856
2013.04.10
იუსტიციის სამინისტრო იპოთეკის სამართალზე მუშაობას ასრულებს
იუსტიციის სამინისტრო იპოთეკის სამართალზე მუშაობას ასრულებს. სპეციალურად ამ მიზნით შექმნილმა ჯგუფმა საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა, რომლებიც მოვალესა და თანხის გამსესხებელს შორის ურთიერთობის ახალ რეგულაციებს ითვალისწინებს. დოკუმენტი მთავრობას განსახილველად უახლოეს პერიოდში წარედგინება. იუსტიციის მინისტრის განმარტებით, საუბარია მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ახალ რეგულაციებზე. „ჩვენ შევქმენით ჯგუფი, რომელიც მუშაობს არა რომელიმე კონკრეტულ იპოთეკართან, რომელიმე კონკრეტულ მოვალესთან დაკავშირებით, არამედ, ზოგადად, კერძო იპოთეკარებისა და საფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის რეგლამენტირების მიზნით. ეს არის ინიციატივები, პრინციპები, თუ როგორ დარეგულირდეს ურთიერთობა სუსტ, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანსა და იპოთეკარს შორის, რათა ამ უკანასკნელს არ ჰქონდეს საშუალება, ისარგებლოს მისი უმწეობით და კაბალური პირობები დაუწესოს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრმა იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რომლებმაც იპოთეკური სესხების სამუშაო ჯგუფის შექმნა განაპირობა. მისი განცხადებით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 200 000-მდე საიპოთეკო ხელშეკრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ პრობლემა, სულ მცირე, 200 000 ოჯახს ეხება. იუსტიციის სამინისტრომ იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით მასშტაბური საინფორმაციო კამპანია დაიწყო; სატელევიზიო ბადეში განთავსდა ვიდეორგოლი, რომელიც იპოთეკური სესხებისაგან მომდინარე საფრთხეებს ააშკარავებს. რაც შეეხება კონკრეტულ მოვალეებს, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო მუშაობს იმ ადამიანების პრობლემებზე, რომლებიც უკვე დღეს დგანან სახლების იძულებით გაყიდვის ან იძულებითი გამოსახლების საფრთხის წინაშე. აღსრულების ბიურო ცდილობს, მევალეებთან მოლაპარაკების გზით შეუმსუბუქოს მდგომარეობა იმ მოქალაქეებს, რომლებსაც უსახლკაროდ დარჩენა ემუქრებათ.