1213
2013.10.11
საკანონმდებლო მაცნეს გვერდი სამენოვანი ხდება
იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ 2013 წელს მთარგმნელობითი ცენტრი შეიქმნა, რომელმაც ქართული კანონების რუსულ და ინგლისურენოვან თარგმანებზე დაიწყო მუშაობა. პირველი წიგნი, რომელიც განახლებულ სტამბაში დაიბეჭდა და რუსულ და ინგლისურ ენებზე ითარგმნა, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსია“, დღეს კი საზოგადოებას სამენოვანი „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ბეჭდური ვერსიით სარგებლობა შეუძლია.
„არჩევნების შესახებ“ კანონის ინგლისურენოვანივერსიის შექმნა მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თარგმანი საშუალებას აძლევს საქართველოში არჩევნების მიმდინარეობით დაინტერესებული დიპლომატებს, პოლიტიკოსებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დამკვირვებლებს, ინგლისურ ენაზე გაეცნონ ქართულ კანონმდებლობას, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს კანონის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საფრთხეს. კოდექსს სახელმწიფოს ოფიციალური თარგამანის სტატუსი მიენიჭება, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე − matsne.gov.ge − განთავსდება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისათვის. ქართული კანონმდებლობის თარგმანზე მუშაობა მთარგმნელობით ცენტრში გრძელდება.
აქამდე ქართული კანონმდებლობა ინგლისურ ენაზე არ არსებობდა, ხოლო არსებული თარგმანები როგორც სტილისტურად, ისე შინაარსობრივად მნიშვნელოვანი უზუსტობებითა და არაერთგვაროვნებით გამოირჩეოდა. ქართული სამართლებრივი ბაზის საერთაშორისო ენებზე თარგმნის გარდა, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ მთარგმნელობითი ცენტრი ევროკავშირის რეკომენდაციების ქართულენოვან თარგმანებზეც მუშაობს, რათა ეს დოკუმენტები ქართულენოვანი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. დაახლოებით, ორ კვირაში მისი სამენოვანი ვებგვერდი ამუშავდება. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ მთარგმნელობითი კომპიუტერული პროგრამის შესაძენად ევროკავშირმა 80 000 ევრო გამოუყო. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრობისთვის სავალდებულო მოთხოვნაა, ევროკავშირის საბაზისო კანონმდებლობა (community acquis) ქართულ ენაზე იყოს თარგმნილი, რომლის განხორციელებაც წელს პირველად დაიწყო. აღსანიშნავია, რომ 11 ოქტომბერი იუსტიციის დღედ ითვლება. სწორედ ამ დღეს, 1918 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსთან საკოდიფიკაციო განყოფილება დაარსდა. დღეს იუსტიციის სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო პირველი კოდიფიცირებული კანონის ასლი, რომელიც ეროვნულ არქივში ინახება.
1918 წლიდან საკოდიფიკაციო განყოფილება კანონმდებლობის კოდიფიკაციას ახორციელებდა და გამოსცემდა „კანონთა და მთავრობის განკარგულებათა კრებულს“. ამავე პერიოდიდან საქართველის პირველი რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი გამოსცემს ინსტრუქციას მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის შესახებ. 1918 წლის საკოდიფიკაციო განყოფილების უფლებამოსილებას დღეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ახორციელებს. ამ ორგანოში ხდება ნორმატიული აქტების რეგისტრაცია, რის შემდეგაც კანონებსა და კანონქვემდებარე აქტებს იურიდიული ძალა ენიჭება.