952
2014.03.21
რას გულისხმობს ახალი კანონი კონკურენციის შესახებ
”თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის კანონი” პარლამენტში დაჩქარებული წესით იხილება. პროექტი პირველი მოსმენით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია მიქელაძემ წარადგინა, ამჟამად კი უკვე დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე იხილება. ხელისუფლების აჩქარების მიზეზი, როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ონოფრიშვილმა აღნიშნა, მსოფლიო ბანკის მოთხოვნა გახდა. პროექტის მიხედვით, კონკურენციის სააგენტო, რომელიც დამოუკიდებელ სსიპ-ად დაფუძნდება, უფლებამოსილი იქნება,თვითონ დაიწყოს მოკვლევა, იმის მიუხედავად, წარდგენილი იქნება თუ არა რაიმე საჩივარი და იქნება, თუ არა ამისთვის საფასური გადახდილი.ახალ სააგენტოს გაცილებით ფართო უფლებამოსილება ექნება და პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება. კანონპროექტის მესამე მუხლით განისაზღვრა ეკონომიკური აგენტის, ანუ კომპანიის დომინირებული მდგომარეობა, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ბაზარზე და შეზღუდოს კონკურენცია. გარკვეული ჩამონათვალის გარდა, დომინირებულად ითვლება კომპანია, რომელიც ბაზარზე 40%-ზე მეტ წილს ფლობს. კანონი ითვალისწინებს ასევე ორი, ან მეტი ეკონომიკური აგენტის დომინირებული მდგომარეობის განსაზღვრებასაც, თუ ისინი არ განიცდიან სხვა კომპანიებისგან კონკურენციას, ნედლეულის წყაროებისა და გასაღების ბაზრებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით.
იმავდროულად, სამი პირი ითვლება დომინირებულად, თუ ერთად ბაზრის 50%-ს აკონტროლებს, თითოეული კი 15%-ზე მეტ წილს ფლობს. კანონმა, შესაძლოა, შეზღუდოს ასევე 5 კომპანიის საქმიანობაც, რომელთა ჯამური წილი ბაზარზე 80%-ს აღემატება, რაც კარტელური გარიგებებისგან თავის დაცვის საშუალებაა. ძველი რედაქციის თანახმად, კანონის დამრღვევი ჯარიმის სახით წინა ფინანსური წლის მოგების 10%-სა და არა უმეტეს ბრუნვის 2%-ს იხდიდა. კანონპროექტის მიხედვით კი, ფინანსური სანქციის ოდენობა კომპანიის ბრუნვის არა უმეტეს 10%-ით განისაზღვრა. კანონში შედის ცვლილება, რომლის მიხედვით, იკრძალება სახელმწიფო დახმარება, რომელიც ნებისმიერი სახით აფერხებს კონკურენციას. მისი რეგულირება კი მთავრობის დახმარების ზოგადი წესის საფუძველზე განხორციელდება. კანონში შედის მუხლიც, რომლის მიხედვით სახელმწიფო წილით შექმნილ საწარმოებს არ შეუძლიათ შერწყმა, ან სხვა სახის სამეწარმეო სტრუქტურის შექმნა, რომელიც იწვევს კონკურენციის შესუსტებას. კანონპროექტით განისაზღვრა მუხლი, რომელიც არაკეთილსინდისიერ კონკურენციას არეგულირებს. მისი გამოვლინება კი ეკონომიკური აგენტის ნებისმიერი ქმედება შეიძლება გახდეს, რომელიც ეწინააღმდეგება საქმიანი ეთიკას ნორმებს და ლახავს როგორც მომხმარებლების, ასევე კონკურენტების ინტერესებს, მათ შორის, რეპუტაციასაც. კომპანიები, გარკვეულ გარემოებებში ვალდებულები ხდებიან, კონკურენციის სააგენტოს მიაწოდონ კონცენტრაციაზე შეტყობინება და ეს ვადა ერთი თვით განისაზღვრა.
თუ ეკონომიკური აგენტი სააგენტოს მიერ წამოყენებულ პირობებს თავად დააკმაყოფილებს, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება, თუმცა, მას შეუძლია სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე კომპანია ჯარიმის გადახდისგან გათავისუფლდება. მომზადებულია bpn.ge-ის მიხედვით