უზენაესი სასამართლო დაზღვევასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს1484 2013.05.02
უზენაესი სასამართლო დაზღვევასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთამესამე პირის სასარგებლოდ დადებული სიცოცხლის დაზღვევისას რეგრესის წესით ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით (Nას-663-624-2011). მითითებულ საქმეზე საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მესამე პირის სასარგებლოდ დადებული სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულებისას სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი წარმოშობდა რეგრესული მოთხოვნის უფლებას. საკასაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლზე და განმარტა, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივ მავალდებულებელი ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 820-858-ე მუხლებში. ვინაიდან დაზღვევა შესაძლო ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის საშუალებაა, იბადება შემდეგი კითხვა: სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას შესაძლოა თუ არა დამზღვევს წარმოეშვას ორმაგი მოთხოვნის უფლება, თუ დამზღვევის ქონებას ან პიროვნებას მესამე პირმა მიაყენა ზიანი, ანუ სახეზეა დელიქტი. დასმულ კითხვაზე პასუხი დადებითად უნდა იქნეს გაცემული, თუმცა,სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი ორმაგი მოთხოვნის უფლების რეალიზაციის განსხვავებულ წესს გვთავაზობს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატის განმარტებით,მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა რეგრესული მოთხოვნის უფლებასთან, არამედ დელიქტურ ვალდებულებაში კრედიტორის შეცვლასთან, ხოლო თვით ვალდებულების არსი უცვლელი რჩება. ამასთან, დელიქტურ ვალდებულებაში დამზღვევის მზღვეველით შეცვლის აუცილებელი წინაპირობაა ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლის არსებობა და მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო თანხის გაცემა. ამდენად ზიანის დაზღვევის სამართლებრივ ურთიერთობაში, როდესაც სადაზღვევო შემთხვევის დადგომა გამოიწვია მესამე პირმა, გამოიყენება კრედიტორის ჩანაცვლების პრინციპი, რაც შესაძლოა ემსახურებოდეს როგორც დაზღვეულის, ასევე მესამე პირის უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან აცილებას. საკასაციო პალატამ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლით მოწესრიგებული ურთიერთობა კანონმდებლის მიერ გაწერილია არა დაზღვევის ხელშეკრულების ზოგად ნორმებში, არამედ სპეციალურ თავში, რომელიც ეხება ზიანის დაზღვევას. ამასთან, პირადი დაზღვევისათვის დამახასიათებელი თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ სადაზღვევო შეფასება პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან პირის სიცოცხლე არ შეიძლება ანაზღაურებულ იქნეს რაიმე კომპენსაციით. საკასაციო პალატის დასკვნით,სიცოცხლის დაზღვევის სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დაზღვეულ პირს წარმოეშობა ორმაგი მოთხოვნის უფლება, თუმცა მზღვეველს არა აქვს უფლება გასცეს სადაზღვევო საზღაური და შემდგომ ზიანის მიმყენებელს მოსთხოვოს ეს თანხა დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე. შესაბამისად, 832-ე მუხლი, როგორც სპეციალური ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმა განსახილველ შემთხვევაში ვერ იქნება გამოყენებული ანალოგიით, ვინაიდან ნორმის ამგვარი განმარტება არ გამომდინარეობს კანონის ობიექტური მიზნებიდან. იხილეთ გადაწყვეტილება სრულად