1718
2014.05.06
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სამეწარმეო რეესტრის ამონაწერს განახლებული სახით გასცემს
განახლებულ ამონაწერში ბიზნესსუბიექტის შესახებ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები სრულყოფილად და ლოგიკური დაჯგუფების პრინციპით არის ასახული. ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრი ავრცელებს. როგორც რეესტრში ამბობენ, დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, მიიღოს ყველა დამატებითი ინფორმაცია სუბიექტის საკონტაქტო მონაცემებთან დაკავშირებით, მაგ: ელექტრონული ფოსტის მისამართი, მეწარმის ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფაქტობრივი მისამართი და სხვა. ამასთანავე, განახლებულ ამონაწერში ბიზნესსუბიექტის რეორგანიზაციის, კერძოდ, მისი სამართლებრივი ფორმის გარდაქმნის ოპერაციების ქრონოლოგიური თანმიმდევრობაა ასახული (მაგ: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა და სხვ.).
ამონაწერის არსებული ვერსიის განახლება მიზნად ისახავდა დოკუმენტის შინაარსობრივი და ვიზუალური მხარის ოპტიმიზაციას, ბიზნესსუბიექტებთან დაკავშირებით სრული ინფორმაციის მიღებასა და მისი მარტივად აღქმის შესაძლებლობას. ამონაწერის განახლების საფასური უცვლელია და 15 ლარს შეადგენს, ხოლო ინტერნეტის მეშვეობით - 10 ლარს. მეწარმე და არაკომერციულ იურიდიულ პირებს ამონაწერის განახლება საჭიროებისამებრ შეუძლიათ. სხვა შემთხვევაში, მისი განახლება აუცილებელი და სავალდებულო არ არის.
წყარო www.bpn.ge