2815
2016.10.04
მინდობით აღზრდა – დახმარება თუ სასჯელი ?!
სოფიო გაბადაძის ისტორია ალბათ ყველას გახსოვთ. ის ხუთი შვილით ღია ცის ქვეშ დარჩა, დახმარებისათვის სახელმწიფოს მიმართა და სანაცვლოდ შვილებთან დაშორება მიიღო. სოფიოს შვილები მისი თანხმობის გარეშე მინდობით აღზრდის პროგრამაში ჩაწერეს. გაბადაძე მოგვიანებით იხსენებდა, რომ არ იცოდა რაზე აწერდა ხელს, რადგან არავის განუმარტავს.
ამ შემთხვევამ საზოგადოებაში მწვავე რეაქცია გამოიწვია.
ბიოლოგიური დედა ითხოვს თავშესაფარს საკუთარი შვილების გასაზრდელად, სახელმწიფო კი ამ პრობლემის გადასაჭრელად მისი შვილების მინდობით აღმზრდელს ეხმარება ფინანსურად, რაც საზოგადოების შეფასებით უსამართლობაა.
თუმცა, შეუძლია ამ კანონს ყველა შემთხვევის სამართლიანად გადაწყვეტა?!
ამის გასაგებად აუცილებელია მინდობით აღზრდის არსში გავერკვეთ.
მინდობით აღზრდა –სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიმღები ოჯახის მიერ ბავშვის მოვლა და აღზრდაა.
არსებობს სამი ტიპის მინდობით აღზრდა:
რეგულარული
გადაუდებელი
ნათესავთან მინდობით აღზრდა.
განსხვავებულია ბავშვებისთვის გათვალისწინებული სახელმწიფო დახმარებაც. სახელმწიფოს თითო ბავშვზე თვეში 400 ლარი აქვს გათვალისწინებული.ნათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებულ ჯანმრთელ ბავშვზე სახელმწიფო თვეში 200 ლარს იხდის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის აღზრდაში კი – 300 ლარს.
მინდობით აღზრდის პროგრამით ძირითადად სარგებლობენ ბავშვები, რომლებზეც მშობლები ნებაყოფლობით ამბობენ უარს. ბავშვები, რომლებიც არიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, იზრდებიან არაჯანსაღ გარემოში, ალკოჰოლ–დამოკიდებულ მშობლებთან და ა.შ
ამ მხრივ, საქართველოში სიტუაცია საკმაოდ მძიმეა. შვილად აყვანა დროში გაწელილი პროცედურაა, ბავშვთა სახლებში ხშირად ადგილიც კი არ არის აღსაზრდელის მისაღებად რის ფონზეც მინდობით აღზრდა ხშირად ერთადერთი სწორი გამოსავალია. თუკი, სახელმწიფო არ დაეხმარება მიმნდობ ოჯახს იმ თანხით, რაც აუცილებელია ბავშვის აღსაზრდელად მიმნდობი არ აიღებს ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე.
სწორი გამოსავალი პირველ რიგში ბიოლოგიური მშობლების დახმარებაა, თუმცა უტოპიურია საზოგადოების მხრიდან იმის მოთხოვნა, რომ სახელმწიფომ ყველა სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაურიცხოს ის თანხა, რაც მინდობით აღზრდისთვის არის გამოყოფილი.
მინდობით აღზრდის პროგრამა უზრუნველყოფს ჯანსაღი გარემოს შექმნას ბავშვისთვის, ბიოლოგიური მშობლებისათვის ამ თანხის გამოყოფამ კი ყველა შემთხვევაში შეიძლება არ მოიტანოს ეს შედეგი. შესაძლოა მშობელი უფრო მეტად წამალ ან ალკოჰოლ დამოკიდებული გახდეს, მოძალადე მშობელი კი მოძალადედვე დარჩება.
ცხადია, რომ პრობლემის სათავე მინდობით აღზრდის პროგრამისათვის გამოყოფილი ფინანსები არ არის.
თუმცა მაშინ რა შეიძლება იყოს სოფიო გაბადაძის მსგავსი მშობლებისათვის ყველაზე სამართლიანი გამოსავალი?
მათ რას ეუბნება სახელმწიფო როდესაც ფაქტია, რომ ბიოლოგიურ დედებსაც შეუძლიათ ბავშვის ჯანსაღ გარემოში აღზრდა და ამისათვის ითხოვენ დახმარებას?!
პრობლემა იმაშია, რომ ასეთი მშობლების დახმარებას სახელმწიფო ისეთივე წარმატებით ვერ უზრუნველყოფს, როგორც ეხმარება მიმნდობ ოჯახებს და ეს უნდა შეიცვალოს. დახმარება სოციალურად დაუცველთათვის და მრავალშვილიანთათვის არ არის საკმარისი ბავშვისათვის ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად. ის ბავშვების ნორმალური კვების რაციონსაც არ ყოფნის.
თუ ერთ შემთხვევაში ვხვდებით, რომ მიმნდობი ოჯახი ოთხას ლარზე ნაკლებად ვერ შეძლებს ბავშვის აღზრდას, მეორე შემთხვევაში ბიოლოგიურ მშობელს არ უნდა მოვთხოვოთ ბევრად ნაკლები თანხით ჯანსაღი გარემო შეუქმნას შვილებს.
თუ დედა ითხოვს დასაქმებას, მზადაა გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ თვითონ გაზარდოს საკუთარი შვილები, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მისი დახმარება ისევე სწრაფად და წარმატებით როგორც ამას მიმნდობ ოჯახში ბავშვის გაგზავნისას აკეთებს.