918
2016.10.13
რეკომენდაციები ინტერნეტის მომხმარებელთათვის
ინტერნერტში განხორციელებული თითოეული მოქმედება ტოვებს კვალს.
ვებგვერდზე ვიზიტი, ონლაინ რეგისტრაცია, გაზიარებული ფოტო, ინტერნეტ შესყიდვა და სხვა მრავალი აქტივობა ყოველთვის ფიქსირდება და აღირიცხება. ინტერნეტ მომხმარებელთა მხრიდან ამ გარემოების გათვალისწინება მნიშვნელოვანია, რადგან პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია (მომხმარებლის ინფორმირების გარეშე) შესაძლებელია, სხვა მიზნითაც იქნას გამოყენებული ინტერნეტ მომსახურების გამწევის მიერ.
! ინტერნეტ სივრცეში არაინფორმირებულმა და გაუაზრებელმა ქმედებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მომხმარებლის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. სათანადო უსაფრთხოების ზომების გატარებითა და დაცული ტექნოლოგიური საშუალებებით შესაძლებელია პერსონალური მონაცემების უკანანო გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების შემცირება.
ინტერნეტში ნებისმიერი სახის მოქმედების განხორციელებისას მიზანშეწონილია, მომხმარებელი დაინტერესდეს შემდეგი ინფორმაციით:
ვინ ამუშავებს (აგროვებს, ინახავს, ცვლის და ა.შ.) მის შესახებ მონაცემებს?
რამდენად აუცილებელია კონკრეტული მონაცემის მიწოდება?
როგორ მოხდება ამ მონაცემების გამოყენება და რა შედეგი მოჰყვება მას? (განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, როდესაც მომხმარებლისგან ითხოვენ საბანკო ანგარიშებისა თუ საკრედიტო ბარათების შესახებ ინფორმაციას.)
ინტერნეტ შესყიდვებისთვის რეკომენდებულია მხოლოდ სანდო ვებგვერდების გამოყენება, რომლებსაც ვებნავიგატორის მისამართების პანელში ერთვის ბოქლომის სიმბოლო, რაც მიუთითებს ტრანზაქციების დაცულობაზე. მიზანშეწონილია, მომხმარებელმა წინასწარ მოიძიოს ინფორმაცია ვებგვერდის და რეალიზატორის შესახებ.
სასურველია, მონაცემების დაცვის მიზნით მომხმარებელმა გამოიყენოს უნიკალური და რთული, მრავალფეროვანი სიმბოლოების კომბინაციისგან შემდგარი პაროლი. მაღალი რისკის შემცველია ერთი და იგივე მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენება სხვადასხვა ინტერნეტ რესურსით სარგებლობისას.
იმ შემთხვევაში, თუ ყველა ონლაინ მომსახურების მიღებისას გამოიყენება იდენტური მომხმარებლის სახელი და პაროლი, ერთ- ერთ ანგარიშზე უნებართვო წვდომის შემთხვევაში, მომხმარებლის სხვა ანგარიშებიც დგება საფრთხის ქვეშ. ყველაზე ხშირად პერსონალური მონაცემების შეგროვება, შენახვა და შემდგომი გამოყენება ხდება მონაცემთა სუბიექტის თანხმობის საფუძველზე. თანხმობას წარმოადგენს ვებგვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებლის მიერ სპეციალური ველის მონიშვნა, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია მომხმარებლის პერსონალურ მონაცემთა გამოყენების წესების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ინტერნეტ მომხმარებლები მათ შესახებ ინფორმაციის დამუშავებაზე თანხმობის გამოხატვამდე გაეცნონ ინფორმაციას ინტერნეტ მომსახურების გამწევის მიერ მონაცემთა დამუშავების წესების შესახებ, რომელიც, როგორც წესი, მოცემულია კონფიდენციალურობის შესახებ განაცხადში (Privacy Policy).
ინტერნეტ მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს მისი მონაცემების წაშლა თუ ისინი არასწორია, ან თუ ამ მონაცემების გამოყენების მიზანი აღარ არსებობს. ინტერნეტ მომსახურების გამწევი კი ვალდებულია დაუყოვნებლივ ან გონივრულ ვადაში შეასრულოს აღნიშნული მოთხოვნა, თუ ადგილი არ აქვს ინტერნეტ მომხმარებლის უფლების შეზღუდვის საფუძველს. მაგალითად, ინტერნეტ შესყიდვებისათვის განკუთვნილ ვებგვერდზე მომხმარებლის მიერ საკუთარი ანკეტის გაუქმების შემთხვევაში, გვერდის ადმინისტრატორს უფლება აღარ აქვს დაამუშავოს მონაცემები მომხმარებლის მიერ განხორციელებული შესყიდვებისა და ტრანზაქციების შესახებ.
თუ ინტერნეტ მომხმარებელი ჩათვლის, რომ ინტერნეტ მომსახურების გამწევი ამუშავებს მცდარ, არაზუსტ, მოძველებულ ინფორმაციას, მას აქვს უფლება მოითხოვოს ამ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, წაშლა ან განადგურება. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია, მონაცემთა სუბიექტის განცხადების საფუძველზე, 15 დღის ვადაში, მიიღოს შესაბამისი ზომები და აცნობოს მას მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. მაგალითად, თუ მომხმარებელი შეიცვლის საცხოვრებელ ადგილს, მას შეუძლია მოსთხოვოს მონაცემთა დამმუშავებელს ძველი მისამართის ახლით ჩანაცვლება.
ინტერნეტ მომსახურების გამწევის მხრიდან მონაცემთა არამართლზომიერ გამოყენების შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მომხმარებლების მიერ, საკუთარი უფლებების დაცვის ეფექტური საშუალებების არსებობას. იმ შემთხვევაში, თუ ინტერნეტ მომსახურების გამწევი დაარღვევს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასა და დაცვასთან დაკავშირებულ უფლებებს, მომხმარებლებს უფლება აქვთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მიმართონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ან სასამართლოს. თუ კი სახეზეა კიბერდანაშაული, კერძოდ მოხდა თქვენ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება, კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა, სასწრაფოდ მიმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს.
წყარო: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი