2016 წელი ევროპის წლად გამოცხადდა 774 2015.12.23
2016 წელი ევროპის წლად გამოცხადდა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2016 წელი ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა. ამის შესახებ პრეზიდენტმა განცხადება ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. პრეზიდენტმა ეროვნულ გვარდიას იუბილე და საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი მიულოცა, რომელიც მომავალ წელს აღინიშნება. გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველომ დამოუკიდებლობა განამტკიცა, მაგრამ ახლა თავისუფლება აქვს მისაღწევი. "25 წლის წინ დაარსდა ქართული გვარდია, რომელმაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა მაშინ, როდესაც საქართველო იქმნებოდა როგორც თანამედროვე, ახალი სახელმწიფო, როდესაც საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის პროცესში ჩვენ უნდა ჩამოგვეყალიბებინა ჩვენი სახელმწიფოებრიობა. მაშინ თქვენ და თქვენი თანამებრძოლები იდექით სადარაჯოზე, რომ შექმნილიყო დამოუკიდებელი საქართველო. მომავალ წელს ჩვენ ვიზეიმებთ ახალი საქართველოს სახელმწიფოებრიობას. იმ დამოუკიდებლობას ვიზეიმებთ, რომელიც ჩვენმა თაობამ ერთად მოვიპოვეთ. 2016 წელს ჩვენ დავინახავთ ახალი მიზნებს, მიზნებს, რომლებიც საქართველოს ახალ მომენტებს და წინაპირობას უქმნის.

ჩვენ დამოუკიდებლობიდან უნდა შევქმნათ თავისუფალი საქართველო. დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და განვამტკიცეთ, მაგრამ ახლა უნდა მივაღწიოთ თავისუფლებას. თავისუფალია ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზე არ დგას ოკუპანტის ჯარი; თავისუფალია ქვეყანა, რომელიც ქმნის თავის სახელმწიფოებრიობას ინდივიდის ირგვლივ; თავისუფალია ქვეყანა, რომელშიც კანონი არის უზენაესი ყველასთვის; თავისუფალია ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, თავისი ისტორიული არჩევანი განახორციელოს ცხოვრებაში. ამ თავისუფლებისთვის გადავდგამთ ჩვენ შემდეგ ნაბიჯებს _ დამოუკიდებლობიდან მივაღწევთ თავისუფლებას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მისივე თქმით, ქვეყნის წინაშე მდგარი მიზნები იდენტურია ჩვენი ევროპული არჩევანისა, საზოგადოების ისე განვითარებისა, როგორც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ დაგეგმილი და რისთვისაც ჯარისკაცებმა სიცოცხლე გასწირეს. "აქედან გამომდინარე, 2016 წელს ევროპული სახელმწიფოს წლად ვაცხადებ, იმიტომ რომ ის მნიშვნელოვანი მიღწევები, რაც ჩვენ მისაღწევი გვაქვს ერთად, სწორედ ამ წელში განმტკიცდება და წინ გადაიდგმება ნაბიჯები.

ჩვენ ამ ნაბიჯებს გადავდგამთ ერთად – მთელი საზოგადოება, პოლიტიკური სპექტრი და რა თქმა უნდა, ქართული ჯარი. ამ მიზნებს გავახორციელებთ ერთად და მე იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მტკიცედ გადადგამთ ნაბიჯებს მომავალ წელს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. წყარო: http://www.interpressnews.ge/-ის მიხედვით