სუროგატი დედობის ინსტიტუტი და საქართველო1713 2015.12.08
სუროგატი დედობის ინსტიტუტი და საქართველო
21-ე საუკუნის საქართველოში და არა მარტო საქართველოში უშვილო წყვილების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს, შესაბამისად იზრდება სუროგატი დედობის მსურველთა რაოდენობაც. ამ სერვისით სარგებლობენ როგორც ქართველი უშვილო წყვილები, ასევე უცხოელებიც. ევროპის ქვეყნებში დაახლოებით 1-2 მილიონი უშვილო წყვილია, 6-7 მილიონი კი ამერიკასა და კანადაში. მაღალი ფასებისა და გარკვეული საკანონმდებლო შეზღუდვების გამო, უცხოელი წყვილები უშვილობის პრობლემების მოსაგვარებლად შედარებით დაბალი განვითარების ქვეყნებში მიდიან. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში სუროგაცია ან საერთოდ აკრძალულია, ან ნებადართულია მხოლოდ არაკომერციული სუროგაცია.

ცხადია, არაკომერციული მოხალისე სუროგატობის მსურველი არავინაა, ამიტომ საქართველო უშვილო წყვილებისთვის საკმაოდ ხელსაყრელ ქვეყანას წარმოადგენს. სუროგატი დედა არის ქალი, რომელიც უშვილო წყვილის ნაყოფს მუცლით ატარებს და არავითარი გენეტიკური კავშირი არ აქვს ჩასახულ ემბრიონთან. ერთი სიტყვით, სუროგატი დედა ცხრა თვის განმავლობაში ხელოვნურად განაყოფიერებული ემბრიონის მატარებელი "ინკუბატორია". დონორი დედა თვითონ აძლევს უშვილო წყვილებს კვერცხუჯრედს. ისინი, ვისაც დონორი დედა სჭირდებათ, ძირითადად მაღალი ასაკობრივი ჯგუფის მანდილოსნები არიან. შეიძლება თუ არა, ქალი დონორიც იყოს და იმავდროულად სუროგატიც? რა თქმა უნდა არა.

როდესაც წყვილს სუროგატი და დონორი დედა ესაჭიროება, ამ შემთხვევაში ცალ-ცალკე აჰყავთ ორივე, რათა სუროგატს არ ჰქონდეს გენეტიკური კავშირი ჩასახულ ნაყოფთან. თუ ბავშვი გენეტიკურად მისი შვილია, გამოდის, რომ იგი საკუთარ შვილს ყიდის. ეს კი სისხლის სამართლის დანაშაულია. სუროგატ დედებს საკმაოდ დიდ თანხას უხდიან და გარდა ამისა, ფეხმძიმობის პერიოდში საკვებით, მედიკამენტებითა თუ ექიმების მეთვალყურეობითაც უზრუნველყოფენ. მათ პერიოდულად კონსულტაციები უტარდებათ, თუმცა ძნელია ცხრა თვე ბავშვი მუცლით ატარო და მშობიარობის შემდეგ სხვას გადასცე.

როდესაც წყვილი ქართველია, ისინი ფეხმძიმობის პერიოდში განსაკუთრებულ სიფაქიზეს იჩენენ სუროგატი დედის მიმართ. შესაბამისად, განშორების შემდეგ ჩნდება გარკვეული სიცარიელე... მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც საქმე ფულს ეხება, დამოკიდებულებაც სხვაგვარი ხდება. სუროგატი დედები მაქსიმალურად საქმიანად აღიქვამენ ამ პროცესს. ხელოვნური განაყოფიერების მეთოდით პირველად 1978 წელს გამოიყენეს. ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებულ პირველ ბავშვს ლუის ბრაუნს დღეს უკვე საკუთარი შვილები ჰყავს. შესაბამისად, სუროგატი დედობის ინსტიტუტიც დიდი ხანია არსებობს. საქართველოში ხელოვნური განაყოფიერების მეთოდით პირველი ბავშვი 1999 წელს გაჩნდა.