არასრულწლოვანზე ქორწინება დასჯადია2979 2016.06.17
არასრულწლოვანზე ქორწინება დასჯადია
ადრეულ ასაკში ქორწინება არის რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული კავშირი ორ ადამიანს შორის, რომელთაგან ერთ–ერთს სრულწლოვანების ასაკისთვის ჯერ არ მიუღწევია. ბავშვის უფლებათა კონვენციისა და საქართველოს შიდა საკანონმდებლო აქტების თანახმად, პირი არასრულწლოვნად 18 წლის ასაკის მიღწევამდე მიიჩნევა. სახალხო დამცველის კვლევებში განმარტებულია, რომ ადრეულ ასაკში ქორწინება არღვევს ბავშვის ჯანმრთელობის, განათლების, თანასწორობის, ძალადობისა და ექსპლუატაციისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრების უფლებას. ეს უფლებები დაცულია გაეროს ადამიანის უფლებათა დეკლარაციით, ბავშვის უფლებათა კონვენციითა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციით. მთელ მსოფლიოში მცხოვრები 700 მილიონზე მეტი ქალი დაქორწინებულია არასრულწლოვან ასაკში. აქედან, დაახლოებით 250 მილიონი კი, 15 წელს მიუღწეველი იყო. 1 გოგონები, რომლებიც 18 წლის ასაკამდე ქორწინდებიან, ხშირ შემთხვევაში აღარ აგრძელებენ სკოლაში სიარულს და წყვეტენ განათლების მიღებას. ისინი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან. სამწუხაროდ, ადრეულ ასაკში ქორწინება საქართველოშიც მწვავე პრობლემას წარმოადგენს. გავრცელებულია როგორც ქორწინების იძულების, ასევე ნიშნობების პრაქტიკაც. მთავარ გამოწვევას საზოგადოების ცნობიერების დაბალი დონე და სერვისების არაეფექტური მიწოდება წარმოადგენს. 2014 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს 1501 მუხლი – ქორწინების იძულება დაემატა. თუმცა, საქართველოს პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 2015 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა არც ერთი პირის მიმართ არ დაწყებულა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის მიხედვით, დასჯადია სრულწლოვანი პირის სქესობრივი კავშირი 16 წელს მიუღწეველ პირთან. მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ ასაკში ქორწინებისას საკმაოდ მაღალია 16 წლამდე პირების სრულწლოვან პირებთან ურთიერთობის შემთხვევები, საკმაოდ დაბალია რეაგირების მაჩვენებელი. 2014 წელთან შედარებით, 2015 წელს სსკ 140–ე მუხლით დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის მაჩვენებელი 74%–ით არის გაზრდილი; 2014 წელს სსკ 140–ე მუხლით სისხლის სამართლებრივი დევნა 33 პირის მიმართ დაიწყო, ხოლო 2015 წელს – 129 პირის მიმართ აღსანიშნავია, რომ 2015 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ბავშვის მიერ სკოლის მიტოვების შემთხვევაში, მიტოვების საფუძვლის მითითება ხდება; რამაც ნაწილობრივ შესაძლებელი გახადა ადრეულ ასაკში ქორწინების მასშტაბების დანახვა.