1255
2013.01.26
როგორ იანგარიშება საარსებო მინიმუმი
საარსებო მინიმუმი არის ერთ მოსახლეზე სამომხმარებლო საქონლის ღირებულებითი გამოხატულება, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისად უზრუნველყოფს ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.საარსებო მინიმუმი საფუძვლად ედება სახელმწიფოს მიერ მიზნობრივი სოციალური პოლიტიკის გატარებას. მისი ფორმირებისა და გამოყენების პრინციპებს არეგულირებს საქართველოს კანონი საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ. აღნიშნული კანონის მიხედვით,საარსებო მინიმუმი არის სოციალური ორიენტირი, რომელიც გამოიყენება ა) მოსახლეობის ცხოვრების დონის ცვლილებათა ასახვისათვის; ბ) მოსახლეობის ნაკლებადუზრუნველყოფილი ნაწილის განსაზღვრისა და მიზნობრივი სოციალური პოლიტიკის გატარებისათვის; გ) ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის; დ) სოციალური პროგრამების, ეროვნული მეურნეობის განვითარების ისეთი მოდელის შესამუშავებლად, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა მოხმარების ნორმების ეტაპობრივ მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ნორმებთან. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) გაიანგარიშებს საარსებო მინიმუმის ღირებულებას, რომლის საფუძველზედაც დგინდება თანაფარდობა საარსებო მინიმუმსა და მინიმალურ შემოსავალს შორის.სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით სამომხმარებლო ფასების ზრდის შედეგად საარსებო მინიმუმსა და მინიმალურ შემოსავალს შორის თანაფარდობის გაუარესებისას გადაისინჯება მინიმალური შემოსავლის ოდენობა საარსებო მინიმუმთან დადგენილი თანაფარდობის აღსადგენად. სამომხმარებლო ფასების და ინფლაციის სტაბილიზაციის პირობებში მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების შესაბამისად მოხდება შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის ეტაპობრივი მიახლოება საარსებო მინიმუმთან. საარსებო მინიმუმი გაიანგარიშებანორმატიულ-სტატისტიკური მეთოდის საფუძველზე, მიმდინარე (შესყიდვის) საშუალო ფასების მიხედვით. ნორმატიული მეთოდის გამოყენებით ფორმირდება სასურსათო კალათა,რომელიც ითავალისწინებს კვების პროდუქტების მოხმარების მინიმალურ ნორმებს,ხოლო სტატისტიკური მეთოდით განისაზღვრება დანახარჯები არსასურსათო საქონელსა და მომსახურებაზე,რომელიც ითვალისწინებს მოხმარების ფაქტიურ დონეს.ფორმირებას საფუძვლად უდევს შრომისუნარიანი მამაკაცის სასურსათო კალათა. საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობას, ნორმებსა და ნორმატივებს ადგენს და აუცილებლობის შემთხვევაში გადასინჯავს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო.