1826
2013.05.24
სისხლის სამართლის ჯარიმების აღსრულება იუსტიციის სახლში
იუსტიციის სახლი რამდენიმე ტიპის სისხლის სამართლის ჯარიმებზე ახოცრიელებს აღსრულებას. ესენია:
აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შემთხვევაში განაჩენით დაკისრებული ჯარიმის აღსრულება;
სისხლის სამართლის საქმეზე გირაოს სახით შეტანილ უძრავ ქონებაზე აღსრულების მიქცევა;
სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო შეთანხმების თანხის გადარიცხვა ბიუჯეტში ჯარიმის უზრუნველსაყოფად;
გირაოს თანხის დაბრუნება;
განაჩენის გამოტანის შემდეგ, სასამართლო იუსტიციის სახლში აგზავნის განაჩენს და სააღსრულებო ფურცელს, ჯარიმის ნაწილში აღსასრულებლად. იუსტიციის სახლი ვალდებულია, სააღსრულებო ფურცლის იუსტიციის სახლში წარდგენიდან 10 დღის ვადაში მსჯავრდებულისა და გირაოს შემტანის წერილობითი თანხმობით, მოახდინოს აღსრულება გირაოს სახით შეტანილ ფულად თანხაზე და გადარიცხოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტში. იმ შემთხვევაში, თუ თანხა გადახდილია მსჯავრდებულის მიერ, წერილობითი თანხმობა არ არის საჭირო და თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. იუსტიციის სახლი მოვალეს უგზავნის წინადადებას გადაწყვეტილების ნებაყოფლობით და შვიდი დღის ვადაში შესრულების შესახებ, სადაც ასევე უთითებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ გირაოს თანხა გადახდილია, მისმა შემომტანმა წარმოადგინოს გირაოს თანხის გადახდის ქვითრები. თუ გირაოს შემტანი და მსჯავრდებული სხვადასხვა პირია, გირაოს შემტანი ვალდებულია დააფიქსიროს წერილობითი თანხმობა გირაოს თანხის ჯარიმის სახით ბიუჯეტში გადარიცხვაზე. თუ მსჯავრდებულს ფულადი თანხა უზრუნველყოფილი აქვს უძრავი ქონებით, თანხის ვადაში გადახდის შემთხვევაში უძრავი ქონება თავისუფლდება ყადაღისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში უძრავი ქონების რეალიზაცია აუქციონზე ხდება. რაც შეეხება გირაოს დაბრუნების აღსრულებას, ეს ხდება იმ შემთხვევაში,თუ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა გამოძიების ეტაპზე პროკურორის დადგენილებით ან გამოვიდა სასამართლოს განაჩენი და გირაოს შემტანს უბრუნდება მის მიერ შეტანილი გირაოს თანხა. ასეთ დროს აღსრულება ხდება შემდეგი წესით:
სასამართლო/პროკურატურა იუსტიციის სახლში აგზავნის მიმართვას;
განაჩენს/დადგენილებას სისხლისამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე;
გირაოს შემტანი იუსტიციის სახლს მიმართავს განცხადებით და ანგარიშის რეკვიზიტებით საბანკო დაწესებულებიდან გირაოს თანხის დაბრუნებაზე.
წყარო house.gov.ge