სამკვიდროს მიღების წესი და სახეები4566 2012.10.18
სამკვიდროს მიღების წესი და სახეები
დღევანდელ რუბრიკაში მინდა გესაუბროთ სამკვიდროს მიღების წესსა და სახეებზე. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, გარდაცვლილი პირის ქონების გადასვლა სხვა პირებზე ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. როგორც წესი, სამკვიდროს მისაღებად მემკვიდრეებმა ნებარომ გამოხატონ, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში, მათ უნდა მიმართონ ნებისმიერ ნოტარიუსს და მოითხოვონ სამკვიდროს გახსნა. სამკვიდროს გახსნისას ისინი აფიქსირებენ:

1. სურთ თუ არა გარდაცვლილი პირის სამკვიდროს მიღება; 2. უარს ამბობენ თუ არა სამკვიდროზე (აქვე ერთ დეტალზეც შევაჩერებთ ყურადღებას: არ შეიძლება სამკვიდროს ნაწილზე უარის თქმა.); 3. ვის (რომელი მემკვიდრის) სასარგებლოდ ამბობენ უარს სამკვიდროზე. სანოტარო ბიუროში, სადაც სამკვიდრო გაიხსნება, დგინდება ქონდა თუ არა შედგენილი მამკვიდრებელს ანდერძი. პირი, ვისაც მამკვიდრებელი ქონებას ანდერძით გადასცემს, შეიძლება იყოს კანონით მემკვიდრეების გარეთ სხვა პირიც. რაც შეეხება კანონით მემკვიდრეებს, არსებობს კანონით მემკვიდრეობის რიგი, რომლის წინა რიგის არსებობა დანარჩენ რიგებზე სამკვიდროს გადასვლის შესაძლებლობას გამორიცხავს კანონით მემკვიდრეობის ფარგლებში. როგორც წესი, ყველაზე საინტერესოა ის ფაქტი, თუ ვინ შედის პირველი რიგის მემკვიდრეებში. ესენი არიან: გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან მშვილებლის შვილებთან და მათ შთამომავლებთან. ნაშვილები აღარ მიიჩნევა კანონით მემკვიდრედ მისი მშობლებისა და აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიური ნათესავების, აგრეთვე დებისა და ძმების გარდაცვალების შემდეგ. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები ვერ გახდებიან მემკვიდრეები, თუ მათმა მშობლებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე. მშვილებელი და მისი ნათესავები, როგორც ნაშვილებისა და მისი შთამომავლობის მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან ნაშვილების მშობლებსა და სხვა ბიოლოგიურ ნათესავებთან. ნაშვილების მშობლებს, აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიურ ნათესავებსა და და-ძმებს აღარ ეკუთვნით კანონით მემკვიდრეობა ნაშვილების ან მისი შთამომავლების გარდაცვალების შემდეგ. რაც შეეხება სამკვიდროს გაცემის წესს კანონით და ანდერძით მემკვიდრეების ერთდროულად არსებობის შემთხვევაში, წესი შემდეგია: ანდერძის არსებობის შემთხვევაში, როცა მთელი სამკვიდრო მასა ანდერძით განაწილებულია, მხოლოდ პირველი რიგის მემკვიდრეებისთვის არსებობს სავალდებულო წილის მიღების შესაძლებლობა, რაც გულისხმობს, რომ ისინი პროპორციულად მიიღებენ სამკვიდრო მასიდან იმ ქონების ნახევარს, რომელიც ანდერძის არარსებობის შემთხვევაში შეეძლოთ მიეღოთ. მინდა გესაუბროთ კიდევ ერთ დეტალზე, მაგალითად, როგორიცაა მამკვიდრებლის ვალები. მემკვიდრე, როცა ღებულობს მამკვიდრებლის ქონებას, მას მიღებული ქონების პროპორციულად გადაყვება მამკვიდრებლის მიერ ნაკისრი ვალდებულება (ვალები) ასე რომ, ვიდრე ჩათვლით რომ ფორტუნამ გაგიღიმათ და წილად დიდძალი ქონება გხვდათ, გაარკვიეთ გიღირთ თუ არა მისი მიღება, რადგან არსებობს იმის შანსი, რომ მამკვიდრებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებები მის მიერ დატოვებულ ქონებას ბევრჯერ აღემატება.