სამეწარმეო სუბიექტის რეგისტრაცია252 2025.03.28
სამეწარმეო სუბიექტის რეგისტრაცია

სამეწარმეო სუბიექტის რეგისტრაციის პროცედურა

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით:

სამეწარმეო საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს ინდივიდუალური მეწარმის ან სამეწარმეო საზოგადოების ფორმით.

 

სამეწარმეო საზოგადოებაა:

• სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს),

• კომანდიტური საზოგადოება (კს),

• შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს),

• სააქციო საზოგადოება (სს),

• კოოპერატივი.

 

რა დოკუმენტებია საჭირო სამეწარმეო საზოგადოების დასაფუძნებლად?

სამეწარმეო საზოგადოების დასაფუძნებლად აუცილებელია სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმება, რომელიც წერილობით ფორმდება და მას ხელს აწერს სამეწარმეო საზოგადოების ყველა დამფუძნებელი პარტნიორი.

 

რას შეიცავს სადამფუძნებლო შეთანხმება?

სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმება შეიცავს:

• წესდებას და

 

• ასევე, კანონით გათვალისწინებულ მონაცემებს (კერძოდ, სამეწარმეო საზოგადოების საფირმო სახელწოდებას, იურიდიულ მისამართს, საიდენტიფიკაციო მონაცემებს და სხვ.).

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მიხედვით:

მეწარმის რეგისტრაცია სავალდებულოა.

 

მეწარმის რეგისტრაცია მოიცავს:

• როგორც სახელმწიფო რეგისტრაციას,

 

• ასევე, საგადასახადო რეგისტრაციას.

მეწარმის რეგისტრაციას ახორციელებს მარეგისტრირებელი ორგანო.

მეწარმე წარმოშობილად მიიჩნევა რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

 

სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის წინაპირობა

სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინება:

 

• სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმება;

 

• სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი თითოეული პირის თანხმობა აღნიშნული ფუნქციის შესრულებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ნება გამოხატულია სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმებაში.

 

საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება დადგინდეს სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის სხვა წინაპირობებიც.

 

რეგისტრაციის პროცესში, ბევრი კითხვა ჩნდება.

კითხვების შემთხვევაში, ჩვენ დაგეხმარებით.