1505
2014.04.10
საპარლამენტო კომიტეტებმა მთავრობის მიერ ინიცირებული ანტიდისკრიმინაციული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა დაიწყო.
დოკუმენტი, რომელზეც თავდაპირველად იუსტიციის სამინისტრო მუშაობდა, საბოლოო ჯამში, პარლამენტში მთავრობის ადმინისტრაციის ავტორობითშევიდა. საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს ცვლილებებს რამდენიმე უკვე მოქმედ კანონში, ასევე, “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის” შესახებ კანონის" მიღებას, რომელიც დისკრიმინაციის არსს განმარტავს:“კანონპროექტი არ ქმნის ახალ სამართლებრივ მატერიალურ უფლებებს, არამედ მიზნად ისახავს კანონმდებლობით უკვე დაცული უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფას. კანონპროქტით პირდაპირ იკრძლება ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია, მათ შორის ისეთები, როგორიცაა ასაკი, ჯანმართელობის მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობები, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, პროფესია. კანონპროექტში მოცემულია დისკრიმინაციის სამართლებრივი დეფინიცია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება დისკრიმინაციის კონკრეტული შემთხვევის იდენტიფიკაცია. კანონპროექტი დისკრიმინაციას კრძალავს, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სექტორში”, – ნათქვამია “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის” შესახებ კანონპროექტში. ცვლილებები შედის ასევე სისხლის სამართლის კოდექსშიც, რომლის მიხედვითაც ადამიანის თანასწორუფლებიანობის დარღვევა სხვადასხვა ნიშნის საფუძველზე ისჯება ჯარიმით ან გამასწორებული სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე. იურიდიული პირი კი ამ მუხლის დარღვევისთვის ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით დაისჯება.
შესაძლებელია მოხდეს მისი დაჯარიმება. რასობრივი დისკრიმინაცია 3–წლამდე პატიმრობით ისჯება. “კანონპროექტის მიღების მიზეზია არსებული ანტიდისკრიმინაციული კანონდმებლობის არაეფექტურობა. დისკრიმინაციის ამკრძლავი ნორმების აბსოლუტური უმრავლესობა ცალკეული გამონაკლისების გარდა მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის დებულებებს შეიცავს და მათი დარღვევების სამართლებრივ შედეგებს არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ვერ ხორციელდბა დისკრიმინაციის ამკრძალავი ნორმების, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლის პრაქტიკის იმპლემენტაცია. მოქმედი კანონმდებლობით, სათანადოდ არ არის განსაზღვრული დისკრიმინაციის მსხვერპლისათვის დარღვეული უფლების აღგდენისა და შესაბამისი რეპარაციის მიღების შესაძლებლობები”, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა ევოკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ერთ–ერთი ნაწილია.
netgazeti.ge