უზენაესი სასამართლოს განმარტება ელექტროგადამცემი ხაზით სარგებლობისთვის კომპენსაციის თაობაზე1024 2015.03.04
უზენაესი სასამართლოს განმარტება ელექტროგადამცემი ხაზით სარგებლობისთვის კომპენსაციის თაობაზე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთაელექტროგადამცემი ხაზით სარგებლობისათვის კომპენსაციის განსაზღვრის წესისა და მოცულობის თაობაზე(საქმე №ას-803-762-2013). მოცემული დავის ფარგლებში შპს „ა-ი“ მოითხოვდა სს „ე.პ.ჯ-სათვის“ მისი კუთვნილი 5 კმ სიგრძის 6 კვტ. ელექტროხაზით სარგებლობისათვის კომპენსაციის დაკისრებას. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, დავის სწორად გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია დადგინდეს - ელექტროგადამცემი ხაზით სარგებლობისათვის მესაკუთრეს რა ოდენობის საკომპენსაციო თანხა ეკუთვნის, ეს საკომპენსაციო თანხა მოიცავს თუ არა ამ სახის მოვლა-პატრონობის ხარჯებს და ვის ეკისრება გადახდა. საკასაციო სასამართლო დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას და დამატებით განმარტა, რომე.წ ელ.ენერგიის ქსელის სარგებლობის გამო თმენის ვალდებულების გადასახდელი საკომპენსაციო თანხა მოიცავს ასევე ყველა იმ ხარჯს, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს სხვისი კუთვნილი ელექტროენერგიის გატარებაზე გაწეულ მომსახურებას.ამ კონტექსტის გათვალისწინებით ლიცენზიანტისა და არალიცენზიანტი მფლობელის ელ.ქსელით სარგებლობასთან დაკავშირებული ურთიერთობა განსხვავდება იმით, რომ ლიცენზიანტი მფლობელისათვის ტარიფს ადგენს სემეკი, ხოლო არალიცენზიანტის საკუთრებაში არსებული ელ. ქსელით სხვა პირის სარგებლობის შემთხვევაში, წარმოიშობა საკომპენსაციო თანხის მოთხოვნა, რაც რეგულირდება სამოქალაქო კოდექსით.

ამ უკანასკნელ შემთხვევაში საკომპენსაციო თანხა მოიცავს ყველა იმ ხარჯს, რამაც შეიძლება გაამართლოს თმენის ვალდებულება. საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბერი N20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პირი, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი, მაგრამ ფლობს ელექტროენერგიის ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ელექტროენერგია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაცია გაიცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად;

ამდენად,განსახილველი წესები ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაციის გამოთვლისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსზე მიუთითებენ. პირდაპირ ამ ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული არ არის, რაც კანონის ანალოგიით გამოყენების საფუძველია.

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილი. ამ ნორმის შესაბამისად,კომპენსაციას ექვემდებარება ისეთი ქონებრივი დანაკლისი, რომლის მიზეზიც არის საკუთრების უფლების ან მფლობელობის შეზღუდვა, რაც განპირობებულია ობიექტური აუცილებლობით. შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობის დადგენისათვის მნიშვნელოვანია, გაირკვეს ამ შეზღუდვის ფარგლები და ის ინტერესი, რაც მესაკუთრეს ან მფლობელს ექნებოდა ამ შეზღუდვის არარსებობის პირობებში. ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია არა კონკრეტული მესაკუთრის ინტერესის სუბიექტური აღქმა, არამედ შესაბამისი მიწის ნაკვეთის საშუალო მესაკუთრის ინტერესი.

გადაწყვეტილება სრულად იხილეთ ბმულზე. წყარო