1014
2013.11.19
საქართველოს სავიზო რეჟიმი მკაცრდება
საქართველოს მთავრობა სავიზო რეჟიმს და იმიგრაციულ პოლიტიკას ამკაცრებს. დღემდე მოქმედი კანონით, უვიზოდ შემოსვლა და 360 დღის განმავლობაში დარჩენა მსოფლიოს 118 ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია, მათ კი, ვისაც ვიზა ესაჭიროება, გამარტივებულად, ძირითადად, საზღვარზე იღებს. ამიერიდან კანონი აღარ მოიცავს აღნიშნული ქვეყნებისნუსხას და მათ მთავრობის დადგენილება განსაზღვრავს. საქართველოში უცხოელთა ყოფნის საფუძვლები, ვიზის და ბინადრობის ნებართვის აღებასთან დაკავშირებული პროცედურები, ასევე საქართველოდან უცხოელთა გაძევების საფუძვლები და პროცედურები "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონპროექტით მთლიანად გადაიხედა.
ამ მიმართულებით სრულიად ახალი საკანონმდებლო ინიციატივა მიგრაციის საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიამ მოამზადა და ის პარლამენტს უკვე წარედგინა. კანონის მოქმედი რედაქციით, საზღვარგარეთ ვიზას საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები გასცემენ, საზღვარზე – შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, ხოლო ქვეყნის შიგნით მყოფ უცხოელებზე ვიზის მოქმედების ვადას იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების სააგენტო. პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, სახელმწიფო სერვისების სააგენტოს უცხოელებზე ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების უფლება ერთმევა. საქართველოს ვიზის გაცემა მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულოების პრეროგატივაა და მხოლოდ ცალკეულ განსაკუთრებულ შემთხვევებში ამას განახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო - სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე. ვიზის გაცემის განსაკუთრებული შემთხვევები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.
პარლამენტში წარდგენილი ინიციატივით, ვიზის კატეგორიებს საიმიგრაციო ვიზა დაემატება, ხოლო სამსახურეობრივი ვიზის კატეგორია, სპეციალური ვიზის კატეგორიით იცვლება. ამასთანავე, კანონპროექტით განისაზღვრება ვიზის ორი ტიპი - მოკლევადიანი და გრძელვადიანი. პროექტის მიხედვით, მოკლევადიანი ვიზა შეიძლება გაიცეს უცხოელის მიერ სავიზო განაცხადში მითითებული დღეების რაოდენობის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 30 დღისა. მრავალჯერადი ვიზა იმ უცხოელებზე გაიცემა, რომელთაც წინა წელს მიღებული აქვთ საქართველოს ერთი ვიზა მაინც, რომელიც გამოიყენეს და არსებობს მრავალჯერადი ვიზის მოთხოვნის საფუძველი. გრძელვადიანი ვიზა, გაიცემა მრავალჯერადი შესვლის უფლებით 90 კალენდარული დღის მოქმედების ვადით და წარმოადგენს დიპლომატიური აკრედიტაციის ან ბინადრობის ნებართვის მიღების წინაპირობას. იცვლება ბინადრობის ნებართვის გაცემის წესებიც. კერძოდ, გაუქმდა მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემა პირებზე, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის გამო. იზღუდება იმ პირთა წრეც, რომელზეც ოჯახის გაერთიანების საფუძვლით ბინადრობის უფლება გაიცემა. კერძოდ, გაუქმებულია საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის შვილიშვილზე, და-ძმაზე, ბაბუასა და ბებიაზე ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობა.
კანონპროექტის ერთ-ერთი სიახლე უცხოელების საქართველოდან გაძევების დეტალური რეგლამენტაციაა. პროექტის მიხედვით, გაძევების გადაწყვეტილებას შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს. უცხოელი საქართველოდან შეიძლება რამდენიმე მიზეზით გააძევონ, მათ შორის, თუ ის კანონიერი საფუძვლის გარეშე შემოვიდა საქართველოში. თუმცა, ქვეყნიდან არ შეიძლება გააძევონ უცხოელი, რომელიც საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ იმყოფება. უცხოელი 180 ლარით დაჯარიმდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვიდან სამ თვეში ქვეყანას არ დატოვებს, თუ სამ თვესაც გადააჭარბებს, ჯარიმა 360 ლარამდე გაიზრდება. ამასთან, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის წესების დარღვევა 100 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. თუ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული, ან ფიზიკური პირები უცხოელების მოწვევას, მომსახურებას, საქართველოში ცხოვრებას, მუშაობასა და სწავლას არსებული წესის დარღვევით უზრუნველყოფენ, ისინი 1000 ლარით დაჯარიმდებიან. გადამყვანი კომპანიები სახმელეთო ტრანსპორტით არაკანონიერად გადაყვანის შემთხვევაში - 300 ლარით, საზღვაო ტრანსპორტით - 1 000 ლარით, ხოლო საჰაერო ტრასპორტით - 1500 ლარით დაჯარიმდებიან. წყარო: bpn.ge