1563
2016.10.13
დასაქმებულის უფლებები პერსონალური მონაცემების დაცვისას!
პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით დასაქმებულს, როგორც მონაცემთა სუბიექტს, გააჩნია მთელი რიგი უფლებები, რომელთა რეალიზებაც ქმნის პერსონალური მონაცემების დაცვის გარანტიებს.
1. ინფორმაციის/წვდომის უფლება
დასაქმებულს უფლება აქვს ჰქონდეს ინფორმაცია მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ. კერძოდ, რომელი პერსონალური მონაცემები მუშავდება, რა მიზნითა და საშუალებით, ასევე, ხომ არ მოხდება პერსონალური მონაცემების მესამე პირთათვის გადაცემა და სხვა. დასაქმებულს უნდა ჰქონდეს წვდომა მის პერსონალურ მონაცემებზე მათი შენახვის ფორმის მიუხედავად. მას შეუძლია მიიღოს მისი პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტისა და ჩანაწერის ასლი. დასაქმებულების წვდომა პერსონალურ მონაცემებზე უნდა იყოს შეუზღუდავი და უსასყიდლო, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა და ასლის გადაღების მოსაკრებლისა. როდესაც პირის სამუშაოზე აყვანა ხდება კონკურსის წესით, განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია, აცნობოს მას კონკურსის პირობები, მისი შედეგები და მიღებული შეფასება.
გარდა ამისა, მოთხოვნის შემთხვევაში მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია ნებისმიერ განმცხადებელს (წარმატებულსა და წარუმატებელს) აჩვენოს მის მიერ შესრულებული წერილობითი (ელექტრონული) დავალება და მიაწოდოს ინფორმაცია შეფასების კრიტერიუმების შესახებ. დამსაქმებლის მიერ ვაკანსიის გამოცხადებისას დამსაქმებელმა ვაკანსიასთან ერთად უნდა განათავსოს მისი ან/და დასაქმების სააგენტოს (ასეთის არსებობისას) საკონტაქტო ინფორმაცია, რათა ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა იცოდნენ, ვის აწვდიან პერსონალურ მონაცემებს და ვინ არის პასუხისმგებელი მათი მონაცემების კანონიერად დამუშავებაზე.
2. მონაცემთა გასწორების, განახლების, წაშლის, განადგურების მოთხოვნის უფლება
დასაქმებულს უფლება აქვს, მოითხოვოს მის შესახებ დამსაქმებელთან არსებული მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, წაშლა, დაბლოკვა ან განადგურება, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის ვადაში დამსაქმებელი ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი ქმედება ან აცნობოს დასაქმებულს უარის თქმის საფუძველი.
3. დასაქმებულის უფლების შეზღუდვა
დასაქმებულის ზემოაღნიშნული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ამ უფლების რეალიზაციამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას: ა) ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ან თავდაცვის ინტერესებს; ბ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს; გ) დანაშაულის გამოვლენას, გამოძიებასა და აღკვეთას; დ) ქვეყნის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებულ) ინტერესებს; ე) მონაცემთა სუბიექტისა და სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს. შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შეზღუდვის მიზნის მისაღწევად. შეზღუდვის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილება დასაქმებულს უნდა ეცნობოს იმგვარად, რომ ზიანი არ მიადგეს უფლების შეზღუდვის მიზანს.
წყარო: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი.