არასრულწლოვნის სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავისებურება1844 2012.10.18
არასრულწლოვნის სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავისებურება
დღეს მინდა გესაუბროთ არასრულწლოვნის სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავისებურების შესახებ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისას ან მისგან გათავისუფლებისას არასრულწლოვნად ითვლება ის, ვისაც დანაშაულის ჩადენამდე შეუსრულდა თოთხმეტი წელი, მაგრამ არ შესრულებია თვრამეტი წელი. არასრულწლოვან დამნაშავეს შეიძლება დაენიშნოს სასჯელი ან აღმზრდელობითი ზემოქმედების იძულებითი ღონისძიება. არასრულწლოვანი დამნაშავისათვის დასანიშნი სასჯელის სახეებია:
  • ჯარიმა;
  • საქმიანობის უფლების ჩამორთმევა;
  • საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
  • გამასწორებელი სამუშაო;
  • თავისუფლების შეზღუდვა;
  • ვადიანი თავისუფლების აღკვეთა.

არასრულწლოვნისათვის სასჯელის დანიშვნის დროს, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ გარემოებებთან ერთად მხედველობაში მიიღება მისი ცხოვრებისა და აღზრდის პირობები, ფსიქიკური განვითარების დონე, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სხვა პიროვნული თავისებურებანი, მასზე ასაკით უფროსი პირის ზეგავლენა. ამასთან არასრულწლოვანი, რომელმაც პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, სასამართლომ შეიძლება გაათავისუფლოს სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორება მიზანშეწონილია აღმზრდელობითი ზემოქმედების იძულებითი ღონისძიების გამოყენებით. არასრულწლოვნის სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ან სასჯელისაგან გათავისუფლებისას, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები ნახევრდება. არასრულწლოვნისათვის ზიანის ანაზღაურების მოვალეობის დაკისრებისას სასამართლო ითვალისწინებს მის ქონებრივ მდგომარეობას და შესაბამის შრომით ჩვევებს.