1588
2016.06.10
უვადო პატიმარი თავისუფალია
ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უვადო პატიმარობა მისჯილი, გიორგი გელაძე თავისუფალია. დახურული სივრცე პატიმარმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დატოვა. საკანში 20 წლიანი ცხოვრებისა და 20 დღიანი შიმშილობის შემდეგ ყოფილი პატიმარი მსჯავრდებულებს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს და ჰპირდება მათ, რომ სამართლებრივ ბრძოლას კვლავ მათთან ერთად გააგრძელებს.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს შესაძლებლობას ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვისა. სწორედ ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი გელაძესთან.
მან გაასაჩივრა 1998 წლის 7 ივლისის აზერბაიჯანული სასამართლოს გადაწყვეტილება, როლითაც მას უვადო პატიმრობა მიესაჯა. გიორგი გელაძეს მაშინ ბრალი წაეყენა აზერბაიჯანული სისხლის სამართლის კოდექსის 94-ე მუხლით, რაც მკვლელობას გულისხმობს და 15 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. ორი სასამართლო პროცესის შემდეგ აზერბაიჯანულმა სასამართლომ მას 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა შემდეგ, როცა უვადო პატიმრობა , როგორც სასჯელის სახე, აღიარებულ იქნა აზერბაიჯანის კანონმდებლობით, მისი სასჯელი სწორედ ამ უკანასკნელით შეიცვალა.
2009 წლის 13 მაისის საკონსტიტუციო სასამართლოს თქმით, ეს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან პირს სასჯელი უნდა შეეფარდოს იმ კანონმდებლობით, რა კანონმდებლობაც მოქმედებს დანაშაულის ჩადენის მომენტში. ანუ, კანონს არ უნდა ჰქონდეს უკუქცევითი ძალა თუ იგი აუარესებს მსჯავრდებულის მდგომარეობას. ამ ფაქტების გათვალისწინებით 6 ივნისს უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება,რომლის გათვალისწინებითაც უვადო პატიმარი, გიორგი გელაძე დღეს თავისუფალია. ყოფილი პატიმარი ახლა სამოქალაქო აქტივობებით აპირებს დაკავებას და აცხადებს, რომ უვადო პატიმრების დასაცავად ყველა რესურსს გამოიყენებს.