2086
2016.06.10
ქმედუნარიანობის შეზღუდვა ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენების გამო
ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებისხშირი გამოყენება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემას წარმოადგენს. ალკოჰოლიკი და ნარკოდამოკიდებული, თავის მხრივ , საკუთარ ოჯახს მძიმე მატერიალურ მდგომარებაში აყენებენ. სასამართლო პრაქტიკა მოცემულ საკითხს უყურადღებოდ არ ტოვებს და შესაბამის სამართლებრივ რეგულაციებს გვთავაზობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-16 მუხლში შემდეგ დებულებაა განმტკიცებული: „სასამართლოს მიერ მზრუნველობა შეიძლება დაუწესდეს სრულწლოვან პირს, რომელიც ბოროტად იყენებს ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ ნივთიერებებს და ამის გამო თავის ოჯახს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს. იგი უფლებამოსილია დადოს ქონების განკარგვის გარიგება, აგრეთვე განკარგოს ხელფასი, პენსია ან სხვა სახის შემოსავალი მხოლოდ მზრუნველის თანხმობით, გარდა წვრილმანი ყოფითი გარიგებების დადებისა.“
შესაბამისად, იმისათვი, რომ პირს დაენიშნოს მზრუნველი, რომელიც შემდგომ მის შემოსავალს განკარგავს, აუცილებელია ის ოჯახს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ ამ მუხლის გამოყენება არ მოხდება. მძიმე მატერიალურ მდგომარეობას იწვევს ის ფაქტი, რომ სრულწლოვანი პირი თავის შემოსავლებს იყენებს არამიზნობრივად ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების შესაძენად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში სავარაუდოდ, ადგილი აქვს ოჯახის არსებობისათვის აუცილებელი სახსრების გაფლანგვას.
ვფიქრობთ, განხილული მუხლის ცოდნა საზოგადოებისათვი აუცილებელია,რადგან ალკოჰოლიკი და ნარკოდამოკიდებული ჩვენს რეალობაში ხშირად ოჯახის ქონებას საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად ფლანგავენ, რითაც დიდ ფინანსურ ზიანს აყენებენ, როგორც საკუთარ თავს, ასევე მასთან ერთად მცხოვრებ პირებს. ასეთი უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად კი, დაზარალებულს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს პირის ქმედუნარიანობის შეზღუდვა.