1129
2012.11.29
რა იცით კანონზე – სახელმწიფო ვალის შესახებ?
სახელმწიფო რესურსების მართვაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სახელმწიფო ვალის აღების, მის განაწილები და გამოყენების წესებს, რომლებიც მოცემულია საქართველოს კანონში – სახელმწიფო ვალის შესახებ. დღეს მსურს სწორედ ამ კანონზე გესაუბროთ და მისი რამდენიმე, ძირიტადი დებულება გაგაცნოთ: – ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს მიერ სახელმწიფო ვალის აღებასთან, საშინაო და საგარეო კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემის უფლებამოსილების მინიჭებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სახელმწიფო ვალის დაფარვის ძირითად პრინციპებს. საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით განსაკუთრებული უფლება აქვს:
დადოს ხელშეკრულებები ეროვნული და სხვა კონვერტირებადი ვალუტით ფულადი სახსრების ვალად აღების შესახებ;
გამოუშვას მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები;
საქართველოსა და სხვა ქვეყნების საფინანსო ორგანიზაციებს მისცეს კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიები ეროვნული და სხვა კონვერტირებადი ვალუტით, რომელიც გამოეყოფათ საქართველოს ეკონომიკურ აგენტებს საკუთრების ფორმისა და სამეურნეო საქმიანობის მიუხედავად.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოსაშვები, უცხოურ კონვერტირებად ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ ნორმებს. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიის მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრება შესაბამისი წლის წლიური საბიუჯეტო კანონით. ასევე საქართველოს მთავრობა საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან გამოსათხოვი საფინანსო რესურსის მოცულობასთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობა მიმართავს საქართველოს პარლამენტს საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან გამოთხოვილი საფინანსო რესურსის სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვის თაობაზე. საქართველოს პარლამენტი აღნიშნულ საკითხზე თავის თანხმობას გამოხატავს დადგენილებით. სახელმწიფო საშინაო ვალის ფორმებია:
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები;
სხვა სავალო ვალდებულებები, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიიჩნია სახელმწიფო საშინაო ვალად და დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა.
სახელმწიფო საშინაო ვალიდან შემოსული, ეროვნული ვალუტით გამოსახული ფულადი სახსრები გამოიყენება:
ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარავად;
სახელმწიფო ბიუჯეტის მოკლევადიანი საკასო სხვაობის დასაფარავად.
რაც შეეხება კრედიტის დაფარვის ვალდებულებებს – სახელმწიფო ფინანსური ვალდებულება არის საქართველოს სუვერენული და აბსოლუტური ვალდებულებები ძირითადი თანხების დაფარვისათვის და დარიცხული პროცენტების გადახდისათვის, რაც უზრუნველყოფილია სახელმწიფოს მთელი აქტივებით. პროცენტების გადახდა და ძირითადი თანხების დაფარვა ხელშეკრულების შესაბამისად და ამ კანონის ფარგლებში უზრუნველყოფილია მუდმივი ასიგნებებით, რაც გრძელდება ფულადი ვალდებულებების სრულად დაფარვამდე. საქართველოს სახელით აღებული ფულადი ვალდებულებები ითვლება პრიორიტეტულ სავალო ვალდებულებებად, რაც გათანაბრებულია სახელმწიფო ბიუჯეტის დაცულ მუხლებთან. საკრედიტო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად სახელმწიფო ფინანსური ვალდებულება შესრულებულად ითვლება კრედიტორისათვის პროცენტების გადახდისა და ძირითადი თანხის დაბრუნებისთანავე. საშინაო და საგარეო კრედიტებისათვის გაცემული სახელმწიფო გარანტიები წარმოადგენს პირობით ვალდებულებებს იმ შემთხვევისათვის, თუ კრედიტის ამღები საკრედიტო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად უუნარო აღმოჩნდება დაფაროს კრედიტი შესაბამისი პროცენტებით. თუ რისკის ფონდის სახსრები არ არის საკმარისი საშინაო და საგარეო კრედიტებისათვის გაცემული სახელმწიფო გარანტიებიდან გამომდინარე სავალდებულო გადახდების განსახორციელებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დადგენილი წესით პარლამენტის წინაშე აყენებს საკითხს რისკის ფონდში არსებული დეფიციტის დაფარვის შესახებ. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო საშინაო ვალის მართვას უზრუნველყოფს მისი დაფარვის ორგანიზაციითა და აღრიცხვით, პროცენტის განსაზღვრითა და გადახდით, აგრეთვე სხვა ოპერაციების განხორციელებით.