არუნა შანბაუგის საქმესთან. არუნა შანბაუგი გახდა სექსუალური და სხვაგვარი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი 1973 წელს, ამ შემთხვევის შემდეგ კი იგი დარჩა ვეგეტატიურ სტადიაში. შანბაუგის მეგობარმა - პინკი ვირანმა შეიტანა სარჩელი შანბაუგისათვის სიცოცხლის გამახანგრძლივებელი სამედიცინო დახმარების შეწყვეტის თხოვნით და განაცხადა, რომ არუნას სიცოცხლის გაგრძელება არღვევდა მის უფლებას ღირსეული ცხოვრებისა. თავად ის საავადმყოფო, სადაც მკურნალობდა შანბაუგი, წინააღმდეგი იყო მისთვის სიცოცხლის გამახანგრძლივებელი სამედიცინო დახმარების შეწყვეტისა. უზენაესი სასამართლო საავადმყოფოს პერსონალს მიემხრო და განმარტა პასიური ევთანაზია. უზენაესმა სასამართლომ დაასკვნა, რომ მხოლოდ მშობლებს, მეუღლეს, ახლო ნათესავებს და ასეთის არ არსებობის შემთხვევაში - წარმომადგენელს (“next friend”) შეეძლოთ, რომ მიეღოთ გადაწყვეტილება სიცოცხლის გამახანგრძლივებელი სამედიცინო დახმარების შეწყვეტისა. როგორც სასამართლომ დაასკვნა, მოცემულ საქმეში ამგვარი წარმომადგენელი იყო საავადმყოფოს პერსონალი და არა შანბაუგის მეგობარი - ვირანი. საბოლოოდ არუნა შანბაუგი გარდაიცვალა 2015 წლის 18 მაისს პნევმონიით 42 წლის განმავლობაში კომაში ყოფნის შემდეგ.
ამავდროულად, საინტერესოა იტალიაში არსებული პრეცენდენტები ევთანაზიასთან დაკავშირებით: პიერჯორჯიო უელბიმ, რომელსაც აწუხებდა იშვიათი, ტერმინალური ტიპის კუნთოვანი დისტროფია, 2006 წელს მიმართა სასამართლოს, რათა მიეცათ მისთვის მედიცინის მუშაკის დახმარებით განხორციელებული თვითმკვლელობის უფლება. უელბის გარდაცვალების შემდეგ, რაც მოხდა მას შემდეგ, რაც მისმა ანესთეზიოლოგმა - მარიო რიჩიომ გაუთიშა მას აპარატი, რიჩიოს ბრალი დაედო შეთანხმებით განხორციელებული მკვლელობაში. რიჩიო საბოლოოდ უდანაშაულოდ ცნო სასამართლომ და მოუწოდა საკანონმდებლო ორგანოს, რომ დაეკანონებინა პასიური ევთანაზია (აპარატის გათიშვა, როდესაც ის ხელოვნურად ახანგრძლივებს პირის სიცოცხლეს). საინტერესოა იტალიაში არსებული კიდევ ერთი პრეცენდენტი, როდესაც 2008 წლის ივლისში სასამართლომ ნება დართო ბეპინო ენგლაროს, რომ გაეთიშა მისი ქალიშვილის - ელუანასთვის მილები, რომლითაც ხელოვნულად მიეწოდებოდა მას საკვები. 1992 წელს ელუანა მოჰყვა ავარიაში და აღნიშნული შემთხვევის შემდეგ ის დარჩა ვეგეტატიურ სტადიაში, ანუ, კომაში. პრემიერ მინისტრმა - სილვიო ბერლუსკონიმ გამოსცა გადაუდებელი განკარგულება, რომლითაც იგი ავალდებულებდა საავადმყოფოს, რომ გაეგრძელებინათ ელუანას ხელოვნური გამოკვება, თუმცა პრეზიდენტმა ნაპალოტონომ უარი თქვა აღნიშნულ განკარგულებაზე ხელის მოწერაზე. ელუანა გარდაიცვალა მანამ, სანამ მიიღებდნენ კანონს, რომელიც ექიმებს უკრძალავას, რომ შეუწყვიტონ პაციენტს ხელოვნური კვება. იტალიაში ევთანაზიაც და მედიცინის მუშაკის დახმარებით განხორციელებული თვითმკვლელობაც არის დასჯადი.
იაპონიას არ აქვს რაიმე კონკრეტული კანონი, რომელიც კრძალავს ევთანაზიას, თუმცა მედიცინის მუშაკის დახმარებით თვითმკვლელობა არის სისხლის სამართლის დანაშაული. იაპონიაში „ღირსეული სიკვდილის“ უფლება ასოცირდება პასიურ ევთანაზიასთან. ძალზედ საინტერესოა ტოკიოს საუნივერსიტეტო საავადმყოფოს საქმე: 1995 წლის 28 მარტს იოკოჰომას რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო ექიმი, რომელმაც მიელომით დაავადებულ პაციენტს მისი ვაჟის თხოვნით შეუყვანა მედიკამენტთა ლეტალური დოზა, რამაც გამოიწვია პაციენტის გარდაცვალება. სასამართლომ დაადგინა ის პირობები, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ აქტიური ევთანაზია ჩაითვალოს ლეგალურად: 1. პატიციენტს უნდა ჰქონდეს აუტანელი ფიზიკური ტკივილი; 2. პაციენტის სიკვდილი არის გარდაუვალი; 3. ექიმმა გამოიყენა ყველა საშუალება იმისათვის, რომ შეეჩერებინა პაციენტის ტკივილი, მაგრამ ყველა საშუალება აღმოჩნდა ამაო; 4. აუცილებლად უნდა იყოს სახეზე პაციენტის ცალსახა თანხმობა საკუთარი სიცოცხლის შეწყვეტაზე. სასამართლომ დააწესა ასევე პასიური ევთანაზიის სტანდარტები, რაც იაპონიაში გულისხმობს მკურნალობის, ან სიცოცხლის ხელოვნურად გამახანგრძლივებელი მექანიზმების შეწყვეტას. ათი წლის შემდეგ იმავე სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება კოვასაკის საავადმყოფოს საქმეზე 2005 წლის 25 მარტს, აღნიშნული გადაწყვეტილებით დამნაშავედ იქნა ცნობილი სხვა ექიმი, რომელმაც პაციენტს გაუთიშა სასუნთქი მილი და ასევე, შეუყვამა მას წამლის მომაკვდინებელი დოზა, რის შემდეგაც პაციენტი გარდაიცვალა. არსებითი დეტალი, რის გამოც ექიმი ცნეს დამნაშავედ აღნიშნულ საქმეზე, იყო ის, რომ მას არ ჰქონდა თანხმობა თავად პაციენტისგან. ტოკიოს ზედა ინსტანციის სასამართლომ უცვლელად დატოვა მკვლელობად კვალიფიკაცია, თუმცა განაცხადა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს განმარტებები ევთანაზიასთან დაკავშირებით იყო პრობლემური, თუმცა მას არ გაუკეთებია ევთანაზიასთან დაკავშირებით ახალი განმარტებები. გადაწყვეტილება იქნა გასაჩივრებული უზენაეს სასამართლოში, თუმცა სასამართლომ საქმე დატოვა განუხილველად. განსხვავებული სასამართლო პრაქტიკიდან და განმარტებებიდან გამომდინარე, იაპონიაში ევთანაზიის საკითხი სადავო რჩება.
ლუქსემბურგი გახდა მესამე ქვეყანა ევროპაში, ნიდერლანდების და ბელგიის შემდეგ, რომელმაც დააკანონა ევთანაზია და მედიცინის მუშაკის დახმარებით თვითმკვლელობა. კანონი პარლამენტმა მიიღო 2008 წლის 19 თებერვალს და ამოქმედდა 2009 წლის აპრილში. კანონის თანახმად, ექიმები სარგებლობენ იურიდიული იმუნიტეტით, რომელიც იცავს მათ სანქციებისა და სარჩელებისაგან და აძლევს მათ უფლებას, ლეგალურად განახორციელონ ევთანაზია და დაეხმარონ პირებს თვითმკვლელობაში იმ შემთხვევაში, თუ პირი იმყოფება დაავადების ტერმინალურ სტადიაზე და ის თავად ითხოვს დაჟინებით ამას. მიუხედავად იმისა, რომ ლუქსემბურგის დიდმა ჰერცოგმა - ანრიმ უარი განაცხადა ევთანაზიისა და ექიმის დახმარებით თვითმკვლელობის ლეგალიზაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის ხელმოწერაზე, 2008 წლის 10 დეკემბერს პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის ძალითაც საერთოდ მოიხსნა მონარქის ხელმოწერის აუცილებლობა და აღნიშნული ცვლილებით შემცირდა მონარქის ძალაუფლებას.
ზემოთ განხილული უცხოური სასამართლო პრაქტიკა ძალზედ საინტერესოა ქართული სამართლის მეცნირებისათვის, რამეთუ ქართულ სასამართლო პრაქტიკაში ევთანაზიის პრეცენდენტები თითქმის არ გვხვდება. როგორც ზემოთ განხილული სასამართლო და საკანონმდებლო პრაქტიკა ცხადყოფს, ევთანაზიასთან დაკავშირებით ერთიანი ჩამოყალიბებული პოზიცია არ არსებობს და სწორედ ამის გამოხატულებაა ლეგალურად სამი სისტემის არსებობაც. ზემოთ განხილულ უცხოურ პრეცენდენტებთან და სასამართლო განმარტებებთან ერთად საინტერესოა ის საკითხი, თუ როგორ ფასდება ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში პაციენტისათვის აპარატის გამორთვა, რა დროსაც მისი სიცოცხლის შენარჩუნება ხდება ხელოვნურად. იურიდიულ ლიტერატურაში გაბატონებული მოსაზრებით, როდესაც აპარატით ხელოვნურად ხდება პირის სიცოცხლის გახანგრძლივება, ექიმი კი მას გამოურთავს აპარატს, რაც გამოიწვევს პირის გარდაცვალებას, ეს იურიდიულად არც ევთანაზიასაა მიკუთვნებული და არც მკვლელობას, ამდენად, როდესაც ადამიანის სიცოცხლის გაგრძელება აპარატის გარეშე შეუძლებელია, ექიმს აქვს საკუთარი შინაგანი რწმენის მიხედვით ხელმძღვანელობის და აპარატის გამორთვის უფლება. თუმცა, ამ შემთხვევაში ძალზედ საინტერესო და სადავოა ის საკითხი, არის თუ არა ამგვარი შემთხვევა პასიური ევთანაზია, რამეთუ ეს უკანასკნელი გულისხმობს დამხმარე თერაპიის, ან სიცოცხლის გამახანგრძლივებელი მექანიზმების შეწყვეტას. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ პასიური ევთანაზიის უფლებას ლეგალურად აღიარებს პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი, კერძოდ: „საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, წინასწარ წერილობით გამოხატოს ნება (თანხმობა ან უარი) უგონო მდგომარეობაში აღმოჩენისას ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის დაკარგვისას მისთვის სარეანიმაციო, სიცოცხლის შემანარჩუნებელი ან პალიატიური მკურნალობის ჩატარების შესახებ, თუ მითითებული გარემოებები გამოწვეულია: უკურნებელი დაავადების ტერმინალური სტადიით“. აქტიურ ევთანაზიასთან დაკავშირებით დავა უფრო მწვავეა, რამეთუ ამ შემთხვევაში მისი მოწინააღმდეგეები აპელირებენ ექიმის მორალურ ვალდებულებაზე, მედიცინის განვითარების პროცესის მუდმივობაზე: ის დაავადება, რომელიც დღეს უკურნებელია, შეიძლება რომ ხვალ განკურნებადი გახდეს და ა.შ.
მაშასადამე, ევთანაზიასთან დაკავშირებით იურიდიულ ლიტერატურაში აზრი ორად იყოფა. ევთანაზია მხოლოდ იურიდიული ფენომენი არ არის და მჭიდრო კავშირშია მედიცინის მეცნიერებასთან, სწორედ აქედან გამომდინარე ევთანაზიის მოწინააღმდეგეთა არგუმენტებში ხშირად ვხვდებით მითითებას ექიმთა მორალურ ვალდებულებებზე, ჰიპოკრატეს ფიცზე, პაციენტთა განკურნების სამომავლო პერსპექცივებზე და ა.შ. მეორე მხარეს კი დგას ადამიანის ღირსეული სიკვდილის უფლება, იმ შემთხვევაში, როდესაც მისი სიცოცხლე სხვა არაფერია, თუ არა ტანჯვა. მედალს ორი მხარე აქვს და თუ არსებობს სიცოცხლის უფლება, რომელიც ქვეყნის უზენაესი კანონით არის გარანტირებული, არსებობს თუ არა ღირსეული სიკვდილის უფლებაც? ყოველივე ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, ქართული კანონმდებელი თითქოს შუალედურ პოზიციას მიემხრო, რამეთუ ევთანაზია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის ძალით დასჯადი ქმედებაა, თუმცა კვალიფიციურ შემადგენლობათა ჯგუფს განეკუთვნება. ჩემი მოსაზრებით, რომელიც ზემოთ განხილული საერთაშორისო პრეცენდენტებითა და უცხოური სასამართლო განმარტებებით არის განმტკიცებული, ევთანაზია მრავლისმომცველი და რთული ფენომენია. მისი საკანონმდებლო მოწესრიგებისას გასათვალისწინებელია არაერთი დეტალი, ცალკე უნდა გამოიყოს და დეტალურად განიმარტოს ევთანაზიის იმგვარი სახეები, როგორიცაა აქტიური და პასიური ევთანაზია, ამავდროულად, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო მოწესრიგების მიღმა არ დარჩეს სუიციდი მედიცინის მუშაკის დახმარებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ევთანაზიის ამგვარი სრულყოფილი მოწესრიგება არ გვხვდება, რაც ქმნის ქმედებათა არასწორი კვალიფიკაციის ან კვალიფიკაციის მიღმა დატოვების საფრთხეებს. სამართლიანი სასამართლოს უფლებით მოქალაქეთა სრულყოფილად სარგებლობისა და მართმსაჯულების მიზნებისათვის უნდა მოხდეს ევთანაზიის დეტალური იურიდიული შესწავლა და მოწესრიგება საერთაშორისო და უცხოურ სასამართლო პრეცენდენტებსა და განმარტებებზე დაყრდნობით.
გამოყენებული ლიტერატურა:
ლეკვეიშვილი მ., მამულაშვილი გ., თოდუა ნ., სისხლის სამართლის კერძო ნაწილი წიგნი I, თბილისი, 2019, გვ. 81-84;
მარია კრამერი, კლერ მოზესი, „ნიდერლანდებმა ექიმებს ნება დართო, დაეხმარონ დაავადების ტერმინალურ სტადიაზე მყოფ ბავშვებს სიცოცხლის დასრულებაში“, nytimes.com, 2020 წლის 16 ოქტომბერი;
ნიდერლანდების მთავრობა, “Euthanasia, Assisted Suicide and Non-Resuscitation on Request“, government.nl, 2016 წლის 22 ივნისი;
Guardian stuff; „ევთანაზიასა და დახმარებით განხორციელებული თვითმკვლელობის კანონები მთელ მსოფლიოში“, theguardian.com, 2014 წლის 17 ივლისი;
პაციენტთა უფლებების საბჭო, „თვითმკვლელობა დახმარებით და ღირსეული სიკვდილი - წარსული, აწმყო და მომავალი - ნაწილი III”, patientsrightscouncil.org 2016 წლის 22 ივნისი;
ბრაიან პოლანდი, „ევთანაზიის მომწესრიგებელი მოქმედი კანონი ნიდერლანდებში“, catholiceducation.org, 2003;
უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრი, „პედიატრების მოწოდება, დაასრულონ თანდაყოლილი განუკურნებელი და აუტანელი დაავადებით დაავადებული ახალშობილების სიცოცხლე“, umcg.nl, 2004 წლის 10 დეკემბერი;
The locals, „ავსტრიის სასამართლო ადგენს, რომ დახმარებით განხორციელებული თვითმკვლელობა უნდა დაკანონდეს“, thelocal.com, 2020 წლის 12 დეკემბერი;
ბენ მაკპარტლანდი, „შემდეგი წლიდან ავსტრია მოახდეს თვითმკვლელობაში დახმარების ლეგალიზაციას“, thelocal.com, 2021 წლის 24 ოქტომბერი;
აბიგაილ აბრამსი, “Assisted Suicide Law in Germany Passes Despite Concerns over Nazi Association”, ibtimes.com, 2015 წლის 6 ნოემბერი;
ჰაინერ კიზელი, “Germany Seeks to Clarify Euthanasia Laws”, dw.com, 2012 წლის 8 აგვისტო;
კლერ დაიერი, “Diane Pretty Makes Final ‘Death with Dignity’ Plea” , theguardian.com, 2002 წლის 2 მარტი;
Crown Prosecution Service, “Policy for Prosecutors in Respect of Cases of Encouraging or Assisting Suicide,” cps.gov.uk, 2014 წლის ოქტომბერი;
In Brief, „რა არის იურიდიული პოზიცია დიდ ბრიტანეთში ევთანაზიასთან დაკავშირებით“, inbrief.co.uk, 2016 წლის 27 ივნისი;
სანდრა ლავილი, „დაიანა ფრითი სწორედ ისე კვდება, როგორი სიკვდილისაც მას ეშინოდა“, telegraph.co.uk, 2002 წლის 13 მაისი;
NHS Choices, „ევთანაზია და დახმარებით განხორციელებული თვითმკვლელობა“, nhs.uk, 8 ნოემბერი, 2014 წ.;
გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობა, “Coroners and Justice Act 2009,” legal.gov.uk, 2009 წ.;
ტაბასუმ ბარნაგარვალა, „სიცოცხლესა და სიკვდილს შორის 42 წლის განმავლობაში, არუნა შანბაუგი კვდება“, indianexpress.com, 19 მაისი, 2015 წ.;
BBC News, „ინდოეთის სასამართლომ უარყო არუნა შანბაუგის ევთანაზიის საჩივარი“, bbc.com, 7 მარტი, 2011 წელი;
The Hindu, “India Joins Select Nations in Legalising ‘Passive Euthanasia,’” thehindu.com, 7 მარ., 2011 წ.;
მარკ მაგნიერი, „ინდოეთის უზენაესი სასამართლო ადგენს ევთანაზიის სახელმძღვანელო პრინციპებს“, latimes.com, 8 მარ., 2011 წ.;
TNN & Agencies, “Aruna Shanbaug Case: SC Allows Passive Euthanasia in Path-Breaking Judgment,” timesofindia.indiatimes.com, 7 მარ., 2011 წ.;
J. Venkatesan, “Supreme Court Disallows Friend’’ Plea for Mercy Killing of Vegetative Aruna,” thehindu.com, 8 მარ., 2011 წ.;
BBC, „ევთანაზია: გაყოფილი კონტინენტი“, bbc.co.uk, 11 თებერვალი, 2009 წ.;
კორალინა ლოპეს კურზი, „ბოლომდე თავისუფალი: დროა ევთანაზიის კანონი მიღებულ იქნეს იტალიაში?“, liberties.eu, 4 თებერვალი, 2016 წ.;
ჯუნ ჰონგო, „ევთანაზია: არჩევანის დილემა“, japantimes.co.jp, 15 თებერვალი, 2014 წ.;
კაცუნორი კაი, „ევთანაზია და ღირსეული სიკვდილი იაპონურ სამართალში“, waseda.jp, მარ. 2009 წ.;
The Japan Times, „უმაღლესმა სასამართლომ უარყო ევთანაზიის აპელაცია“, japantimes.co.jp, 10 დეკემბერი, 2009 წ.;
ტომოჰირო ოსაკი, “U.S. ‘Death with Dignity’ Case Stokes Japanese Supporters and Opponents Alike,” japantimes.co.uk, 14 ნოემბერი, 2014 წ.;
AP, “Luxembourg Strips Monarch of Legislative Role,” theguardian.com, 11 დეკემბერი, 2008 წ.;
Le Gouvernement du Grand-Duchy de Luxembourg, „ევთანაზია და პალიატიური მზრუნველობა“, Luxembourg.public.lu, 28 აპრილი, 2015 წ.;
პაციენტთა უფლებების საბჭო, „ლუქსემბურგი“, patisrightscouncil.org (წვდომა 2016 წლის 22 ივნისს);
Tehran Times, „ლუქსემბურგი ხდება ევროკავშირის მესამე ქვეყანა, რომელმაც ევთანაზიის ლეგალიზება მოახდინა“, webarchive.org, 4 აპრილი, 2009 წ.;
https://euthanasia.procon.org/euthanasia-physician-assisted-suicide-pas-around-the-world/; შესვლის დრო: 20/02/2022;
https://euthanasia.procon.org/?fbclid=IwAR29-58jhWiMgOhAfMpqKJuRDEtAYA99UHriVN2cSI7N2JfiQmSizyaGXDU, შესვლის დრო: 20/02/2022;
https://www.britannica.com/topic/euthanasia, შესვლის დრო: 20/02/2022;
საქართველოს კონსტიტუცია, მე-10 მუხლი, https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=36;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, 110-ე მუხლი, https://matsne.gov.ge/ka/document/view/16426?publication=238;
პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონი, 24-ე მუხლი, https://matsne.gov.ge/ka/document/view/16978?publication=11.
ავტორი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი - გვანცა შონია.
საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა