რას ავალებს კანონი აღმასრულებელ ხელისუფლებას?2344 2012.10.20
რას ავალებს კანონი აღმასრულებელ ხელისუფლებას?
სახელმწიფოს ხელისუფლებას სამი უმნიშვნელოვანესი დანაყოფი გააჩნია, აღჭურვილი მკაცრად განსაზღვრული და ძირეული ფუნქციებით. ეს დანაყოფებია – საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება. სწორედ ეს ბირთვი არის პასუხისმგებელი ქვეყნის გამართულ მართვაზე. დღეს მსურს აღმასრულებელი ხელისუფლების ზოგიერთ ფუნქციაზე გესაუბროთ. საქართველოს მთავრობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფსაღმასრულებელი ხელისუფლების, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებას.

მთავრობა თავისი საქმიანობით პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წინაშე. მთავრობის უფლებამოსილებანი აღმასრულებელი ხელისუფლების სფეროში განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით. მთავრობა თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს სამთავრობო პროგრამით, რომელსაც ნდობას უცხადებს საქართველოს პარლამენტი. მათი საქმიანობა ხომ მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. მსურს მთავრობის ვალდებულებისა და პასუხისმგებლობების ვრცელი სია გაგაცნოთ, რომლის მიხედვითაც აღმასრულებელი ხელისუფლება ახორციელებს საქმიანობას. ის, კანონით განსაზღვრულ ფარგლებში:

  • კოორდინაციასა და კონტროლს უწევს სამინისტროებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობას, გარდა საქართველოს პროკურატურისა;
  • მტკიცებს სამინისტროების აპარატებისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებებს;
  • უფლებამოსილია გააუქმოს მინისტრებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა სამართლებრივი აქტები, გარდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის და საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გამოცემული სამართლებრივი აქტებისა;
  • თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახმელეთო ჯარების სარდალს;
  • სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურისა და სხვა სფეროებში ამტკიცებს სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას;
  • ახორციელებს საკანონმდებლო ინიციატივას და შეიმუშავებს სამთავრობო პროგრამას;
  • საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების შესაბამისად მონაწილეობს ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში;
  • უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური სივრცის ერთიანობას, ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლებას, კონკურენტუნარიანი და სტაბილური საინვესტიციო გარემოს ფორმირებას;
  • ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვას;
  • ახორციელებს საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობების რეგულირებას, შეიმუშავებს და საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტის მიღების შემდეგ უზრუნველყოფს მის შესრულებას, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
  • უზრუნველყოფს სახელმწიფო საშინაო და საგარეო ვალის მართვას;
  • უზრუნველყოფს მოქალაქეთა სოციალურ დაცვას;
  • შეიმუშავებს უმუშევრობის შემცირებისა და ლიკვიდაციის სახელმწიფო პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას;
  • უზრუნველყოფს ერთიანი სახელმწიფო საემიგრაციო და საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას;
  • უზრუნველყოფს განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სრულყოფას;
  • გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში უზრუნველყოფს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას;
  • ორგანიზებას უწევს ბუნებრივი რესურსების დაცვასა და რაციონალურად გამოყენებას;
  • საქართველოს პრეზიდენტის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, უზრუნველყოფს საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებულ ვალდებულებათა შესრულებას;
  • იღებს აუცილებელ ზომებს ქვეყნის თავდაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
  • უზრუნველყოფს საქართველოს სამხედრო ძალების ფინანსური საშუალებებით, საბრძოლო ტექნიკითა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვას;
  • იღებს ზომებს კანონიერების უზრუნველყოფის, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საკუთრებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, უზრუნველყოფს დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლას;
  • უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;
  • უზრუნველყოფს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;
  • ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.