პატენტი არის გამომგონებლის ან მისი უფლებამონაცვლისათვის სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული დროით მინიჭებული მონოპოლიური უფლება, რომლის საფუძველზეც პატენტის მფლობელს შეუძლია ნებისმიერ პირს აუკრძალოს პატენტით დაცული გამოგონებით ან სასარგებლო მოდელით სარგებლობა. ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის მონოპოლიური უფლებების მინიჭება დასტურდება საპატენტო სიგელით (პატენტით), რომელიც გაიცემა საპატენტო უწყების მიერ. გარდა სხვა პირებისათვის გამოგონებით სარგებლობის აკრძალვისა,
პატენტი გამოიყენება სხვა მიზნებითაც, კერძოდ, საკუთარი ბიზნესის ინტერესებში ან, საკუთრების სხვა ფორმების მსგავსად, იგი შეიძლება გახდეს გაყიდვის ან ლიცენზირების ობიექტი. პატენტი შეიძლება გაიცეს გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე, რომლის ობიექტს წარმოადგენს:
- მოწყობილობა (მანქანა-მექანიზმები, დანადგარები, ხელსაწყოები, ელექტრონული სქემები და ა.შ.);
- ნივთიერება (ხსნარები, შენადნობები, ქიმიური ნაერთები, ნარევები და ა.შ.);
- ბიოლოგიური მასალა (მიკროორგანიზმების შტამი, მცენარეთა და ცხოველთა ასოციაციები, უჯრედების კულტურები და ა.შ.);
- ხერხი (ტექნოლოგიური პროცესები, ილეთები, ოპერაციები და ა.შ.)
დაპატენტების საგანი შეიძლება იყოს ტექნიკის არსებული დონით ცნობილი ნივთიერებებისა და ნარევების, აგრეთვე მოწყობილობების ახალი დანიშნულებით გამოყენებაც. პატენტი იცავს ისეთ გამოგონებას, რომელიც აკმაყოფილებს სამ ძირითად კრიტერიუმს:
- სიახლე გამოგონება ახალია, თუ იგი ცნობილი არ არის მსოფლიოში ტექნიკის არსებული დონიდან გამომდინარე. ტექნიკის დონეს განსაზღვრავს ყველა ის მონაცემი, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია წერილობით, ზეპირი აღწერით, საჯარო გამოყენებით ან სხვა გზით გამოგონებაზე განაცხადის შეტანის თარიღამდე ან, თუკი საკონვენციო პრიორიტეტი ამ პრიორიტეტის თარიღამდე მოითხოვება.
- საგამომგონებლო დონე გამოგონებას აქვს საგამომგონებლო დონე, თუ იგი სპეციალისტისათვის ცხადად არ გამომდინარეობს ტექნიკის არსებული დონიდან;
- სამრეწველო გამოყენებადობა გამოგონების სამრეწველო გამოყენებადობა ნიშნავს მისი დამზადების ან მისით სარგებლობის შესაძლებლობას მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა სფეროებში.
პატენტით შეიძლება დაცვა იმ სასარგებლო მოდელისა, რომელიც წარმოადგენს გაუმჯობესებულ მოწყობილობას, ნივთიერებას ან ხერხს, და რომელიც აკმაყოფილებს სიახლისა და სამრეწველო გამოყენებადობის კრიტერიუმებს. წყარო sakpatenti.org.ge