ვინ ახორციელებს ტერორიზმთან ბრძოლას საქართველოში1049 2012.10.19
ვინ ახორციელებს ტერორიზმთან ბრძოლას საქართველოში
ტერორიზმთან ბრძოლის საერთაშორისო პრაქტიკას რაღა თქმა უნდა საქართველოც აქტიურად უერთდება. კანონში – ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ გადმოცემულია ის ძირითადი და უმთავრესი პრინციპები, რომლის მიხედვითაც ხორციელდება ბრძოლა ამ საშინელი დანაშაულის წინააღმდეგ. ეს პრინციპებია: კანონიერება; ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა და პატივისცემა; ტერორიზმთან ბრძოლისას ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრიორიტეტულობა; პრევენციული ღონისძიებების განხორციელების პრიორიტეტულობა; სამართლებრივი, პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, პროპაგანდისტული, საინფორმაციო და სხვა შესაძლებლობების კომპლექსური გამოყენება; ტერორისტებთან მოლაპარაკების წარმოება ტერორისტული ხასიათისდანაშაულის მოსალოდნელი შედეგის თავიდან აცილების მიზნით; კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე ძალებისა და საშუალებების ერთიანი ხელმძღვანელობა; კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ტაქტიკისა და ტექნიკური საშუალებების, აგრეთვე აღნიშნული ოპერაციის მონაწილეთა შემადგენლობის გახმაურების დაუშვებლობა; ტერორისტული საქმიანობისათვის სასჯელის გარდაუვალობა.

ტერორიზმს მსოფლიოში უამრავი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ეწირება. სახელმწიფოები კი ცდილობენ გამოიყენონ ნებისმიერი რესურსი და საშუალება, მსხვერპლის თავიდან ასაცილებლათ და დამნაშავეთა დროული გამოვლენისთვის. როგორც პრინციპებიდანაც დავინახეთ, პირველ რიგში, მნიშვნელობა ენიჭება ადამიანების სიცოცხლის დაცვას, რაც ნებისმიერი შესაძლო მეთოდით უნდა განხორციელდეს. საქართველოში ტერორიზმთან ბრძოლას უშუალოდ ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც მთავარი ორგანოა ტერორიზმთან ბრძოლის ერთიან სახელმწიფო სისტემაში; შემდეგ მოდის საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; საქართველოს დაზვერვის სამსახური და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. ტერორისტული საქმიანობის შედეგად შექმნილი ექსტრემალური სიტუაციის დროს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით იქმნება ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბი, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარებისას, ტერორისტული აქტის აღკვეთის მიზნით ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიულ შტაბს უფლება აქვს მიიზიდოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა აუცილებელი ძალები და საშუალებები. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყოფენ კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარებისათვის აუცილებელ შეიარაღებას, სპეციალურ, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობისა და სხვა მატერიალურ საშუალებებს. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ოპერაციებისა, რომლებიც ხორციელდება ტერორისტული თავდასხმების დროს. ვრცლად ეს ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს კანონში ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ.

სხვა სიახლეები