რას უკრძალავს მოსამართლეს ეთიკის კოდექსი1599 2013.12.19
რას უკრძალავს მოსამართლეს ეთიკის კოდექსი
საქართველოს სამოსამართლო ეთიკის წესების თანახმად,სამოსამართლო მოვალეობის შესრულებისას მოსამართლე თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი წინასწარ შექმნილი აზრის ან შეხედულებისაგან. იგი უნდა მოერიდოს ისეთ ქცევას, რომელსაც პროცესის მონაწილენი ან საზოგადოება აღიქვამს წინასწარ შექმნილ შეხედულებად. მოსამართლეს ეკრძალება პროცესის მონაწილეთა ან/და საქმით დაინტერესებული პირის მიღება ან მასთან კომუნიკაცია სასამართლოში ან მის გარეთ საქმის სასამართლოში შესვლის მომენტიდან საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. ამასთან, მოსამართლე ვალდებულია პროკურორის, ადვოკატის ან პროცესის სხვა მონაწილის მიერ კანონით აკრძალული ფორმით კომუნიკაციის მცდელობის თაობაზე დაუყოვნებლივ წერილობით შეატყობინოს სასამართლოს თავმჯდომარეს. მოსამართლემ პროფესიული მოვალეობის განხორციელებისას მოპოვებული ინფორმაცია არ უნდა გამოიყენოს პირადი ინტერესებისათვის ან სხვათა უფლებების საზიანოდ. დაუშვებელია მსგავსი ინფორმაციის გამჟღავნება მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგაც. მოსამართლე, მასმედიასთან ურთიერთობის დროს, უნდა მოერიდოს საკუთარი აზრის გამოთქმას განსახილველ, განხილვის პროცესში არსებულ ან უკვე განხილული საქმის თაობაზე, თუ ეს არ ეხება საქმის წარმოების ორგანიზაციულ ან ტექნიკურ მხარეს. კანონით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, მოსამართლე არ შეიძლება ეწეოდეს რაიმე ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო ან შემოქმედებითი საქმიანობისა, თუ იგი ხელს არ უშლის სამოსამართლო უფლებამოსილების სათანადოდ განხორციელებას. მოსამართლე არ უნდა ეწეოდეს პოლიტიკურ საქმიანობას. იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი ან ასრულებდეს პარტიულ დავალებას, ან პოლიტიკური ორგანიზაციის სახელით გამოდიოდეს სიტყვით. მოსამართლე საჯაროდ არ უნდა ამჟღავნებდეს თავის პოლიტიკურ შეხედულებას. აკრძალულია მისი მხრიდან ნებისმიერი პოლიტიკური პროპაგანდა როგორც სასამართლო დარბაზში, ისე მის გარეთ. მან ასევე საჯაროდ არ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატის მიმართ. ამასთან, მოსამართლემ სასამართლოს მოხელესაც უნდა ურჩიოს, თავი შეიკავოს პოლიტიკური საქმიანობის ან პოლიტიკური შეხედულების დემონსტრირებისაგან. მოსამართლეს ეკრძალება გაფიცვა. მას არა აქვს უფლება, რაიმე მოტივით, კოლექტიურად თუ ინდივიდუალურად, უარი თქვას ან სხვას მოუწოდოს სამსახურებრივი და პროფესიული მოვალეობის შეუსრულებლობისაკენ.