1036
2013.04.11
სასამართლოში ქცევის წესები
სასამართლოში წესრიგის უზრუნველყოფას, ასევე საქმის განხილვის მიმდინარეობისას პროცესის მონაწილეთა და სხდომაზე დამსწრე პირთა მიერ დადგენილი ქცევის წესების დაცვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს შეუფერხებელი საქმიანობისათვის. სასამართლოში წესრიგი დაცვას უზრუნველყოფს სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო სხდომის დარბაზში – სხდომის თავმჯდომარე. სასამართლოში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ახორციელებს მანდატურის სამსახური. მანდატური უზრუნველყოფს მოსამართლეების, სასამართლო პროცესის მონაწილეებისა და მოწმეების უსაფრთხოებას, აღვეთს სამართალდარღვევას, ავლენს დამრღვევებს, აუცილებლობის შემთხვევაში აკავებს მათ და ადგენს შესაბამის ოქმს.
სასამართლოს შინაგანაწესით, შესაძლებელია, აიკრძალოს სასამართლოს შენობაში შესვლა პირადობის მოწმობის გარეშე, ხმაური, თვითნებური შეღწევა მოსამართლეებისა და სასამართლო აპარატის სამუშაო ოთახებში, სხდომის დასრულების შემდეგ დარბაზში დარჩენა და ა.შ
პროცესზე დაგვიანებული პირები სხდომის დარბაზში არ დაიშვებიან სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე.
სხდომის დარბაზის ფართობიდან გამომდინარე, შესაძლოა, მოსამართლემ შეზღუდოს დამსწრე პირთა რაოდენობა.
პირები, რომლებიც ესწრებიან სხდომას, ვალდებულნი არიან შეინარჩუნონ სიმშვიდე, ხელი არ შეუშალონ სასამართლოს საქმიანობას, გამორთონ მობილური ტელეფონები, შეასრულონ სხდომის თავმჯდომარისა და მანდატურის მითითებები.
აკრძალულია და იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება მოსამართლის საცხოვრებელ ადგილთან, სასამართლოსთან ანა მასთან 20 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე.
სხდომაზე წესრიგის დარღვევის, თავმჯდომარისადმი დაუმორჩილებლობის ან სასამართლოს უპატივცემულობის შემთხვევაში მოსამართლეს შეუძლია დააჯარიმოს ან დარბაზიდან გააძევოს პირი. თუ პირი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, მანდატური უზრუნველყოფ მის გაყვანას სასამართლოდან, შესაძლოა, მის მიმართ გამოყენებულ იქნეს ჯარიმა ან პატიმრობა. სხდომის დარბაზიდან გაძევებულ პირს არ აქვს უფლება დაესწროს პროცესს იმავე ინსტანციის სასამართლოში ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო განხილვის დასრულებამდე. თუმცა მხარის შუამდგომლობის შემთხვევაში მოსამსართლეს აქვს უფლება დააბრუნოს გაძევებული პირი. თუ სხდომაზე პირის ქმედება მიმართულია პროცესის ჩაშლისაკენ ან გამოხატავს უხეშ უპატივცემულობას მონაწილე მხარეების მიმართ, თავმჯდომარის მითითებით მანდატური აკავებს მას და ადგენს შესაბამის ოქმს. დაკავებული პირი დაკავებიდან 24 სააათის განმავლობაში წარედგინება სასამართლოს.