839
2013.06.03
საქართველოს სავიჟო რეჟიმი შეიცვლება
იუსტიციის სამინისტროში მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. მის მუშაობაში მონაწილეობდნენ სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, კომისიის შემადგენლობაში შემავალი სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სამთავრობო კომისიის სხდომაზე საქართველოში უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის პროექტი განიხილეს. სახელმწიფო უწყებებმა იმ რეგულაციებზე იმსჯელეს, რომლებსაც კანონის ახალი ვერსია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის აწესებს. კანონპროექტი ჯერ საქართველოს მთავრობას წარედგინება, შემდეგ კი - პარლამენტს. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის დღევანდელი სხდომა, რომლის მუშაობაშიც ცხრა სამინისტრო, აქედან ორი სახელმწიფო მინისტრი მონაწილეობდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კომისიის წევრები საბოლოოდ შეჯერდნენ კანონთა იმ პაკეტზე, რომელიც უცხოელების სამართლებრივ მდგომარეობას ეხება: „დღემდე საქართველოს არ ჰქონია საემიგრაციო პოლიტიკა. ჩვენ გადავდივართ იმ ეტაპზე, როცა ქვეყანას ექნება მკაფიო მიდგომები უცხოელებსა და მათ სამართლებრივ სტატუსთან მიმართებაში. ჩვენ გადავხედავთ და ახლებურად გავიაზრებთ ვიზების კატეგორიებს და, რაც მთავარია, გადავხედავთ ლიბერალურ სავიზო რეჟიმს, რომელიც დღემდე ჰქონდა საქართველოს... სხვადასხვა ქვეყნებთან სხვადასხვა მიდგომები ამოქმედდება, საკანონმდებლო ბაზა იქნება მორგებული სახელმწიფო ინტერესზე, რომელიც დაიცავს შრომის ბაზარს, სამეწარმეო სფეროს", - აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლა აქვს დაწესებული, კანონით აღარ იქნება განსაზღვრული; მათ საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.