4406
2014.03.06
როგორ ხდება ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმება
რეგისტრაცია არის სუბიექტის წარმოშობის, რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების და რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით. იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეწარმეო (კომერციული) ან არასამეწარმეო (არაკომერციული) საქმიანობა, სავალდებულოდ უნდა დარეგისტრირდეს რესტრში. მეწარმე და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი წარმოშობილად ითვლება რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია რეგისტრირებულიპირის განცხადება გაუქმების მოთხოვნით, ინდივიდუალური მეწარმის გარდაცვალება, გარდაცვლილად გამოცხადება, ქმედუუნაროდ აღიარება.
იურიდიული პირის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია პარტნიორთა/დამფუძნებელთა ან სასამართლოს გადაწყვეტილება ლიკვიდაციის შესახებ, სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და იურიდიული პირის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ სასამართლოს განჩინება.
ლიკვიდაცია გულისხმობს კანონით დადგენილი საფუძვლების არსებობისას იურიდიული პირის რეგისტრაციის გაუქმებას. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად მიიჩნევა მხოლოდ მისი დაწყების რეგისტრაციის მომენტიდან. ლიკვიდაცია პარტნიორთა/დამფუძნებელთა გადაწყვეტილების საფუძველზე მიმდინარეობს ორ ეტაპად, ჯერ რეგისტრირდება ლიკვიდაციის პროცესის დაწყება, ხოლო შემდეგ მისი დასრულება, რაც გულისხმობს რეგისტრაციის გაუქმებას. იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტის დამფუძნებლები/პარტნიორები გადაწყვეტენ, რომ განახორციელონ ლიკვიდაცია მათ უნდა დაარეგისტრირონ ლიკვიდაციის პროცესის დაწყება და ამის შესახებ აცნობონ ყველა იმ პირს ვის მიმართაც ამ იურიდიულ პირს აქვს დავალიანება. ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია განცხადების წარმოდგენიდან 1 სამუშაო დღის ვადაში, ან იმავე დღეს დაჩქარებული მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში. პარტნიორთა/დამფუძნებელთა გადაწყვეტილების საფუძველზე დაწყებული იურიდიული პირის ლიკვიდაციის პროცესი უნდა დასრულდეს მისი დაწყების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 4 თვისა. ხოლო რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის დღიდან 1 სამუშაო დღის ვადაში ან იმავე დღეს დაჩქარებული მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში. განმცხადებელი სერვისზე შეიძლება იყოს უშუალოდ დაინტერესებული პირი (სუბიექტის პარტნიორი/დამფუძნებელი, ხელმძღვანელობასა ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი) ან დაინტერესებული პირის წარმომადგენელი.
ინდივიდუალური მეწარმის რეგსიტრაციის გაუქმების მოთხოვნა მისი გარდაცვალების, გარდაცვლილად გამოცხადების ან ქმედუუნაროდ აღიარების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი პირის მიერ. მეწარმე და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის გაუქმებისათვის მიმართეთ იუსტიციის სახლს ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს. თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:
განცხადება (ელექტრონული განცხადება ივსება ფრონტ ოფისის ოპერატორის მიერ);
თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
იურიდიული პირის შემთხვევაში - რეგისტრაციის გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი (პარტნიორთა/დამფუძნებელთა გადაწყვეტილება რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, რომელიც მიღებული იქნება საზოგადოების წესდებით დადგენილი წესით, სასამართლოს გადაწყვეტილება ან სხვა, ხოლო ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში გარდაცვალების, გარდაცვლილად, უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადების დამადასტურებელი დოკუმენტი)
სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გადახდა შესაძლებელია ადგილზე);
იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხართ დაინტერესებული პირის წარმომადგენელი მაშინ დამატებით წარმოადგინეთ სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენეტის ასლი.