889
2013.11.28
საჯარო დაწესებულებებში მოწევა იკრძალება
საჯარო დაწესებულებებში მოწევა იკრძალება. მთავრობამ თამბაქოს კონტროლის 6 წლიანი გეგმა დაამტკიცა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სამოქმედო გეგმა სხვა მიმართულებებთან ერთად გულისხმობს თამბაქოს რეკლამირების აკრძალვას და თამბაქოზე აქციზის ეტაპობრივ ზრდას. „ეს სამოქმედო გეგმა ძალიან ბევრ მიმართულებას გულისხმობს, აქ გათვალისწინებულია დიდი საგანმანათლებლო მუშაობის გაჩაღება ქვეყანაში, თამბაქოს საწინააღმდეგო დიდი მოძრაობის დაწყება. აქ ლაპარაკია თამბაქოს რეკლამირების აკრძალვაზე, თამბაქოს მოწევის შეზღუდვაზე საჯარო და სამასპინძლო დაწესებულებებში, საუბარია თამბაქოს აქციზის ეტაპობრივად ზრდაზე 5 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, თამბაქოს კონტროლის გეგმის მიზანი თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირებაა. „უკვე დამტკიცდა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, სადაც დელეგირებული იქნება კონკრეტული ფუნქციები ადმინისტრირების, კანონშემოქმედების და ა.შ. ეს არის უახლოესი წლების ხანგრძლივი სტრატეგია“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.