რა არის კონსტიტუცია?9383 2012.10.17
რა არის კონსტიტუცია?
სიტყვა „კონსტიტუცია“ მომდინარეობს ლათინური ლათინური წარმოშობის სიტყვისაგან – „constitutio“ და ქართულად ნიშნავს დადგენას, დაწესებას. კონსტიტუცია ეს არის განსაკუთრებული წესით მიღებული უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე სახელმწიფოს ძირითადი კანონი. კონსტიტუცია არეგულირებს საზოგადოებაში პიროვნების სამართლებრივ მდგომარეობას, საჯარო ხელისუფლების ორგანიზაციასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. კონსტიტუცია რთული მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ინსტიტუტია. ხშირად განმარტავენ, როგორც სახელმწიფოს უზენაეს კანონს, წესების კატალოგს, ინდივიდის გარანტს სახელმწიფოსთან ურთიერთობაში. პროფესორ ანდრაშ შაიოს აზრით, კონსტიტუციათა უმრავლესობა შეიქმნა იმისთვის, რომ დაეგვირგვინებინა და დაესრულებინა სოციალური რევოლუცია. სხვა კონსტიტუციების შექმნის მიზანი კი, მისი აზრით, რევოლუციის თავიდან აცილებას და წინარევოლუციური მდგომარეობის აღდგენას წარმოადგენს. თითქმის ყველა თანამედროვე მკვლევარი კონსტიტუციის საზრისის განსაზღვრისას, ყურადღებას ამახვილებს მის დამფუძნებლურ ხასიათსა და მარეგულირებელ ფუნქციაზე. კონსტიტუციის ნორმებით ხდება საჯარო ინსტიტუტების ლეგიტიმაცია, მათი ძალაუფლების ფარგლებისა და მოქალაქეთა ძირითადი უფლებების განსაზღვრა, სახელმწიფოსა და ადამიანებს შორის ურთიერთობათა მოწესრიგება.