ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება779 2013.04.23
ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება
გარემოს დაცვის სამინისტრო ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას გამკაცრებული კონტროლის შესახებ ინფორმაციას აწვდის. "კოლხური ბზა ენდემური სახეობაა, არის კოლხური ტყეების ერთ-ერთი დომინანტი და უძვირფასესი სამერქნე მცენარე. იზრდება ძალზე ნელა და ხასიათდება არეალის შემცირების ტენდენციით, რისი უმთავრესი მიზეზიც სწორედ უკონტროლო ჭრაა. სწორედ ამის გამო, კოლხური ბზა შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში. გაცნობებთ, რომ კოლხური ბზის განადგურების რეალური საფრთხის არსებობიდან გამომდინარე, გარემოს დაცვის სამინისტროსა და სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით მკაცრდება კონტროლი ბზის მოჭრაზე და სამართალდამრღვევზე გავრცელდება კანონით დადგენილი სანქციები. კერძოდ: სამართალდამრღვევს ჯარიმა ეკისრება ყოველი მოტეხილი ტოტისათვის, რომელიც შესაძლოა, შეადგენდეს მიზერულ თანხას; თუმცა, გარემოზე მიყენებული ზიანის სიმძიმის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა მერყეობს 200-დან 600 ლარამდე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს გადააჭარბებს – აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ერთის მხრივ, ბზის მოჭრისაგან რეალიზაციის მიზნით და მეორე მხრივ, დიდი რაოდენობით ტოტების შეძენისაგან" – ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.