განმარტება ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე 1239 2013.07.03
განმარტება ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთათვის დევნილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით (საქმე №ბს-142-141(კ-12)). აღნიშნული ადმინისტრაციული საქმე ეხებოდა რ. გ-იას სარჩელს, რომლითაც მან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის, ზიანის სახით - 2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 1 აპრილამდე პერიოდზე ყოველთვიურად 28 ლარის (მიუღებელი დევნილის შემწეობის თანხის) ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა. საკასაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან (აფხაზეთიდან) იძულებით გადაადგილების შემდეგ, კასატორმა – რ. გ-მ დატოვა საქართველოს ტერიტორია (ისე, რომ არ მიუღია დევნილის სტატუსი) და გადავიდა საცხოვრებლად რუსეთის ფედერაციაში, სადაც მიიღო რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა და შესაბამისად, შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 აგვისტოს №517 ბრძანებულებით საქართველოში დაბადებულ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე რ. გ-ს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. ამდენად, რ. გ-ა გახდა ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი. 2010 წლის 1 სექტემბერს რ. გ-მ განცხადებით განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა. 2012 წლის მარტს რ. გ-იას მიენიჭა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის _ დევნილის სტატუსი. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭებოდა იმ გარემოების დადგენას, წარმოადგენდა თუ არა რ. გ-ს მიერ - 2010 წლის 1 სექტემბერს სამინისტროში განცხადების შეტანა (მის მიერ ნების გამოვლენა), ნამდვილი უფლების რეალიზების საფუძველს, ანუ მოჰყვებოდა თუ არა აღნიშნული ნების გამოვლენას რეალური შედეგი - დევნილის სტატუსის მინიჭება. საკასაციო სასამართლომ 2010 წლის სექტემბერში მოქმედი „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის საფუძველზე განმარტა, რომ კანონი დევნილის სტატუსის განმსაზღვრელ აუცილებელ პირობად ითვალისწინებდა საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის მდგომარეობას, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყო საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში. ამდენად, პირის დევნილად ცნობისათვის აუცილებელი იყო დაცული ყოფილიყო როგორც სუბიექტურობის, ისე ტერიტორიულობის პრინციპი. ამასთან, კანონმდებლობა ითვალისწინებდა ხსენებული წესიდან ერთგვარ გამონაკლისს, კერძოდ, როდესაც პირი ზემოაღნიშნული მიზეზების გამო მართალია დატოვებდა საქართველოს ფარგლებს, მაგრამ არ გავიდოდა საქართველოს იურისდიქციის სფეროდან, კერძოდ, არ მიიღებდა სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, დარჩებოდა საქართველოს მოქალაქედ, ხოლო საქართველოს ფარგლების დატოვების შემთხვევაში აღრიცხვაზე ასაყვანად მიმართავდა საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას (კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი). ამდენად, კანონმდებელი აღნიშნული კანონის მოქმედებას ცალსახად ავრცელებდა იმ პირებზე, რომლებიც საქართველოს იურისდიქციის ქვეშ იმყოფებოდნენ. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში 2011 წლის 23 დეკემბრის განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე ახლებურად ჩამოყალიბდა დევნილის ცნება და მის აუცილებელ ელემენტად კანონი აღარ ითვალისწინებდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში გადაადგილებას. ამასთან, კანონმდებელმა დაუშვა დევნილის სტატუსის აღდგენის შესაძლებლობაც იმ შემთხვევაში, თუ პირს დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მას მიენიჭა/აღუდგა საქართველოს მოქალაქეობა. ამდენად, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ფარგლებს გარეთ გადაადგილებულ, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს, დევნილის სტატუსის მიღების უფლება მიენიჭა მხოლოდ 2011 წლის 23 დეკემბრის N5597-რს კანონით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, რომელიც ამოქმედდა - 2011 წლის 30 დეკემბერს. ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის 2010 წლის 1 სექტემბრის განცხადებას პოზიტიური შედეგი - დევნილის სტატუსის მინიჭების სახით – 2011 წლის 30 დეკემბრიდან მოჰყვებოდა, მოპასუხის მიერ რ. გ-სთვის დევნილის სტატუსის მინიჭება კი – 2012 წლის მარტში (3 თვის დაგვიანებით) განხორციელდა, რის გამოც მას მატერიალური ზიანი მიადგა, კერძოდ, 2012 წლის იანვრიდან 2012 წლის აპრილამდე ვერ მიიღო დევნილთათვის განსაზღვრული ყოველთვიური შემწეობა. იხილეთ გადაწყვეტილება სრულად