სოციალური დახმარების თავისებურებანი1799 2012.10.18
სოციალური დახმარების თავისებურებანი
დღესდღეობით საქართველოში სოციალური დახმარების თემა საკმაოდ აქტუალურია. ამიტომაც საჭიროდ ჩავთვალე ამ საკითხზე საუბარი. ამ რუბრიკით მსურს გაგაცნოთ საქართველოს კანონის – სოციალური დახმარების შესახებ – ძირითადი მიზნები და პრინციპები. აღნიშნული კანონის მიზანია საქართველოს მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარების უზრუნველყოფა. აქვე აუცილებლათ უნდა ითქვას, რომ კანონი ვრცელდებასაქართველოში კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ,სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებზე, ღატაკ ოჯახებსა და უსახლკარო პირებზე. გაგაცნობთ კანონის ძირითად პრინციპებს. ესენია:

ა) სოციალური დახმარების, როგორც საჭიროების შეფასებაზე დაფუძნებული სახელმწიფო მხარდაჭერის, მაგრამ არა კანონით გარანტირებული უპირობო უფლების, აღიარება; ბ) სოციალური დახმარების სისტემის მეშვეობით სათანადო რესურსების მიზანმიმართული გადანაწილება სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებზე, ღატაკ ოჯახებსა და უსახლკარო პირებზე; გ) სოციალური მომსახურების ალტერნატიული სახეების განვითარების ხელშეწყობა. სოციალური დახმარება შეიძლება იყოს როგორც ფულადი, ასევე არაფულადი სახის: ა) საარსებო შემწეობა; (ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის) ბ) საყოფაცხოვრებო სუბსიდია; (ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებულ პირთათვის გათვალისწინებული საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურებისა და სხვა ხარჯების ასანაზღაურებლად.) გ) რეინტეგრაციის შემწეობა; (ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირის ბიოლოგიურ ოჯახს, მეურვეს (მზრუნველს), რომელიც ამ პირს სპეციალიზებული დაწესებულებიდან გაიყვანს ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას.) დ) შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურება; (ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა დედობილ-მამობილს შვილობილის მოვლისა და აღზრდისათვის გაწეული შრომის ასანაზღაურებლად.) ე) სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება. (ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა პირს, რომელიც სრულწლოვანს სპეციალიზებული დაწესებულებიდან გაიყვანს ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას.) არაფულადი სოციალური მომსახურების სახეები, ოჯახში არსებული მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმები, რომელთა მეშვეობითაც დგინდება ბავშვის მზრუნველობამოკლებულად ცნობის რისკის მაჩვენებელი, განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. ფულადი სოციალური დახმარების ანაზღაურების ოდენობასა და გაცემის პერიოდულობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. თუმცა არა მხოლოდ საქართველოს ბიუჯეტი წარმოადგენს ფულადი დახმარების წყაროს. ამ პროცესში აქტიურად ერთვება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი; ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტი; ბენეფიციარის(სოციალური დახმარების მიმღების) ან მისი წარმომადგენლის მიერ გადახდილი თანხა; შემოწირულობები; და სხვა წყაროები, რომელიც კანონით არის დაშვებული. გარდა ამ ტიპის დახმარებებისა, არსებობს სპეციალური დაწესებულებები,რომლებიც წარმოადგენენ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს. ისინი ახორციელებენ სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირების სოციალურ მომსახურებას მთელი დღე-ღამის განმავლობაში ან/და დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში. მსგავსი დაწესებულებები შეიძლება იყვნენ სრულ სახელმწიფო დაფინანსებაზე, ან ერთვებოდეს თანადაფინანსება. სოციალური დახმარების საჭიროების მქონე პირს, ოჯახს ან/და მეურვეს (მზრუნველს) აქვს უფლება მოითხოვოს აღნიშნული სოციალური დახმარება.