802
2015.12.01
ძაღლმა მემკვიდრეობით 12 მილიონი მიიღო
მსოფლიოს სამართლის ისტორიას თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ ანდერძებს, რომლებიც თავიანთი უცნაურობით და ორიგინალობით ნამდვილად გამორჩეულები არიან.
ამ სიას სამართლიანად შეიძლება მივაკუთნოთ ლეონა ჰალმსლის შემთხვევა. მილიონერი, სასტუმროების მფლობელი, საკმაოდ ჭკვიანი ქალბატონი, სიკვდილის წინ მოულოდნელ გადაწყვეტილებას იღებს და არც მეტი არც ნაკლები თავის პატარა ძაღლს 12000000 დოლარს უტოვებს. ლეონამ ძმასაც გადახედა მოწყალე თვალით და მილიონი უბოძა, თუმცა ალბათ მხოლოდ იმიტომ, რომ სწორედ მას ხედავდა ძაღლის მომვლელის როლში. რაც შეეხება შვილიშვილებს, ქალბატონს 4 შვილიშვილი ჰყავდა, თუმცა მხოლოდ 2 მათგანს დაუტოვა ფული, თითოს 10 მილიონის ოდენობით, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით.
თუკი ეს ორი შვილიშვილი მამის საფლავს წელიწადში ერთხელ მაინც არ მოინახულებდა, დატოვებული ქონების ნახევარი ჩამოეჭრებოდათ. რა უთხრა მშრალზე დატოვებულ დანარჩენ 2 შვილიშვილს? ანდერძში ეწერა,რომ მათ არაფერს არ უტოვებდა და დაკონკრეტებულიც ჰქონდა, კარგად იციან რატომაცო. ლეონამ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ როცა მისი ძაღლი მოკვდებოდა, აუცილებლად მავზოლეუმში უნდა დაეკრძალათ, სადაც მისი ქმარი და თვითონ ისიც იქნებოდნენ დასვენებულნი. ძაღლს ოცდაოთხ საათიანი დაცვა და მომვლელი ემსახურებოდა. ცუგამ ფუფუნებაში გაატარა მთელი ცხოვრება და 2010 წლის დეკემბერში, 12 წლის ასაკში გარდაიცვალა.
რატომ იღებენ ადამიანები ასეთ ექსცენტრიულ გადაწყვეტილებებს? ზოგის აზრით, მემკვიდრეები უბრალოდ არ იმსახურებენ ქონებას, გარკვეული ნაწილი კი თვლის, რომ ყველაფერი ასაკის ბრალია.