მნიშვნელოვანი განმარტება საზიარო უფლების გაუქმებასთან დაკავშირებით2665 2015.07.30
მნიშვნელოვანი განმარტება საზიარო უფლების გაუქმებასთან დაკავშირებით
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთასაზიარო უფლების გაუქმების სამართლებრივ ასპექტებთანდაკავშირებით (საქმე #ას-1148-1094-2014). სამოქალაქო საქმე შეეხება უ. კ-ის სარჩელს, რომლითაც მოსარჩელემ მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ბ. ლ-ის მიმართ და მოითხოვა, ქ. ...., ...... დასახლებაში მდებარე მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი – 499.00მ2; შენობა-ნაგებობების საერთო ფართი – 212.60მ2; ს/კ:№......) გასხვისების გზით, საზიარო უფლების გაუქმება.

სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ნივთის 5/6 ეკუთვნის უ. კ-ს, ხოლო 1/6 – ბ. ლ-ს, რომელმაც ქონების წილი შეიძინა მოსარჩელის ძმის – მ. კ-საგან. ბ. ლ. და მ. კ. არ აძლევენ მოსარჩელეს კუთვნილი წილით სარგებლობის შესაძლებლობას. ქონების ნატურით გაყოფა კი, შეუძლებელია, რის გამოც, საზიარო უფლება უნდა გაუქმდეს უძრავი ნივთის რეალიზაციის გზით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელს ეთქვა უარი დამაყოფილებაზე, რაზედაც საკასაციო საჩივარი წარადგინა უ. კ-მ (მოსარჩელემ). უზენაესმა სასამართლომ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 961-ე, 963-ე და 964-ე მუხლებით, განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომსაზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება, დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება.როგორც პირველი, ასევე, მეორე კომპონენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი. ამასთან, ორივე შემთხვევაში, ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე.ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლიმხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციონალური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს.ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებს გაყოფამდე, ე.ი. არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა.

საზიარო უფლების გაუქმება წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნას, რომლის დისპოზიციური უფლებამოსილება – შეარჩიოს საზიარო უფლების გაუქმების კონკრეტული საშუალება, შეზღუდულია მატერიალური კანონმდებლობით, კერძოდ,დაუშვებელია საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით, თუ შეუძლებელია ყველა თანამესაკუთრის საკუთრების უფლების ღირებულების შენარჩუნება საკუთარი იდეალური წილის შესაბამისად. მხოლოდ ერთი თანამესაკუთრის იდეალური წილის იმგვარი გამოყოფა, რომლითაც დაცულია ამ უკანასკნელის საზიარო საგნის გაყოფამდე არსებული მდგომარეობა (ღირებულება), საზიარო უფლების გაუქმებას, ნატურით გაყოფის გზით, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის კონტექსტში ლეგიტიმურს არ ხდის, თუ დაცული და შენარჩუნებული არ არის სხვა თანამესაკუთრეთა იდეალური წილის მდგომარეობა (ღირებულება).

საზიარო უფლებიდან გამომდინარე, მოთხოვნის რეალიზაცია დამოკიდებულია ამ უფლების მფლობელ პირთა მდგომარეობასა და ინტერესებზე. საზიარო უფლების გაუქმება, ნატურით გაყოფისას, დასაშვებია საზიარო უფლების მონაწილეთა წილობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზიარო საგნის (საგნების) ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფა შესაძლებელია ღირებულების შემცირების გარეშე.

მოცემულ საქმეზე დადგენილ იქნა, რომსაზიარო უძრავი ქონების ნატურით გაყოფა მესაკუთრეთა წილების შესაბამისად, მათი დანიშნულებისა და ღირებულების შემცირების გარეშე, თვისობრივი და კონსტრუქციული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია. ამდენად, საკასაციო პალატას მიიჩნია, რომ საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა საზიარო უფლების გაუქმებისა და საკუთრებაში კუთვნილი წილის კომპენსაციის მიღების თაობაზე და იგი მართებულად იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. წყარო