იურიდიული პირის ცნება და ნიშნები 1076 2024.05.14
იურიდიული პირის ცნება და ნიშნები

სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მიხედვით:

იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

 

რა არის იურიდიული პირი?

სამოქალაქო სამართალში პირთა ორგანიზებული გაერთიანების გამოსახატავად - რომელსაც მართლწესრიგი სამართლის სუბიექტად მიიჩნევს - გამოიყენება იურიდიული პირის ცნება. ის არის პოზიტიურ-სამართლებრივი კონსტრუქცია.

 

იურიდიული პირი ორგანიზებული წარმონაქმნია, რომელიც შეიძლება ჩამოყალიბდეს მხოლოდ კანონით განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.

 

იურიდიული პირის ნიშნები

1. ორგანიზებული წარმონაქმნი -რაც გულისხმობს შიდა სტრუქტურის არსებობას, კონსტიტუციური აქტით დეკლარირებასა და სუბიექტის გეგმაზომიერების გამოვლენას

 

2. განსაზღვრული მიზანი - რაც გულისხმობს მიზანს, რისთვისაც იქმნება ეს სუბიექტი

 

3. საკუთარი ქონება - გულისხმობს იურიდიული პირის უნარს გააჩნდეს ქონება, რომელიც განცალკევებულია წევრთა პირადი ქონებისგან

 

4. დამოუკიდებელი ქონებრივი პასუხისმგებლობა - გულისხმობს კრედიტორების წინაშე პასუხისგებას თავისი ქონებით (და არა - მონაწილეების ქონებით)

 

5. საკუთრი სახელი - ფიზიკური პირის მსგავსად, სახელი იურიდიულ პირსაც გააჩნია, რაც საიდენტიფიკაციო როლს ასრულებს და ემსახურება სოციალურ მიზანს, ასევე, გამოხატავს პიროვნულობის უფლებას

 

6. გარიგებაუნარიანობა - გულისხმობს იურიდიული პირის მიერ გარიგების დადების უნარს

 

7. საპროცესო უფლებაუნარიანობა/ქმედუნარიანობა - გულისხმობს როგორც აქტიურ, ასევე პასიურ სასარჩელო უფლებაუნარიანობას (შეუძლია იყოს როგორც მოსარჩელე, ასევე მოპასუხე)

 

იურიდიული პირის ძირითადი მახასიათებლები უკვე განვიხილეთ, თუმცა შესაძლოა კითხვები მაინც დაგრჩეს.

კითხვების შემთხვევაში, ჩვენ დაგეხმარებით.