ახალი კანონი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ2487 2014.04.03
ახალი კანონი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ
იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებული დოკუმენტი.ახალი კანონის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ აღარ გასცემს საქართველოს ვიზებს. კანონის მიხედვით, საქართველოს ვიზის აღება საქართველოს სახელმწიფოსაზღვარზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. დღეის მდგომარეობით, საქართველოს ვიზები, ძირითადად, გაიცემა სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე, რაც მრავალ სირთულეს ქმნის უცხოელთა შესახებ მონაცემების ადმინისტრირების კუთხით. კანონის მიხედვით, აღნიშნული პრაქტიკა შეიცვლება და საქართველოს ვიზების გაცემა, ძირითადად, მოხდება საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებებში. საქართველოში უვიზოდ შემოსვლისუფლების მქონე უცხოელს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე, თუ მას აქვს ქვეყანაში შემოსვლაზე აკრძალვა; არ გადაუხდია ჯარიმა, რომელიც დაწესებულია საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის; არ გააჩნია ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა; არ აქვს საქართველოში ცხოვრებისათვის და უკან დასაბრუნებლად საკმარისი ფინანსური სახსრები; არ იძლევა ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ და სხვა. გადამყვანი კომპანიები ვალდებულნი არიან, შეამოწმონ უცხოელთა სამგზავრო დოკუმენტები, წარადგინონ ისინი სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ინსპექტირების მიზნით და უკან დააბრუნონ ის უცხოელები, რომლებიც ვერ მიიღებენ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლებას. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გატარებული იქნება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები. კერძოდ, ადმინისტრაციული სახდელი კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევით შემოყვანილ თითოეულ მგზავრზე, სახმელეთო ტრანსპორტის შემთხვევაში, განისაზღვრა 300 ლარის ოდენობით, საზღვაო ტრანსპორტის შემთხვევაში −1000 ლარის ოდენობით, ხოლო საჰაერო ტრანსპორტის შემთხვევაში − 1500 ლარის ოდენობით. ახალი კანონით ვიზები დაიყო შემდეგ კატეგორიებად: A − დიპლომატიური, B − სპეციალური, C − ორდინალური, D − საიმიგრაციო და T − ტრანზიტული.საქართველოს ვიზა გაიცემა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში. საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლებელია მხოლოდ დიპლომატიური და სპეციალური ვიზების ვადის გაგრძელება, რასაც უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ახალი კანონით, საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა განისაზღვრა 180-დღიან პერიოდში 90 დღით. აღნიშნული ცვლილება ეფუძნება ევროკავშირში, კერძოდ კი, შენგენის ხელშეკრულების სივრცეში არსებულ პრაქტიკას. აღნიშნული საკითხები და ახალი რეგულაციები დეტალურადაა განხილული იუსტიციის სამინისტროს ვებ–გვერდზე. ახალი კანონი ძალაში შევა 2014 წლის 1 სექტემბრიდან.