სარეკლამო SMS – ირღვევა თუ არა აბონენტის უფლებები?1196 2013.04.24
სარეკლამო SMS – ირღვევა თუ არა აბონენტის უფლებები?
ყოველდღიურად თითოეული ჩვენგანი არაერთ სარეკლამო შეტყობინებას იღებს მობილურ ტელეფონზე, მათ შორის ისეთი კომპანიებისაგან, რომლებთანაც შეხება არასდროს გვქონია. კომპანიები ასეთ სერვისს უშუალოდ მობილური ან კერძო კომპანიებისგან ყიდულობენ. ბევრ მომხმარებელს ასეთი შეტყობინებები აღიზიანებთ და ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას. როგორც მობილური კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ,აბონენტებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მისდით სარეკლამო შეტყობინებები, თუ მათ ამაზე თანხმობა გაცხადებული აქვთ. “თუ თქვენ მოგდით ჩვენი კონტრაქტორისგან თარგეთულად შეკვეთილი sms-ები და არ მიგიღიათ შეკითხვა - გსურთ თუ არა ამ ინფორმაციის მიღება, მაშინ ეს არის “სპამი”. მე პირადად მქონდა შემთხვევა, როცა ვიღებდი მესიჯებს, ნამდვილად ვიცი, რომ ეს არ იყო “ჯეოსელისგან”, ეს იყო, ალბათ, შემთხვევა, როდესაც უბრალოდ ნომრების კომბინაციას არჩევენ და სპამის სახით აგზავნიან რეკლამას”– აცხადებს "ჯეოსელის" საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი "ნეტგაზეთთან" საუბრისას. იურისტების განმარტებით,აბონენტის ტელეფონის ნომრის, როგორც პერსონალური მონაცემის დაცვის ვალდებულებას ამა თუ იმ კომპანიას “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი” ავალდებულებს, თუმცა შეთანხმების, ანუ კონტრაქტის საფუძველზე ნებისმიერი პირადი მონაცემი შეიძლება გამჟღავნდეს და გადაეცეს მესამე პირს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, მობილურ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებისას კარგად გაეცნოთ მათ პირობებს, თუმცა ეს მაინც არ არის სრული გარანტი იმისა, რომ თქვენ დაცული იქნებით სარეკლამო შეტყობინებებისაგან. კომპანიებს ნომრების ბაზის გაკეთება ციფრების სხვადასხვა კომბინაციითაც მარტივად შეუძლიათ. აღნიშნული საკითხის რეგულირებისათვის მნიშვნელოვანიაპერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექტორის ინსტიტუტი, რომელიც საქართველოში ჯერჯერობით არ მოქმედებს, თუმცა პრემიერმა რამდენიმე კვირის წინ შექმნა კომისია, რომელმაც უნდა შეარჩიოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კანდიდატურა და წარუდგინოს პრემიერ-მინისტრს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი 3 წლის ვადით დაინიშნება ამ თანამდებობაზე. გამოყენებულია netgazeti.ge–ს მასალები