1013
2013.07.09
იპოთეკით დატვირთული ბინებიდან გამოსახლების წესი შეიცვალა
ბინებთან დაკავშირებით მიმდინარე სამართლებრივი დავების დასრულებამდე და სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე, ადამიანების გამოსახლება არ მოხდება. შესაბამისი ცვლილება შს მინისტრმა "საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ" ბრძანებაში განახორციელა. აღნიშნულ დოკუმენტში ბოლო ცვლილება ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივლისს შეიტანა. ამ თემასთან დაკავშირებით ბრძანებაში ცვლილება ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სამჯერ შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი განმარტავს, რომ სანამ სასამართლო დავები არ დასრულდება, ადამიანების სახლებიდან გამოსახლება არ მოხდება. "ადრე სხვაგვარად ხდებოდა - დავების დასრულებას არ ელოდებოდნენ და ადამიანებს სახლიდან ასახლებდნენ. ძირიდათად ეს პრობლემები იპოთეკით დატვირთულ ბინებზე არსებობდა. ამის შემდეგ მინისტრმა ეს ბრძანებით შეცვალა, რომლის თანახმადაც, სანამ გამოძიება არ დასრულდებოდა, გამოსახლება არ მოხდებოდა. შემდეგ გარკვეული პრეტენზიები წამოვიდა და ბრძანება ისევ შეცვალა.
ბოლოს მიხვდნენ, რომ ეს სწორი ფორმა არ იყო და ისევ ის ბრძანება ამოქმედდა, რომლის საფუძველზეც სასამართლოს დასრულებამდე ადამიანებს ვეღარ გამოასახლებენ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ნინო გიორგობიანმა.
წყაროhttp://www.interpressnews.ge