ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის უფლება–მოვალეობები2312 2014.02.18
ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის უფლება–მოვალეობები
ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაარის ადვოკატთა საერთო კრების მიერ არჩეული ორგანო,რომელიც ადვოკატის წინააღმდეგ საჩივრის შეტანისას, ამოწმებს ინფორმაციას და იღებს გადაწყვეტილებას ადვოკატისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ეთიკის კომისია დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და ის გადაწყვეტილებებს იღებს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის საფუძველზე.საქმისწარმოებისას ეთიკის კომისია ხელმძღვანელობს „ადვოკატთა დისციპლინური წარმოებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულებით.ეთიკის კომისიის შემადგენლობაში შედის ხუთი დისციპლინური კოლეგია. ყოველი კოლეგია შედგება სამი წევრისგან. საჩივრის შეტანა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც მიაჩნია,რომ ადვოკატის ქმედებით დაირღვა მისი უფლებები ან ინტერესები. ასევე საჩივრის წარდგენა შეუძლია ადვოკატს სხვა ადვოკატის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე და პროცესის მწარმოებელ ორგანოს ადვოკატის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე.თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ საჩივარი მოქმედი ადვოკატის მიმართ, თუ მიგაჩნიათ, რომ ადვოკატმა თავისი ქმედებით თუ უმოქმედობით დაარღვია კანონით და ეთიკის კოდექსით მასზე დაკისრებული მოვალეობები და შედეგად შეილახა თქვენი უფლებები და ინტერესები. ამასთან, ადვოკატის ეს ქმედება აუცილებლად ჩადენილი უნდა იყოს საადვოკატო საქმიანობის ფარგლებში. კომისია: არ იძლევა სამართლებრივ კონსულტაციებს და არ სთავაზობს კლიენტებს საადვოკატო მომსახურებას; არ იღებს განსახილველად ისეთ საჩივრებს, რომლებიც ადრე უკვე იქნა განხილული კომისიის მიერ; არ აღძრავს დისციპლინურ დევნას ადვოკატის მიმართ ისეთი ქმედებაზე, რომელიც ჩადენილია იმ დროს, როდესაც ესა ის მოქმედებდა არა როგორც ადვოკატი, არამედ სხვა სტატუსით, მაგ. ორგანიზაციის თანამშრომელი, ლექტორი და ა.შ.; ვერ აიძულებს ადვოკატს, დაუბრუნოს კლიენტს გადახდილი ჰონორარი, გადაუხადოს კომპენსაცია მიყენებული ზიანისთვის ან იყოს არბიტრი კლიენტსა და ადვოკატს შორის არსებულ სამოქალაქო დავაში. კომისია განიხილავს საჩივრებს იმ ქმედებებთან დაკავშირებით. რომლებიც ჩადენილია ეთიკის კოდექსის მიღების შემდეგ, შესაბამისად კომისია ვერ იმსჯელებს იმ ფაქტებზე, რომლებიც ჩადენილია 2006 წლის 15 აპრილამდე.კომისია ასევე ვერ იმსჯელებს ადვოკატის იმ ქმედებებზე, რომელთა განხორციელებიდან გასულია 5 წელი. საჩივრის მიღებიდან 1 თვის განმავლობაში, საპროცესო კოლეგიამ უნდა შეისწავლოს საქმის მასალები და მიიღოს გადაწყვეტილება, არსებობს თუ არა დისციპლინური დევნის აღძვრის საკმარისი საფუძველი. თუ საპროცესო კოლეგია მიიღებს გადაწყვეტილებას დისციპლინური დევნის აღძვრის თაობაზე, საქმე გადაეცემა განხილვის კოლეგიას, რომელმაც 3 თვის განმავლობაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ადვოკატზე დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების ან დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ. შეიძლება საქმის განხილვას დასჭირდეს უფრო დიდი ვადები, ვიდრე ეს ზემოთ არის მითითებული, თუ საქმის განხილვისას წარმოიშვა ობიექტური სირთულეები (ადვოკატის ავადმყოფობა, მტკიცებულებების შეგროვებისთვის საჭირო დრო, ან სხვა შემთხვევები), რის შედეგადაც საქმის წარმოება დროებით შეჩერდა. საპროცესო კოლეგია არ აღძრავს დისციპლინურ დევნას,თუ საჩივარი ან შეტყობინება ინფორმაციის სისწორის შემთხვევაშიც კი არ იძლევა დისციპლინური დევნის აღძვრის საფუძველს, ვადები დისციპლინური სახდელის დაწესებისათვის ამოიწურა, წარმოდგენილი მასალები მიუთითებს,რომ ადვოკატმა ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, ადვოკატის წევრობა ადვოკატთა ასოციაციაში უკვე შეწყვეტილია ან არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც კოლეგიას შეუქმნიდა ადვოკატის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გონივრულ ვარაუდს. ეთიკის კომისიის დისციპლინური დევნის არაღძვრის და ადვოკატის გამართლების გადაწყვეტილებები საბოლოოა და გასაჩივრების არ ექვემდებარება, რაც არ გზღუდავთ მიყენებული ზიანის ან დარღვეული უფლების შესახებ ადვოკატის წინააღმდეგ სარჩელით მიმართოთ სასამართლოს.