3947
2013.02.08
რა უფლება–მოვალეობები გააჩნია პროკურატურას
პროკურატურის საქმიანობის ძირითად ასპექტებს და მის უფლება–მოვალეობებს განსაზღვრავს საქართველოს კანონი პროკურატურის შესახებ. აღნიშნული კანონის მიხედვით პროკურატურა კანონით დადგენილი წესით:
ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას;
სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას გამოძიების სტადიაზე;
კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს გამოძიებას;
ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას;
ამოწმებს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებს და ახორციელებს საპროცესო მოვალეობებს დაკავების ადგილებსა და პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთისა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს;
სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს, როგორც მხარე, და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას;
კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას;
სახელმწიფოს სახელით, როგორც მოსარჩელე, მონაწილეობს რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებში;
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას.
კანონით, ასევე, განსაზღვრულია ის ძირითადი პრიციპები, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს პროკურატურამ. ეს პრინციპებია:
კანონიერება;
ფიზიკური პირის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების დაცვა და პატივისცემა;
პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა;
ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;
ერთიანობა და ცენტრალიზაცია, ყველა ქვემდგომი პროკურორის და პროკურატურის სხვა მუშაკის საქართველოს იუსტიციის მინისტრისადმი დაქვემდებარება;
პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.
აკრძალულია პროკურატურისათვის ისეთი მოვალეობის დაკისრება, რომელიც გათვალისწინებული არ არის საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით..