1487
2016.05.12
რატომ უნდა გავაფორმოთ საქორწინო ხელშეკრულება?
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ჯერ კიდევ 1997 წელს გაჩნდა ტერმინი საქორწინო ხელშეკრულება, თუმცა მისი გამოყენება მეუღლეთა შორის დღემდე საკმაოდ იშვიათია. მეუღლეებს საქართველოს კანონმდებლობა უფლებას აძლევს გააფორმონ საქორწინო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მათი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, როგორც ქორწინების განმავლობაში, ასევე განქორწინებისას.
განვიხილოთ თუ რა არის საქორწინო ხელშეკრულება და რას ემსახურება, ეს არის ცოლსა და ქმარს შორის არსებული სამოქალაქო სამართლებრივი გარიგება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების ბედი, მათი ვალდებულებები განქორწინების შემდეგ, მაგალითად, ალიმენტის გადახდის წესი და ა.შ. ამ ტიპის ხელშეკრულების გაფორმება აუცილებლად უნდა მოხდეს წერილობითი ფორმით და დადასტურდეს ნოტარიუსის მიერ.
საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს სამოქალაქო რეესტრში ქორწინების რეგისტრაციამდეც და მას შემდეგაც, მაგრამ ძალაში შედის ოფიციალურად დაქორწინების მომენტიდან. არსებობს დეტალები, რომლებზეც აუცილებლად უნდა გამახვილდეს ყურადღება ამ ტიპის ხელშეკრულების გაფორმებისას, მაგალითად, მეუღლეებს შეუძლიათ გააერთიანონ მთელი თავისი ქონება, აგრეთვე, თავად განსაზღვრონ შემოსავლებში მონაწილეობის პირობები, თითოეულის მიერ საოჯახო ხარჯების გაწევის წესი(მაგალითად, ცოლმა გადაიხადოს კომუნალური ხარჯები და ქმარმა შვილების სწავლის ხარჯები) რაც ყველაზე საინტერესოა, მეუღლეებს შეუძლიათ განსაზღვრონ ქონება, რომელიც გადაეცემა თითოეულ მეუღლეს ქორწინების შეწყვეტის მომენტიდან ანუ განქორწინებიდან.
არსებობს საკითხები, რომელთა შეცვლაც საქორწინო ხელშეკრულებით ვერ მოხდება, მაგალითად, მშობელი ვერ აიცილებს თავიდან ვალდებულებას რომ იზრუნოს და არჩინოს თავისი შვილი, დავის შემთხევაში მიმართოს სასამართლოს და სხვა. გახსოვდეთ, რომ ხელშეკრულება უმეტეს წილად გამორიცხავს ურთიერთობის შეწყვეტის შემდგომ გაურკვევლობებს და საჭირო აღარ ხდება სასამართლოს გზით კონკრეტული ვალდებულებების დადგენა.