კერძო და საჯარო სამართალი და მათი გამიჯვნა13685 2022.02.27
კერძო და საჯარო სამართალი და მათი გამიჯვნა

 

სამართლის განხრების გამორკვევა და მათი გამიჯვნა ერთმანეთისგან მუდამ წარმოადგენდა და წარმოადგენს ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს სტუდენტებისა თუ სამართლით დაინტერესებული პირებისათვის. კერძო და საჯარო სამართლის ერთმანეთისაგან გამიჯვნა ერთგვარ პრობლემასაც კი წარმოადგენს და ამისათვის რამდენიმე თეორიაც კი არსებობს. აღნიშნული თეორიებიდან თითოეულს დეტალურად მიმოვიხილავ და მათგან ყველაზე გამორჩეულ, ოპტიმალურ ვარიანტსაც კიდევ უფრო დაწვრილებით განვმარტავ. სამართალწარმოებაში ამ ორის გამიჯვნას დიდი დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ეს საკითხი ძირფესვიანად გვქონდეს გააზრებული. 

იქამდე, სანამ კერძო და საჯარო სამართლის გამიჯვნის თეორიებზე ვისაუბრებ, აუცილებლად უნდა დავახასიათო და განვმარტო სამართლის აღნიშნული მიმართულებები ცალცალკე. 

რას ნიშნავს კერძო სამართალი, როგორ ურთიერთობებს არეგულირებს ის და რა წარმოადგენს ამ ურთიერთობების საფუძველს? კერძო სამართალი, საჯაროს მსგავსად, სამართლის მიმართულებაა. ის, მარტივად რომ ვთქვათ, აწესრიგებს კერძო პირთა შორის წარმოშობილ ურთიერთობებს, რომლებიც მყარდება პირთა თავისუფალი ნების გამოვლენისა და სხვა პირებთან ურთიერთობის დამყარების სურვილის საფუძველზე (კერძო ავტონომია). მის მაგალითებად შეგვიძლია ჩამოვთვალოთ სხვადასხვა გარიგებები, მაგალითისთვის: ნასყიდობა, ჩუქება და ა.შ. აქვე უნდა შევეხოთ სამოქალაქო სამართალს, რომელიც კერძო ხასიათის (ქონებრივ, საოჯახო და პირად) ურთიერთობებს აწესრიგებს და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი კერძო სამართლის ხასიათსაც განსაზღვრავს. კერძო და სამოქალაქო სამართალს გარკვეული დროის განმავლობაში აიგივებდნენ, თუმცა დროთა განმავლობაში სპეციალური დარგების (შრომის, საკორპორაციო და ა.შ. სამართალი) წარმოშობის შედეგად ისინი სხვადასხვა ცნებებად ჩამოყალიბდა. კერძო სამართალი მოიცავს როგორც სამოქალაქო სამართალს, ისე სხვა, სპეციალურ დარგებს. სამოქალაქო სამართლის მნიშვნელობა მეტად დიდია, რადგან მასში არსებული ზოგადი ცნებები, ნორმები, საერთოა სრულიად კერძო სამართლისათვის, ესე იგი, სპეციალური დარგებისათვისაც. კერძო სამართალზე საუბრისას მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის აღნიშვნა, რაც კიდევ უფრო გამოკვეთს მისი მოქმედების სფეროს ბუნებას. ასეთად, მაგალითად, შეიძლება დავასახელოთ პირთა თანასწორობა. იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთობა ერთი მხარის ბრძანების საფუძველზეა დამყარებული, მას ვერ დაარეგულირებს სამოქალაქო სამართალი, რადგან ის არ არის დამყარებული პირთა თანასწორობაზე; ასევე აღვნიშნოთ პირადი ურთიერთობები, რომელთაც იცავს სამოქალაქო სამართალი (მოიაზრება სახელის, ღირსების, რეპუტაციის დაცვა) და სხვ.

რაც შეეხება საჯარო სამართალს, ის უფრო მეტად, ასე ვთვქათ, სახელმწიფოსათვის შექმნილ სამართალს წარმოადგენს. მასზე დაყრდნობით მოქმედებს სახელმწიფო და მისი ორგანოები. ეს წესები და კანონები შესაძლოა მოცემული იყოს როგორც კონსტიტუციაში, ისე სხვა საკანონმდებლო აქტებში. მათ საფუძველზე მყარდება საჯაროსამართლებრივი ურთიერთობები. საჯარო სამართლის შემადგენლობაში შედის: სახელმწიფო, კონსტიტუციური, ადმინისტრაციული, საბაჟო, საგადასახადო, საპროცესო სამართალი. ასევე სისხლის სამართალი ეკუთვნის საჯარო სამართალს, თუმცა დღესდღეობით მას ხშირად სამართლის ცალკე სახედ მოაზრებენ. თავის მხრივ აღნიშნული მიმართულებებიც ერთგვარ სტრუქტურად იშლება, მაგალითად, ადმინისტრაციული სამართლის ნაწილებია: საპოლიციო, სასოფლო სამეურნეო, საპოლიციო, საეკლესიო, სამშენებლო სამართალი და ა.შ. საინტერესოა საეკლესიო სამართალი, ამიტომ შევეხები და მოკლედ განვმარტავ მას: საეკლესიო სამართალი არეგულისრებს ურთიერთობას ეკლესიასა (როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის) და მის წევრებს შორის. 

ვინაიდან არსებობს ამ ორის გამიჯვნის პრობლემა, ლოგიკურია, მხოლოდ ზემოთ აღნიშნულს ვერ დავეყრდნობით. გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლოა ასეთი ურთიერთობები ერთმანეთთან იკვეთებოდეს (ესე იგი ისინი იზოლირებულნი არ არიან ერთმანეთისაგან), საჭირო გახდა მათი გამიჯვნის სხვადასხვა თეორიის ჩამოყალიბება და გათვალისწინება. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ამას განსჯადობის გადაწყვეტისას საპროცესო სამართალში. აქ ორი საკითხია დასაზუსტებელი:

  1. რომელი სამართლის ნორმა უნდა იყოს გამოყენებული;

  2. რომელმა სასამართლომ უნდა განიხილოს კონკრეტული დავა, სამოქალაქომ თუ ადმინისტრაციულმა. 

მაშ ასე, მიმოვიხილოთ კერძო და საჯარო სამართლის მიმართულებების გამიჯვნის თეორიებიდან ძირითადები: ინტერესების, სუბორდინაციის და სუბიექტების თეორიები. 

ინტერესების თეორია, როგორც თავად ტერმინი გვკარნახობს, ყურადღებას მხარის ინტერესის მნიშვნელობას ანიჭებს. კერძოდ, გადამწყვეტია გამოიკვეთოს უპირატესობა კერძო და საჯარო პირების ინტერესებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი თეორია შეიძლება პრაქტიკაში საკმაოდ გამართლებულიც იყოს, კრიტიკოსები ასახელებენ გარემოებებს, რომლებიც ეჭვს აჩენს ამ თეორიის სიზუსტეში: სახელმწიფომ შესაძლოა საჯარო ინტერესები დაიცვას კერძო სამართლის ინსტიტუტების მეშვეობით; ამის მსგავსად, კერძო პირებს აქვთ უფლებამოსილება, დაიცვან საჯარო ინტერესები კერძო სამართლის ფორმის გამოყენებით; მესამე და გასათვალისწინებელი ფაქტორია საჯაროსამართლებრივი ნორმების გამოყენების შესაძლებლობა კერძო ინტერესების დასაცავად. 

შემდეგი, სუბორდინაციის თეორია კერძო და საჯარო სამართალს შემდეგნაირად მიჯნავს: ურთიერთობები საჯარო სამართალში ურთიერთდაქვემდებარებაზეა დამყარებული, ხოლო კერძო სამართალში თანასწორუფლებიანობაზე. აქვე მცირე მაგალითით განვმარტოთ ურთიერთდაქვემდებარება ურთიერთობებში- სახელმწიფოს მიერ მოსახლეობაზე დაკისრებული გადასახადები მათი თანხმობის გარეშე; თუმცა ეს თეორიაც თავის მხრივ ხარვეზს ატარებს. ამ შემთხვევაში, ურთიერთდაქვემდებარება საჯარო სამართლის გარდა, კერძო სამართალშიც შეიძლება შეგვხვდეს. ანალოგიურად, საჯარო სამართალიც არ გამორიცხავს თანასწორუფლებიანობის საფუძველზე დამყარებული ურთიერთბების არსებობის შესაძლებლობას. 

მესამე და ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი არის სუბიექტების თეორია. ის სიმარტივითა და სიზუსტით გამორჩეული თეორიაა, რომელიც პრაქტიკაში საკმაოდ ხელსაყრელი და გამოსადეგი შეიძლება იყოს. და რას გულისხმობს ის? სუბიექტების თეორია, მარტივად რომ ვთქვათ, მნიშვნელობას ანიჭებს იმას, თუ როგორ გამოდის ურთიერთობაში პირი (გამოდის, როგორც საჯარო პირი, თუ კერძო პირი). მაგალითად, სახელმწიფო გადაწყვეტს შეიძინოს ინვენტარი დაწესებულებისათვის, ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღების პროცესი იქნება საჯარო სამართლის საკითხი, ხოლო გადაწყვეტილების შესრულების პროდურა, ესე იგი ინვენტარის შეძენა, კერძო სამართლის საკითხი, რადგან ის ისე დებს ნასყიდობის ხელშეკრულებას, როგორც ნებისმიერი კერძო პირი დადებდა. საბოლოოდ, სუბიექტების თეორიისათვის ყურადსაღებია პირის როლი, ფუნქცია ურთიერთობაში. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, სახელმწიფოს გარკვეული ურთიერთობები, როგორც ვხედავთ, შესაძლოა კერძო სამართალმა მოაწესრიგოს. 

სწორედ სუბიექტების თეორიაზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა სპეციალური სამართლის თეორია, რომლის მიხედვითაც საჯარო სამართალი სახელმწიფოსთვის ჩამოყალიბებულ სპეციალურ სამართლად მოიაზრება, ხოლო კერძო სამართალი- ზოგად სამართლად, რომელიც ყველასთვისაა განკუთვნილი. 

როგორც ვხედავთ, სამართლის მიმართულებები დაქსაქსულია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, შეგვეძლოს კერძო და საჯარო სამართლის მოქმედების არეალის გააზრება და მათი გამიჯვნა ერთმანეთისაგან. ეს შესაძლოა ერთგვარ სირთულეს წარმოადგენდეს, თუმცა ზემოთ განხილული სხვადასხვა თეორია საქმეს მეტ-ნაკლებად გვიმსუბუქებს, როდესაც საქმე აღნიშნული ორი მიმართულების გამიჯვნას ეხება. 



 

ავტორი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი- ნინო ჭონიაშვილი.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი. ლადო ჭანტურია. თბილისი. 2011. 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარები. რედაქტორი- ლადო ჭანტურია. თბილისი. 2017.

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე