ჰქონდა თუ არა რუსეთს სამხედრო ძალის გამოყენების უფლება უკრაინაში ?1744 2023.01.15
ჰქონდა თუ არა რუსეთს სამხედრო ძალის გამოყენების უფლება უკრაინაში ?

მშვიდობის შენარჩუნება, დღევანდელ მსოფლიოში კვლავ გამოწვევად რჩება. ამის ნათელი დასტურია რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სადაც აქტიურად მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები. თუმცა, გარდა სამხედრო ძალისა თანამედროვე რეალობაში ომის წარმოება სხვადასხვა ტექნიკურ/მატერიალური საშუალებებითაც შესაძლებელია. კერძოდ, ასეთ საშუალებას წარმოადგენს ინფორმაცია, რომლითაც არანაკლებ მძაფრი ომის წარმოებაა შესაძლებელი, ვიდრე სამხედრო ძალით. ჩემს სიტყვებს ადასტურებს, აფრიკის კონტინენტზე, რუანდაში განვითარებული პროცესები, სადაც მედიის მიერ გავრცელებულ, დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის შემცველ ინფორმაციას  მოჰყვა რუანდაში არსებული ორი ტომს შორის- „ჰუტუ“ და „ტუტსი“- სისხლისმღვრელი დაპირისპირება, რასაც საბოლოოდ ad hoc ტრიბუნალის შექმნა და კონკრეტული პირების გასამართლება მოჰყვა საერთაშორისო დანაშაულების ჩადენისთვის. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ფარგლებში, პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გამავრცელებელი, არის თავად რუსეთი სახელმწიფო, რომელიც ცდილობს თავის ინტერესებს, როგორც ძალისმიერი მეთოდით ასევე საინფორმაციო ომით მიაღწიოს.

რუსეთი, 2022 წლის 24 თებერვლიდან, ცდილობს საკუთარი აგრესიის საერთაშორისო სამართლის ფარგლებში მოქცევას. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ცივილიზებულ სახელმწიფოებთან ურთიერთობებში, „სიტყვის შემსრულებლის“ იმიჯი საგრძნობლად დაზიანებული აქვს, ის მაინც ცდილობს თავისი ქმედებები საერთაშორისო სამართლის ფარგლებში განხორციელებას თუ არა მორგებას მაინც, რაც ნათლად გვაჩვენებს, რომ ისეთი „ტერორისტული სახელმწიფოსთვის“, როგორიც რუსეთია, კვლავ ანგარიშ გასაწევ ბერკეტად რჩება საერთაშორისო სამართალი. პრეზიდენტი პუტინი, გვთავაზობს 24 თებერვლის გამოსვლაში   ახსნას თუ რატომ იწყებს რუსეთი ე.წ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“. 

პრეზიდენტი პუტინი ასახელებს 3 შესაძლო არგუმენტს, სამხედრო ძალის გამოყენების: პირველი არგუმენტია, თავდაცვის თანდაყოლილი უფლების წარმოშობა, რომელიც განაპირობებს სამხედრო ძალის გამოყენებას. კერძოდ, პრეზიდენტი პუტინი მიიჩნევს, რომ უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებით, ნატოს მიახლოვებით რუსეთის საზღვართან საფრთხეს უქმნის რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას. მოცემული განმარტება, არ არის რელევანტური და წარმოადგენს პუტინის მხრიდან წინასწარი მიზნით გახმოვანებულ ვერსიას, რათა ერთი მხრივ- საერთაშორისო სამართლის კონკრეტული ნორმები მოარგოს საკუთარ შემთხვევას, მეორე მხრივ- გაავრცელოს მცდარი ინფორმაცია, რაც პროპაგანდის ნაწილია. საერთაშორისო სამართალში ძალის გამოყენებას არეგულირებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტია, რომლის 2 მუხლის, 4 ნაწილით გაეროს ყველა წევრი, თავისი საერთაშორისო ურთიერთობებში თავს იკავებს ძალის, მუქარის ან მისი გამოყენებისაგან როგორც ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ისე გაეროს მიზნებისათვის შეუფერებელი სხვა ნებისმიერი სახით. მოცემული ჩანაწერით, აკრძალულია ძალის ან მისი მუქარის გამოყენება სახელმწიფოების მიერ. თუმცა, არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, რომლის დროსაც შესაძლებელია ცალკეული სახელმწიფოს მხრიდან სამხედრო ძალის გამოყენება. გაეროს წესდების 51 მუხლის მიხედვით,  ზემოთაპელირებული 2(4) მუხლით აკრძალვა არ ვრცელდება ინდივიდუალურ და კოლექტიურ თავდაცვის უფლების დროს, როდესაც მოხდება შეიარაღებული თავდასხმა ორგანიზაციის წევრზე. გარდა ამისა, სამხედრო ძალის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც თუკი, გაეროს უშიშროების საბჭო გასცემს ნებართვას ამის შესახებ. პრეზიდენტი პუტინი, თავის გამოსვლაში აცხადებს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება, შესაბამისად ნატოს გაფართოება საფრთხეს უქმნის რუსეთის ხელისუფლებას. სწორედ ამიტომ, მას წარმოეშვება გაეროს 51 მუხლის ფარგლებში თავდაცვის უფლება. თუმცა, ფაქტია, რომ რუსეთის ტერიტორიაზე არ ხორციელდება საომარი მოქმედებები. არც უკრაინას და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის არცერთ წევრს არ განუხორციელებია შეიარაღებული თავდასხმა რუსეთზე, შესაბამისად მათ არ წარმოეშვებათ თავდაცვის თანდაყოლილი უფლება. მიუხედავად ამისა, რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილი საერთაშორისო სამართლის იურისტები პუტინის ამ განცხადებას განმარტავენ, რომ ტერორისტულ სახელმწიფოს წარმოეშვა მოსალოდნელი და აღსაკვეთი თავდაცვის უფლება, როგორც 2003 წელს  ნატოს, როდესაც განახორციელეს ერაყში სამხედრო ინტერვენცია. მოცემული საკითხი არის საერთაშორისო სამართლებრივად არარელევანტური, რადგან 1. მოსალოდნელი და აღსაკვეთი თავდაცვის უფლება საერთაშორისო სამართალში არ არსებობს, 2.  2003 წელს, ნატოს ინტერვენცია ერაყში, ეფუძნებოდა მტკიცებულებებს, რომლის მიხედვითაც დასტურდებოდა, რომ ერაყის პრეზიდენტს, სადამ ჰუსეინს ჰქონდა ქიმიური იარაღი და არსებობდა საფრთხე მისი გამოყენების. მაგრამ რუსეთისა და უკრაინის მაგალითი არ ეფუძნება მსგავს მოცემულობას. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული წარმოადგენს პრეზიდენტი პუტინის მიერ გავრცელებულ პროპაგანდისტულ ვერსიას. მეორე არგუმენტია,  კოლექტიური თავდაცვის უფლების საბაბით სამხედრო ძალის გამოყენება, რომელიც კვლავ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. კერძოდ, პრეზიდენტი პუტინის განცხადებით, დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებმა მიმართეს რუსეთს დახმარების თხოვნით, რაც რუსეთმა დააკმაყოფილა. მოცემული საკითხის შეფასებისთვის უნდა განვიხილოთ არის თუ არა, ზემოაღნიშნული ორი ერთეული- დონეცკი და ლუგანსკი, სახელმწიფო. საერთაშორისო სამართალში არის მკაფიოდ დადგენილი ელემენტები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ერთეული, რომ ვუწოდოთ სახელმწიფო. კერძოდ, ერთეულს უნდა გააჩნდეს: 

  • ტერიტორია, 

  • მუდმივი მოსახლეობა, 

  • მთავრობა, 

  • საერთაშორისო აღიარება.

აღნიშნული ელემენტებია საჭირო, რათა სახელმწიფო წარმოდგეს საერთაშორისო ურთიერთობებში, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტი. დონეცკი და ლუგანსკი აკმაყოფილებს ყველა კომპონენტს, გარდა ერთისა. მათ არ აქვთ საერთაშორისო აღიარება, რაც გამორიცხავს მათ სახელმწიფოებრიობას. ზემოაღნიშნული ერთეულები, მხოლოდ სცნო რუსეთის ფედერაციამ, შესაბამისად ზემოაღნიშნული ორი ერთეული, ვერ ჩაითვლება, როგორც სახელმწიფო. ამავდროულად, უნდა დადასტურდეს უკრაინის მიერ, დონეცკსა და ლუგანსკში თავდასხმის რეალურობა. უკრაინის მთავრობამ, სამხედრო ძალა უნდა გამოიყენოს ამ „სახლემწიფოების“ მიმართ, რომელსაც ადგილი არ ჰქონდა და არ დასტურდება. თუმცა, რომ მივიჩნიოთ დონეცკი და ლუგანსკი არის სახელმწიფო, ასევე უკრაინა სამხედრო ძალით თავს დაესხა მათ. რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია ამ შემთხვევაშიც კი არ აკმაყოფილებს საერთაშორისო სამართალს, კერძოდ ჩვეულებით კრიტერიუმებს საჭიროებისა და პროპორციულობის კომპონენტებში. გარდა ამისა, აუცილებელია ყურადღება გავამახვილოთ ხალხის თვითგამორკვევის უფლებაზე, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა მათ მიენიჭოთ „დედასახელმწიფოსგან“ გამოყოფისა და ცალკე ქვეყანად ჩამოყალიბების უფლება. აღნიშნულ უფლებას ეწოდება სეცესია, რომელიც მოქმედებს მხოლოდ ორ შემთხვევაში: 

  • დეკოლონიზაციის პროცესი, 

  • როდესაც მთავრობა სახელმწიფოში ხალხს არ აძლევს საშუალებას აირჩიოს და განავითაროს პოლიტიკური სტატუსი, ეკონომიურად, სოციალურად, კულტურულად, რაც აუცილებელია ადამიანებისთვის. 

თუმცა, დონეცკისა და ლუგანსკის შემთხვევაში, არცერთ შემთხვევას არ ჰქონდა ადგილის, შესაბამისად სეცესიის უფლებით ცალკე სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შემთხვევა უსაფუძვლოა.  მესამე არგუმენტია, ჰუმანიტარული ინტერვენცია, რათა შეაჩეროს რუსეთმა, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსი მოქალაქეების გენოციდი. თუმცა, ჰუმანიტარული ინტერვენციით სამხედრო ძალის გამოყენება დაგმობილია საერთაშორისო სამართლის იურისტები მხრიდან, შესაბამისად აღნიშნული არგუმენტიც არაა ავთენტური რუსეთის მიერ ძალის გამოყენების გასამართლებლად. 

ზემოთ წარმოდგენილი სამივე არგუმენტი, მიზეზი, რომლითაც პრეზიდენტი პუტინი ცდილობს ახსნას ძალის გამოყენების ლეგიტიმურობა წარმოადგენს საერთაშორისო სამართლებრივ აბსურდს და მიზანმიმართულად, გავრცელებულ პროპაგანდას, რომელთან ბრძოლაც საკმაოდ რთულია, რადგან მოსახლეობას ნაკლებად აქვს ცოდნა, საერთაშორისო სამართლის კუთხით და ასევე ინფორმაციის გადამოწმების უნარებს არ ვფლობთ, რაც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. 

 

ავტორი: გიზო ქემერტელიძე 

 

წყაროები:

რუანდას გენოციდის საქმე: http://millab.ge/ka/case-study/magaliti-1-ruandas-genocidis-saqme/23
ევროპული პარლამენტის დეკლარაცია, რომლითაც აღიარებულია რუსეთი, როგორც ტერორისტული სახელმწიფო: https://www.europarl.europa.eu/news/en/press-room/20221118IPR55707/european-parliament-declares-russia-to-be-a-state-sponsor-of-terrorism
პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის, 2022 წლის 24 თებერვლის გამოსვლა:   https://www.youtube.com/watch?v=1qS6J-WbTD8
პრეზიდენტი პუტინის გამოსვლა, წერილობითი ფორმატით: https://www.spectator.co.uk/article/full-text-putin-s-declaration-of-war-on-ukraine/გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება, მუხლი 2, 1945.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება, მუხლის 51, 1945
სტატია: „რუსეთის შეჭრა უკრაინაში: სამართლებრივი ასპექტები“, ბმული- https://www.inss.org.il/publication/russia-invasion-law/?fbclid=IwAR3CYZ1DWpLKW-Ouor34DGPrO1YRiU7PGVeyNa4uJ6sONons7KWt06tdUgY
 მარკო მილანოვიჩის სტატია, „რა არის რუსეთის სამართლებრივი გამართლება ძალის გამოყენებისთვის უკრაინის წინააღმდეგ?“ - ბმული:  

https://www.ejiltalk.org/what-is-russias-legal-justification-for-using-force-against-ukraine/?fbclid=IwAR3EzsdU1GDPoL48Nrw024i2iku5M2y8GUG93QdBpe7eE8RxcHPSV1FLKy4